qarTuli Srifti

ozurgeTis RvTismSoblis miZinebis saxelobis sakaTedro taZari

       

Semoqmedis macxovris saxelobis sakaTedro taZari

       
 

 

mTavari

wmida werili

wmindanTa
cxovreba

saeklesio
kalendari

samRvdeloeba

marxvebi

locvani

galoba

xatebi

eparqiis
istoria

eparqiis
gamomcemloba

qronika

sasuliero
saswavleblebi

saqarTvelos eklesiis foto matiane

eklesia
monastrebi

eparqiis foto matiane

xalxuri
simRerebi

bmulebi

werilebi

saq. eklesia
monastrebi

wminda sinodi

sxvadasxva

fotoalbomi

 

„მარხვანი“

დიდ მარხვას განსაკუთრებული საღვთისმსახურო წიგნი აქვს, რომელსაც „მარხვანი“ ეწოდება. ამ წიგნში შედის ყველა საგალობელი (სტიქარონები და კანონები), მარხვის ყოველდღიური ბიბლიური საკითხავები, მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან მოყოლებული ვიდრე დიდი შაბათის მწუხრამდე. „მარხვანის“ საგალობლები მეტწილად იმის შემდეგაა შექმნილი, რაც კათაკმეველთა (მოზრდილ ასაკში მოსანათლავთა, რომლებიც მომზადებას საჭიროებდნენ) ინსტიტუტი ფაქტობრივად უკვე გამქრალი იყო. ამიტომ ამ საგალობლებში მთავარი თემა ნათლისღება კი აღარაა, არამედ სინანული. სამწუხაროდ, ჩვენს დროში ცოტა ვინმე თუ იცნობს დიდი მარხვის ღვთისმსახურებათა მშვენიერებასა და სიღრმეს. „მარხვანის“ არცოდნა უმთავრესი მიზეზია იმისა, რომ ქრისტიანულ ცნობიერებაში თანდათანობით შეიცვალა მარხვის საზრისისა და მნიშვნელობის გაგება, რამაც ნელ-ნელა აქცია მარხვა წმინდა ფორმალური მოთხოვნებისა და კვებითი შეზღუდვების დაცვად. დიდი მარხვის ჭეშმარიტი შთაგონება და მოწოდება ჩვენს დროში თითქმის დაკარგულია და მათი ხელახლა აღმოჩენის ერთადერთი საშუალებაა „მარხვანში“ შემავალი ყველა საგალობლის გულისყურიანი მოსმენა.

მაგალითად, ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რა ხშირად გვესმის სტიქარონებში სწორედ „ფორმალური“, ესე იგი, ფარისევლური მარხვის წინააღმდეგ გაფრთხილება. უკვე ხორციელი კვირის ოთხშაბათს ჩვენ გვესმის შემდეგი გალობა:

ჭამადთა მარხვითა, სულო, ამაოდ და ცუდად იხარებ, ვინაჲთგან ვნებათა ბიწსა ერევი, რამეთუ, უკეთუ არა მიზეზ გექმნეს შენ ვნებათა დაჴსნისა მარხვა, საძაგელ ხარ წინაშე უფლისა, და ბოროტთა ეშმაკთა მსგავს, რამელნი ყოვლადვე არაოდეს მიიღებენ საზრდელსა. ნუ უკუე სცოდავ, რაჲთა არა უჴმარ ყო მარხვაჲ უბიწოჲ, და ბოროტთა გულისთქუმათა მიერ ნუმცა შეიძრვი, არამედ ესრეთ გამოსახე, ვითარმედ წინაშე სდგა შენთჳს ჯუარ-ცუმულისა ღმრთისა, და მის თანა ჯუარს-ეცუმი.
საჭმელით მარხვა (თავშეკავება) ამაოდ გახარებს, ჩემო სულო, რადგანაც ვნებათაგან არ განწმენდილხარ. თუ მარხვა ვნებათა მოსპობისათვის არ გამოიყენე, ღმრთისათვის საძაგელი და ბოროტ ეშმაკთა მსგავსი შეიქნები, რადგანაც ისინი არასოდეს მიიღებენ საჭმელს. მაშ, ნუღარ სცოდავ, რათა უბიწო მარხვა უხმარად (უსარგებლოდ) არ გამოაჩინო; ბოროტი სურვილებით ნუ აღიძვრი, არამედ წარმოიდგინე, რომ დგახარ შენთვის ჯვარცმული ღმრთის წინაშე, და მასთან ერთად ჯვარს-ეცმი.

ან კიდევ მარხვის მეოთხე კვირის ოთხშაბათის სტიქარონი:

მუშაკნი სათნოებათანი, რომელნი ნიჭთა მოელიან, არა განაქიქებენ მათ უბანთა ზედა, არამედ უფროჲსღა გულთაგანცა დაჰფარავენ, და მხედველი დაფარულთა, ცხადად მისცემს სასყიდელსა მათსა. ვიმარხვიდეთ, ჵ ძმანო, მხიარულითა პირითა, და ნუ მჭმუნვარე ვიქმნებით, და ვილოცვიდეთ საუნჯეთა შინა სულისა ჩუენისათა, და ვჴმობდეთ დაუცხრომელად, ცრემლითა მჴურვალითა: მამაო ჩუენო ზეცათაო, ნუ შემიყვანებ წყალობით განსაცდელსა, გევედრებით, არამედ განგუარინენ და გჳჴსნენ ბოროტისაგან, ვითარცა მოწყალე ხარ, რაჲთა თაყუანის-გცემდეთ ძით და სულით წმიდითურთ.
ვინც სათნოების მოპოვებისათვის იღვწის და საღმრთო მადლის მოელის, ამ სათნოებას საჯაროდ არ აცხადებენ, არამედ, თავისი გულისაგანაც დაჰფარავენ, ხოლო დაფარულთა მხილველი (ღმერთი) მათ ამისათვის ცხადად აძლევს ჯილდოს. ძმანო, ვიმარხულოთ სიხარულით, და ნუ მოვიწყენთ; ვილოცოთ ჩვენი სულის საუნჯეში, და მხურვალე ცრემლით განუწყვეტლივ ვღაღადებდეთ: ჩვენო ზეციურო მამაო (ღმერთო), ნუ მოგვივლენ განსაცდელს, არამედ გადაგვარჩინე ყოველგვარი ბოროტებისაგან, მოწყალეო, რათა თაყვანის-გცემდეთ ძითა და სულიწმიდითურთ.

მთელი დიდი მარხვის განმავლობაში სტიქარონებში მუდამ ხაზგასმულია მეზვერის სიმდაბლესა და ფარისევლის თვითკმაყოფილებას შორის არსებული დაპირისპირება, აქ მკაცრადაა გაკიცხული ფარისევლობა. მაშ რა არის ჭეშმარიტი მარხვა? საღვთისმსახურო წიგნი გვპასუხობს: უპირველეს ყოვლისა, ეს შინაგანი განწმენდაა:

...ვიმარხვიდეთ, მორწმუნენო, ხრწნადისა საზრდელისაგან და ვნებათაგან ყოვლადწარმწყმედელთა, რაჲთა საღმრთოჲსა ჯუარისა მიერ ცხორებაჲ მოვიღოთ, და კეთილგონიერისა ავაზაკისა თანა მივიწივნეთ სამკჳდრებელსა მამულსა...
...ხრწნადი საჭმელისაგანაც ვიმარხულოთ, მორწმუნენო, და დამღუპველ ვნებათაგანაც, რათა საღმრთო ჯვრისაგან ცხოვრება მივიღოთ და კეთილგონიერ ავაზაკთან ერთად მშობლიურ სამკვიდრებელს მივაღწიოთ...

გარდა ამისა, ეს სიყვარულთან დაბრუნებაცაა და ამაოდ დახარჯული ცხოვრების, სიძულვილის, უსამართლობის, შურის წინააღმდეგ ბრძოლაც:

ვიმარხვიდეთ რაი ჴორციელად, სულიერიცა მარხვა ვიმარხოთ, ძმანო, სრულ-მყოფელი მისი; განვჴეთქოთ ჩუენ გულარძნილებაჲ მძლავრობით ვაჭრობისა, და ჴელითწერილნი იგი სიცრუვისანი. ვსცეთ მშიერთა პური ჩუენი გულითა მხიარულითა, და გლახაკნი უსართულონი შევიყვანნეთ სართულსა ჩუენსა, რაჲთა მოვიღოთ ჩუენ ქრისტეს ღმრთისაგან აურაცხელი დიდი წყალობაჲ, და გუესმას საწადელი იგი ჴმაჲ: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ სასუფეველი.

მოვედით, მორწმუნენო, და საქმეთა ნათლისათა ვიქმოდეთ წადიერად ნათელსა შინა, და ვითარცა რაჲ დღესა შინა, ვიდოდეთ შუენიერად და უბიწოდ, და ყოველივე უმშჯავროჲ წერილი მოყუსისაგან აღვიღოთ, და ნუცა დაუგებთ საცთურსა მას, გინა შესაბრკოლებელსა. მოვიძაგნეთ საშუებელნი და განსუენებანი ჴორცთანი, ხოლო მადლნი სულიერნი სიმჴნით აღვაორძინნეთ; ვსცეთ მშიერთა პური ჩუენი, და შეუვრდეთ სინანულით ქრისტესა ყოვლადძლიერსა, და სულთქუმით უღაღადებდეთ: ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ.

ხორციელ მარხვასთან ერთად სულიერადაც ვიმარხულოთ, ძმანო, რადგან იგი მისი სრულმყოფელია. მოვსპოთ სიმრუდე, უსამართლობა, და სიცრუის ხელწერილი. მხიარული გულით მივცეთ მშივრებს პური, და უსახლკარო გლახაკნი ჩვენ ჭერქვეშ შევიყვანოთ, რათა ქრისტე ღმერთისაგან მივიღოთ აურაცხელი დიდი წყალობა, და მისგან გვესმას საწადელი ხმა: მოდით, მამა-ღმერთისაგან კურთხეულნო, და დაიმკვიდრეთ თქვენთვის განმზადებული სასუფეველი.

მოდით, მორწმუნენო, და ნათლის საქმენი გულმოდგინედ ვქმნათ სინათლეში. ვიცხოვროთ უბიწოდ და ჯეროვნად. ვერიდოთ უსამართლო ბრალდებებს მოყვასთა მიმართ. ნუ დავუგებთ მათ მახესა და დაბრკოლებებს. მოვიშოროთ სხეულის ფუფუნება და ვნებებით დატკბობა, სულიერი მადლი კი გავამრავლოთ; მივცეთ პური მშიერთ; სინანულით დავემხოთ ყოვლადძლიერი მეუფის ქრისტეს წინაშე და სინანულით უღაღადოთ; ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალე ჩვენ.

ამ სტიქარონების მოსმენისას ჩვენ ძალზე ვშორდებით მარხვის ფარისევლურ გაგებას, რომელიც ჩვენს დროში ჭარბობს და მარხვის მიმართ მკაცრად უარყოფით განწყობილებას განაპირობებს, თითქოსდა ეს გარკვეული „უხერხულობა“, „დისკომფორტი“ იყოს, რომელზედაც ჩვენ ნებაყოფლობით, „ტანჯვით“ ვთანხმდებით და რომელიც ავტომატურად „ჩაგვეთვლება“ ღვთის წინაშე დამსახურებად და „გამართლებამდე“ მიგვიყვანს. რამდენი ადამიანი ეთანხმება იმ აზრს, რომ მარხვა ის დროა, როცა აკრძალულია რაღაც თავისთავად სასიამოვნო, თითქოსდა ღმერთს ჩვენი ტანჯვა სიამოვნებდეს. მაგრამ მშვენიერი სტიქარონების შემოქმედთათვის მარხვა სრულიად საწინააღმდეგოს ნიშნავდა. ეს იყო დაბრუნება „ნორმალურ“ ცხოვრებასთან, ანუ იმ მარხვასთან, რომელიც ადამმა და ევამ დაარღვიეს, რის გამოც ქვეყნად ტანჯვა და სიკვდილი შემოვიდა. ამიტომაც მივესალმებით დიდ მარხვას როგორც სულიერ გაზაფხულს, როგორც სიხარულისა და სინათლის დროს:

აღმობრწყინდა სუნნელი არე მარხვისა წმიდისა, და ყუავილი სინანულისაჲ...

ქადაგებაჲ ესე უბიწოჲსა მარხვისაჲ სიხარულით შევიწყნაროთ, მორწმუნენო, რამეთუ, უკუეთუმცა ესე დაემარხა ადამს, ედემითმცა არა განსხმულ ვიყვენით საწყალობელად...

ჟამი ესე მარხვისაჲ ჟამი არს სიხარულისა, ამისთჳსცა სიხარულისა ბრწყინვალებითა და სიწმიდისა ნათლითა და ლოცვისა ელვარებითა, და ყოველთავე სათნოებათა მოგებითა განმდიდრებულთა ჴმითა მაღლითა უღაღადოთ...

გამობრწყინდა სურნელოვანი გაზაფხული წმიდა მარხვისა, და ყვავილი სინანულისა...

წმიდა მარხვის შეგონება სიხარულით მივიღოთ, მორწმუნენო, რადგანაც, რომ დაეცვა იგი ადამს, ედემიდან ასე გულსაკლავად აღარ განვიდევნებოდით...

მარხვის ჟამი სიხარულის ჟამია; ამიტომაც სიხარულის ბრწყინვალებით, სიწმიდის ნათელით, ლოცვის ცისკროვნებითა და ყოველგვარი სათნოების შეძენით განმდიდრებულებმა ხმამაღლა უღაღადოთ უფალს...

მხოლოდ იმათ, ვინც უფლის მიერ ხარობენ, ვისთვისაც ქრისტე და მისი სასუფეველი უმაღლესი სურვილი და ცხოვრებისეული სიხარულია, შესწევთ ძალა, სიხარულით უპასუხონ ბოროტებისა და ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლის გამოწვევას და მონაწილეობა მიიღონ მის საბოლოო დამარცხებაში. სწორედ ამიტომ ხდება, რომ სიწმიდის სხვადასხვა სახიდან ჩვენ სწორედ მოწამეთა ღვაწლს მივმართავთ დიდი მარხვის ყოველი ღვთისმსახურებისას; მხოლოდ ისინი იდიდებიან მათდამი მიძღვნილი განსაკუთრებული სტიქარონებით, რადგან სწორედ მოწამეებმა არჩიეს ქრისტე ყოველივე ამქვეყნიურს, თვით სიცოცხლესაც კი. ისინი იმდენად იხარებდნენ ქრისტეს მიერ, რომ სიკვდილის წინ ეგნატე ანტიოქიელთან ერთად მეეძლოთ თქმა: „ახლა ვიწყებთ სიცოცხლეს...“. ისინი ღმრთის სასუფევლის მოწამეები არიან, რადგანაც მხოლოდ იმას შესწევს ამგვარი თავგანწირვის ძალა, ვინც იხილა ეს სასუფეველი და იგემა მისი სიტკბო. დიდი მარხვის გზაზე მოწამეები ჩვენი თანამგზავრები და ჩვენი შთამაგონებლები არიან; დიდი მარხვაც ჩვენთვის სულის საღმრთო, ზეციური და მარადიული საწყისების აღდგენისათვის ბრძოლის ჟამია.

ორმოცი დღის განმავლობამი უფლის ჯვარი, მისი აღდგომა და პასექის ბრწყინვალე ნათელი დიდი მარხვის საგალობელთა მთავარი თემაა. იგი განუწყვეტლივ გვახსენებს, რომ, რაც უნდა ვიწრო და ძნელი იყოს გზა, მის ბოლოს ქრისტეს ტრაპეზი და მისი სასუფეველია. როგორც უკვე ვთქვი, საპასექო სიხარულის მოლოდინი და მისი წინასნარი შეგრძნება გასდევს მარხვის მთელს გზას და ჭეშმარიტ საზრისს ანიჭებს სამარხვო მოსაგრეობას.

„მარხვანი“ უცნობი, დავიწყებული წიგნია! ნეტა ვიცოდეთ, რომ მასში შეგვიძლია ვპოვოთ ხელახალი დაბადება; კვლავ აღმოვაჩინოთ არა მარტო დიდი მარხვის, არამედ მთელი მართლმადიდებლობის სულისკვეთება, ცხოვრების, სიკვდილისა და მარადისობის „საპასექო“ სახე.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

E-mail:

iosshemoqmedeli@gmail.com

iosshemoqmedeli@posta.ge

E-mail: kcercvadze@gpih.ge

Tel: Fax:(+995) 8296 7-60-88

Mobile: (+995) 99 15-77-67

ეპარქიის ბანკის ანgარიში:

PROCREDIT BANK

BANbankis kodi: 220101922

ანgარიში: 360801014600076

VTB BANK OF GEORGIA

bankis kodi: 220101643

ანgარიში: 700347


saits emsaxureba mona RvTisa irakli vaCnaZe, monazoni sofio daviTaSvili

 

ინფორმაციისთვის მიმართეთ ეპარქიის მდივანს (ხათუნა) ნანა ცერცვაძეს.

Mob:895-55-65-44

Mob:895-95-56-15

Mob:irakli:855-18-57-14

ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები

 

.
 




Georgian orthodox church calendar.