|
ozurgeTis RvTismSoblis miZinebis saxelobis sakaTedro taZari
|
Semoqmedis macxovris saxelobis sakaTedro taZari |
|||||
|---|---|---|---|---|---|---|
|
ზიარების ორი მნიშვნელობადიდი მარხვის განმავლობაში მოქმედ ყველა საღმრთისმსახურო წესს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია - გავიგოთ ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელი აღმსარებლობისათვის არის დამახასიათებელი და შეიძლება გამოდგეს მთელი საღმრთისმსახურო გადმოცემის გასაგებ საშუალებად. ეს წესია საღმრთო ლიტურგიის აღსრულების აკრძალვა დიდი მარხვის სადაგ დღეებში. ტიპიკონში ცხადადაა ნათქვამი, რომ არ შეიძლება საღმრთო ლიტურგიის აღსრულება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ დღეთაგან ერთ-ერთს ხარების დღესასწაული დაემთხვევა. ამის მაგიერ ოთხშაბათობით და პარასკევობით აღესრულება მწუხრთან შეერთებული განსაკუთრებული ღმრთისმსახურება, პირველშეწირულის ლიტურგიად წოდებული, რომლის დროსაც შესაძლებელია ზიარება. ამგვარი წესის მნიშვნელობა იმდენად იყო დავიწყებული სხვადასხვა ეკლესიებში, განსაკუთრებით იქ, სადაც დიდი ხნის განმავლობაში იგრძნობოდა დასავლური, ლათინური გავლენა, რომ მისი შესრულება უბრალოდ შეწყდა და ლათინური ტრადიციის მიხედვით დაიწყო გარდაცვლილთა მოსახსენებელი კერძო, „შეკვეთილი“ ლიტურგიების აღსრულება მთელი დიდი მარხვის განმავლობაში. მაგრამ იქაც, სადაც ხსენებულ წესს წმინდა ფორმალური მორჩილებით იცავენ, იშვიათად თუ ვინმე შეეცდება მისი სულიერი მნიშვნელობის გაგებას, დიდი მარხვის შინაგანი „ლოგიკიდან“ გამომდინარე მის შეგნებას. ამიტომაც მიმაჩნია, რომ საჭიროა, ავხსნათ ამ ლიტურგიული წესის არსი და მნიშვნელობა, წესისა, რომელიც მხოლოდ დიდი მარხვის განმავლობაში სრულდება, მაგრამ მართლმადიდებლობის მთელი საღმრთისმსახურო გადმოცემას ნათელ-ჰყოფს ჩვენს წინაშე. ზოგადად, ამ წესის შემთხვევაშიც გამოხატულია და გამოყენებულია ღმრთისმსახურების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი: ევქარისტიის აღსრულება შეუთავსებელია მარხვასთან. ამ მომენტში მართლმადიდებლური ტრადიცია ძირეულად განსხვავდება დასავლელ კათოლიკეთა ლიტურგიკული თეოლოგიისაგან. მართლმადიდებლობაში ლიტურგიის აღსრულება ყოველთვის დღესასწაული და სიხარულის ზეიმია. ეს, უპირველეს ყოვლისა, ქრისტეს გამოცხადების საიდუმლოებაა, მოწაფეთა შორის მისი ყოფნის ზეიმი და, აქედან გამომდინარე, მისი მკვდრეთით აღდგომის რეალური აღნიშვნაა. მართლაც, ევქარისტიის დროს ქრისტეს გამოცხადება და იქ ყოფნა ეკლესიისათვის მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის მტკიცებულებაა. ემაუსის გზაზე მიმავალ მოწაფეთა მიერ განცდილ სიხარულსა და „გულის განხურვებაში“ ქრისტემ საკუთარი თავი გამოუცხადა მათ „პურის განტეხის“ საშუალებით (ლ. 24,13-35). ეკლესიაში ეს მკვდრეთით აღდგომის „ცდისეული“ და „არსებითი“ შემეცნების მარადიული წყაროა. თვით მაცხოვრის აღდგომა თვალით არავის უნახავს, მაგრამ მოწაფეებმა ირწმუნეს ის; არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ასწავლა ეს რწმენა, არამედ იმიტომ, რომ თვით ნახეს მკვდრეთით აღმდგარი უფალი, როცა დახშულ კარში შევიდა და მათ გამოეცხადა. უფალი მოვიდა მოწაფეებთან და მონაწილეობდა მათ ტრაპეზობაში. ევქარისტია დღესაც ასეთივე გამოცხადება და სიახლოვეა, იგივე სიხარული და „გულის მხურვალებაა“, იგივე გონებას აღმატებული და, ამავე დროს, აბსოლუტური რწმენაა იმისა, რომ მკვდრეთით აღმდგარმა მაცხოვარმა თავისი თავი „პურის განტეხის“ მეშვეობით გამოგვიცხადა. და იმდენად დიდია ეს სიხარული, რომ ადრექრისტიანულ ეკლესიაში ევქარისტიის დღე უბრალოდ ერთ-ერთი დღე კი არ იყო, არამედ დრო-ჟამის დინებაზე მაღლა მყოფი უფლის დღე, რადგანაც ევქარისტიაში უკვე წინასწარ ცხადდება ღმრთის სასუფეველი. საიდუმლო სერობისას ქრისტემ თვითონ უთხრა თავის მოწაფეებს, რომ მათ უანდერძა სასუფეველი, რათა შეძლონ მისი სასუფევლის დადგომისას მასთან ერთად ტრაპეზზე ჭამა და სმა: „რაჲთა სჭამდეთ და ჰსუმიდეთ ტაბლასა ზედა ჩემსა“ (ლ. 22,30). ამიტომაც მკვდრეთით აღმდგარი, ზეცად ამაღლებული და მამის მარჯვენით მჯდომი მაცხოვრის ევქარისტიაში ყოფნა არის მის სასუფეველში მონაწილეობა, რომელიც ჩვენ სულიწმიდის მიერ სიხარულსა და მშვიდობას გვაზიარებს. ზიარება „უკვდავების საზრდოა“, „ზეციური პურია“, ჩვენ კი, როცა წმინდა ტრაპეზს ვუახლოვდებით, ნამდვილად ზეცად ვმაღლდებით. ამგვარად, ევქარისტია მთელი ეკლესიის დღესასწაულია, ან, უფრო ზუსტად, თვითონაა მთელი ეკლესია, როგორც ზეიმი, როგორც ქრისტეს სიახლოვის სიხარული, როგორც წინასწარი შეგრძნება საღვთო სასუფეველში მარადიული ნეტარებისა. ყოველთვის, როცა ეკლესია აღასრულებს ევქარისტიას, ის ზეცად - თავის ჭეშმარიტ სამშობლოში ბრუნდება. იგი ადის იქ, სადაც ამაღლდა ქრისტე, რათა ჩვენ ვსვათ და ვჭამოთ მის ტაბლასთან მის სასუფეველში. ახლა გასაგებია, რატომაა შეუთავსებელი ევქარისტია და მარხვა, რადგანაც, როგორც ქვემოთ ვნახავთ, როდესაც ვმარხულობთ, ეკლესია ზეციური სასუფევლის გზაზე მოსიარულე მგზავრებად წარმოგვადგენს. ქრისტემ კი ასეთ კითხვით მიმართა მოწაფეებს: „ჴელ-ეწიფებისა ძეთა სიძისათა გლოვად, ვიდრემდე მათ თანა არს სიძე?“ (მ. 9,15). მაგრამ, თუ ასეა, რატომ ეზიარებიან ხოლმე დიდი მარხვის დროსაც პირველშეწირულის ლიტურგიაზე? განა ეს არ ეწინააღმდეგება ზემოთ ახსნილ პრინციპს? - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია განვმარტოთ ზიარების მართლმადიდებლური გაგების მეორე მნიშვნელობა: ზიარება არის წყარო და მთავარი ძალა, რომელიც სულიერი მოსაგრეობის ჟამს გვანუგეშებს და გვამტკიცებს. თუ, მსგავსად იმისა, რაც უკვე ვთქვით, ზიარება მთელი ჩვენი მოსაგრეობის აღსრულება და გვირგვინია, მიზანია, რომლისკენაც მივისწრაფით, თუ ზიარება ჩვენი ქრისტესმიერი ცხოვრების უდიდესი სიხარულია, იგი, ამავე დროს, თვით ჩვენი სულიერი მოსაგრეობის აუცილებელი წყარო და საწყისიცაა, საღმრთო ნიჭია, რომლის წყალობით ჩვენთვის შესაძლებელი ხდება დაუღამებელი დღის, ღმრთის სასუფევლის სრულყოფილი ზიარების ცოდნა, სურვილი და მისკენ სწრაფვა. რადგანაც, თუმცა ღმრთის სასუფეველი უკვე დადგა, თუმცა იგი კვლავაც განაგრძობს დადგომას ეკლესიაში, ეს სასუფეველი მაინც უნდა აღსრულდეს ბოლო ჟამს, როცა ღმერთი ყოველივეს აღავსებს საკუთარი თავით. ჩვენ ვიცით ეს და ამ დღის წინასწარ მოლოდინში ვმონაწილეობთ: ჩვენ ახლა ვმონაწილეობთ იმ სასუფეველში, რომელიც ჯერ კიდევ მოსასვლელია. ჩვენ წინასწარ ვხედავთ და ვგრძნობთ სასუფევლის დიდებასა და ნეტარებას, მაგრამ ჯერ კიდევ ამქვეყნად ვიმყოფებით და ამიტომაცაა, რომ მთელი ჩვენი მიწიერი არსებობა ხანგრძლივი და ხშირად ძნელი გზაა ყოველივეს აღმასრულებელი უფლის დაუღამებელი დღისაკენ. ამ გზაზე ჩვენ შეწევნა, მხარდაჭერა, ძალა და ნუგეში გვჭირდება, რადგანაც „თავადი სოფლისა ამის“ ჯერ არ დანებებულა. პირიქით, მან იცის, რომ ქრისტესგან დამარცხებულია და ამიტომ წარმართავს თავის უკანასკნელ თავგანწირულ ბრძოლას ღმრთის წინააღმდეგ, რათა, რაც შეიძლება მეტი სული მოსწყვიტოს ღმერთს. იმდენად მძიმეა ეს ბრძოლა და იმდენად დიდია „ჯოჯოხეთის ბჭეთა“ ძალაუფლება, რომ ქრისტე თვითონ მიგვითითებს ვიწრო გზას, რომელზე სიარულიც მხოლოდ მცირეთათვისაა მისაწვდომი. ამ ბრძოლაში სწორედ ქრისტეს ხორცი და სისხლია ჩვენი მთავარი შეწევნა და საარსებო საზრდო, რომელიც გვინარჩუნებს სულიერ სიცოცხლეს, და რომლის წყალობითაც, მიუხედავად ყველა ცდუნებისა და ხიფათისა, ჩვენ მაინც მივდევთ ქრისტეს. ამიტომაც, ზიარების შემდეგ ჩვენ ვლოცულობთ:
თუ დიდი მარხვა და მასთან დაკავშირებული თავშეკავება ამ ბრძოლის გაძლიერებას ნიშნავს, ეს იმიტომ ხდება, რომ, სახარების თანახმად, ამ დროს ჩვენ პირისპირ ვხვდებით ბოროტებასა და მთელს მის ძლიერებას. ამიტომაც სწორედ ამ დროს გვჭირდება საღმრთო ცეცხლის შეწევნა, მისი მხურვალება; აქედან მომდინარეობს დიდი მარხვისას განსაკუთრებულ, პირველშეწირულ მსხვერპლთან ზიარების აუცილებლობა: ეს მსხვერპლი წინა კვირადღესაა შეწირული და ტრაპეზზე ინახება ოთხშაბათობითა და პარასკევობით საზიარებლად. ევქარისტიის აღსრულება ერთიანი უწყვეტი სიხარულია, ამიტომაც მას არ აღასრულებენ მარხვის დღეებში. მაგრამ ეკლესიაში ყოველთვის ინახება ევქარისტიის ნაყოფი: წმინდა მსხვერპლი. მსგავსად იმისა, როგორც ქრისტე ხილულად ამაღლდა ზეცად, მაგრამ ამავე დროს უხილავად იმყოფება ამქვეყნად, ასევე აღდგომის დღესასწაულიც, რომელიც წელიწადში ერთხელ აღინიშნება, თავისი ბრწყინვალების სხივებით მთელს საეკლესიო ცხოვრებას ანათებს. მსგავსად იმისა, რომ ღმრთის სასუფეველი მომავალში უნდა მოვიდეს, იგი ამავე დროს ჩვენს შორისაა. ასეა ევქარისტიაც. როგორც სასუფევლის საიდუმლოება და დიდება, როგორც ეკლესიის ზეიმი, იგი მარხვასთან შეუთავსებელია და დიდი მარხვისას არ აღესრულება. მაგრამ როგორც ამქვეყნად მოქმედი სასუფევლის ძალი და მადლი, როგორც „არსობის საზრდო“ და იარაღი ჩვენს სულიერ ბრძოლაში, იგი მართლაც ზეციური მანანაა, რომლის მეოხებით ჩვენ ვცოცხლობთ დიდი მარხვის უდაბნოში ჩვენი ხეტიალისას.
|
|||||
City Ozurgeti: 9 April Str N19 E-mail: iosshemoqmedeli@gmail.com iosshemoqmedeli@posta.ge E-mail: kcercvadze@gpih.ge Tel: Fax:(+995) 8296 7-60-88 Mobile: (+995) 99 15-77-67 ეპარქიის ბანკის ანgარიში: PROCREDIT BANK BANbankis kodi: 220101922 ანgარიში: 360801014600076 VTB BANK OF GEORGIA bankis kodi: 220101643 ანgარიში: 700347
saits emsaxureba mona RvTisa irakli vaCnaZe, monazoni sofio daviTaSvili
ინფორმაციისთვის მიმართეთ ეპარქიის მდივანს (ხათუნა) ნანა ცერცვაძეს. Mob:895-55-65-44 Mob:895-95-56-15 Mob:irakli:855-18-57-14 ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები
|
. | |||||