mTavari
wmida werili
wmindanTa
cxovreba
saeklesio
kalendari
samRvdeloeba
marxvebi
locvani
galoba
xatebi
eparqiis
istoria
eparqiis
gamomcemloba
qronika
sasuliero
saswavleblebi
saqarTvelos eklesiis foto matiane
eklesia
monastrebi
eparqiis foto matiane
xalxuri
simRerebi
bmulebi
werilebi
saq. eklesia
monastrebi
wminda sinodi
sxvadasxva
fotoalbomi
|

შემდეგ კვირას „მეზვერისა და ფარისევლის“ კვირიაკე ეწოდება. წინა საღამოს, შაბათს მწუხრის ლოცვაზე პირველად გადაიშლება დიდი მარხვის საღვთისმსახურო წიგნი - მარხვანი, და ჩვეულებრივ საკვირაო სტიქარონებსა და კანონებს მეზვერისა და ფარისევლის კვირის სტიქარონები და კანონები ემატება. ისინი, უმთავრესად, ეძღვნება სიმდაბლეს (ე.ი. თავმდაბლობას), რომელიც აუცილებელია ჭეშმარიტი სინანულისთვის.
სახარების იგავში (ლკ. 18,10-14) ნაჩვენებია საკუთარი თავით მუდამ კმაყოფილი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მთელს „საღმრთო სჯულს“, რელიგიის ყველა მოთხოვნას ასრულებს. იგი საკუთარ თავში სავსებით დარწმუნებულია და ამაყობს კიდევ. მაგრამ სინამდვილეში მას არ ესმის რელიგიის მოთხოვნათა აზრი და ამახინჯებს მას. იგი მასში მხოლოდ გარეგან წეს-ჩვეულებათა აღსრულებას ხედავს და თავის ღვთისმოსაობას იმ ფულით ზომავს, რომელსაც ტაძარს სწირავს. მეზვერე კი, პირიქით, საკუთარ თავს იმდაბლებს და ეს სიმდაბლე ამართლებს კიდეც მას ღვთის წინაშე. თუკი არსებობს რომელიმე ზნეობრივი თვისება, რომელსაც დღეს ყურადღებას აღარ აქცევენ და უარყოფენ კიდეც, ასეთი თვისება სწორედ სიმდაბლეა. ჩვენს გარშემო არსებული კულტურა და ცივილიზაცია ჩვენში განუწყვეტლივ აღძრავს სიამაყეს, თვითგანდიდებისა და თვითგამართლების გრძნობას. ეს კულტურა იმ შეგნებაზეა აგებული, რომ ადამიანს ყველაფრის მიღწევა მხოლოდ საკუთარი ძალებით შეუძლია. თვით ღმერთს იგი ისე წარმოაჩენს, თითქოს ღმერთი მხოლოდ აჯილდოებდეს, უნაზღაურებდეს ადამიანს ამ უკანასკნელის მიერ ჩადენილ კეთილ საქმეებსა და მიღწევებს. სიმდაბლე, როგორც პირადი ან საზოგადო, ეთნიკური ან ეროვნული თვისება მიჩნეულია სისუსტის ნიშნად, ჭეშმარიტი ადამიანისთვის შეუფერებლად. მაგრამ განა ჩვენთანაც იგივე ფარისევლური სულისკვეთება არაა გაბატონებული? განა ჩვენ არ გვსურს, რომ ყოველი შესაწირავი, ყოველი „კეთილი საქმე“, ყველაფერი, რასაც ჩვენ „ეკლესიისთვის“ ვაკეთებთ, მიღებულ და შეფასებულ იქნეს, საყოველთაოდ ცნობილი გახდეს?
მაგრამ რა არის სიმდაბლე? ამ შეკითხვაზე პასუხი შეიძლება პარადოქსად მოგვეჩვენოს, რადგანაც იგი უცნაურ მტკიცებაზეა დამყარებული: უფალი თვითონაც მდაბალია! ყველასთვის, ვინც იცნობს ღმერთს, ვინც უჭვრეტს მას მისი ქმენილებისა და მაცხოვნებელი მოქმედების მეშვეობით, ცხადია, რომ სიმდაბლე მართლაც საღმრთო თვისებაა, ის თვით არსი და ბრწყინვალებაა იმ დიდებისა, რომლითაც, როგორც ჩვენ საღმრთო ლიტურგიისას გვალობთ, „სავსე არიან ხანი და ქუეყანა“. ჩვენს ადამიანურ გაგებაში ჩვენ მიდრეკლნი ვართ, ერთმანეთს დავუპირისპიროთ „დიდება“ და „სიმდაბლე“, ამ უკანასკნელში რაღაც ნაკლი ან სისუსტე დავინახოთ. ადამიანური გაგების თანახმად, სიმდაბლის გრძნობა მხოლოდ ჩვენმა უმეცრებამ, ცოდნის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს. საზოგადოებრივ საჯაროობაზე, თვითდარწმუნებულობაზე, უსასრულო ამპარტავნებაზე აღზრდილ თანამედროვე ადამიანს თითქმის ვერც განუმარტავ და გააგებინებ, რომ ყოველივე, რაც კი ნამდვილად სრულყოფილია, ნაღდია, კეთილი და მშვენიერია, ამავე დროს ბუნებრივად მდაბალიცაა, რადგან სწორედ თავისი სრულყოფილების წყალობით იგი არ საჭიროებს საჯაროობას, გარეგნულ დიდებას, რამენაირ პროპაგანდას. ღმერთი მდაბალია, რადგან იგი სრულყოფილია. სწორედ მისი სიმდაბლეა მისი დიდება და ყოველივე ჭეშმარიტად მშვენიერისა და სრულყოფილის წყარო, წყარო სიკეთისა და სრულყოფილებისა. და ყველა, ვინც კი მიუახლოვდება ღმერთს და შეიცნობს მას, აუცილებლად ეზიარება საღმრთო სიმდაბლესა და მის მშვენიერებას. სწორედ თავისი სიმდაბლის წყალობით გახდა ქალწული მარიამი, დედა ღმრთისა, მთელი ქვეყნიერების სიხარული, მშვენიერების უდიდესი გამოცხადება დედამიწაზე. იგივე შეიძლება ითქვას ყველა წმინდანსა და ყველა ადამიანზე იმ იშვიათ წუთებში, როცა იგი ეხება ღმერთს.
როგორ უნდა გავხდეთ მდაბალნი? ქრისტიანისათვის პასუხი მარტივია: ჭვრეტა ქრისტესი, განხორციელებული საღმრთო სიმდაბლისა, რომლის მიერ ღმერთმა ერთხელ და სამუდამოდ გვიჩვენა თავისი დიდება სიმდაბლეში და თავისი სიმდაბლე - დიდებაში. ქრისტემ თქვა თავისი უდიდესი სიმდაბლის ღამეს: „აწ იდიდა ძე კაცისაჲ, და ღმერთიცა იდიდა მის თანა“ (ინ. 13,31). სიმდაბლეს ქრისტეს ჭვრეტით სწავლობ, რომელმაც თქვა: „აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“ (მთ. 11,29). საბოლოოდ, სიმდაბლეს მაშინაც სწავლობ, როცა ყოველ შენს სიტყვასა და საქციელს, მთელს შენს ცხოვრებას ქრისტეს საზომით ზომავ; რადგანაც ქრისტეს გარეშე შეუძლებელია ჭეშმარიტი სიმბდალე; რადგანაც ფარისევლებთან თვით სარწმუნოებაც ამპარტავნებად ქცეულა. თავის ფარისევლურ პატივმოყვარეობაში ისინი თავიანთი ადამიანური, გარეგნული მიღწევებით ამაყობენ.
მარხვისათვის მომზადება იწყება ვედრებით, ლოცვით, რომელშიც სიმბდალის მონიჭებას ვითხოვთ, რადგანაც სიმდაბლე დასაბამია ნამდვილი სინანულისა. სიმდაბლე უპირველესად და უმეტესად ყოვლისა არის საგანთა ნამდვილი წესრიგის, მართებული ცნებების აღდგენა, მასთან დაბრუნება. ამ წესრიგისა და მართებულობის ფესვები სიმდაბლით საზრდოობს და სიმდაბლე, მშვენიერი საღმრთო სიმდაბლე - მისი ნაყოფი და შესრულებაა. „ვევლტოდეთ ფარისეველისა სიმაღლესა და ვისწაოთ მეზუერისა იგი სიმდაბლე“ („გავექცეთ ფარისეველის მრავალსიტყვაობას“) - ნათქვამია ამ დღის კონდაკში. ჩვენ სინანულის კარს ვადგებით და საკვირაო ღამისთევის ყველაზე საზეიმო წუთს, მას შემდეგ, რაც გვაუწყებენ ქრისტეს აღდგომასა და გამოცხადებას („აღდგომაჲ ქრისტესი ვიხილეთ...“), პირველად იგალობება ტროპარები, რომლებიც დიდი მარხვის მთელს მანძილზე გაგვყვებიან:
მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი სულსა ჩემსა, ცხოვრების მომცემელო, ცისკარსა ამას მდგომარესა ტაძარსა შინა, რამეთუ ტაძარი ხორცთა ჩემთა ყოვლისა ცოდვისა ქვაბ ქმნილ არს, არამედ, ვითარცა მოწყალემან, განმწმიდე მრავლითა წყალობითა შენითა და შემიწყალე მე.
ცხოვრებისა გზასა შეცთომილმან, ღმრთის-მშობელო, ცოდვითა, და უსჯულოებითა, და გულის წყრომითა დავაბნელე ყოველივე სულისა ჩემისა სიკეთეჲ, და აწ გევედრები: შემწე მეყავ და მიხსენ ყოველთა სიბოროტეთაგან.
მრავალთა ცოდვათა ჩემ მიერ ქმნილთა, გულის-ხმა-ვჰყოფ საწყალობელი, და შევსძრწუნდები საშინელისა მის დღისა სამსჯავროსაგან, არამედ სასოებით მინდობილი წყალობისა შენისა, ვითარცა დავით გიღაღადებ: შემიწყალე მე, ღმერთო ჩემო, დიდითა წყალობითა შენითა.
|
სინანულის კარი გაუღე ჩემს სულს, სიცოცხლის მომცემელო (ღმერთო), რომელიც ცისკრიდანვე მოისწრაფის შენს ტაძარში, რადგანაც ჩემი სხეულის ტაძარი ყოველგვარი ცოდვის გამოქვაბულად ქცეულა, შენ კი, მწყალობელმა, განმწმიდე მათგან, შენი დიდი წყალობით, და შემიწყალე მე.
ცხოვნების გზას ავცდი, ღმრთისმშობელო, რადგან ცოდვითა და ურჯულოებით შევბღალე სულის მშვენიერება, ახლა კი გევედრები, შემეწიე და დამიცავი ყოველგვარი ბოროტებისაგან.
ჩემს მიერ ქმნილ მრავალ ცოდვას ვგრძნობ და განვიცდი მე, საბრალო, და ვძრწი საშინელი სამსჯავროს შიშით, მაგრამ შენი წყალობის მოიმედე, დავით წინასწარმეტყველის მსგავსად გიღაღადებ: „შემიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა“ (ფს. 50).
|
|
|