|
ozurgeTis RvTismSoblis miZinebis saxelobis sakaTedro taZari
|
Semoqmedis macxovris saxelobis sakaTedro taZari |
|||
|---|---|---|---|---|
|
მარხვის „სერიოზულად“ მიღებისათვისაქამდე ჩეენ ვსაუბრობდით მარხვის შესახებ ეკლესიურ სწავლეგაზე, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სამარხვო ღმრთისმსახურებაში გადმოგვეცემა. ახლა ჩვენს წინაშე დგება კითხვა: როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს მოძღვრება ცხოვრებაში? როგორ უნდა ვაქციოთ დიდი მარხვა ჩვენი არსებობის არა მარტო ნომინალურ, არამედ რეალურ მამოძრავებელ ძალად? ჩვენი ცხოვრება (საჭიროა კი ამის გახსენება?) ხომ იმდენად განსხვავდება იმ ცხოვრებისაგან, რომლითაც ამ სტიქარონებისა და კანონების შემქმნელი, საღმრთისმსახურო წესებისა და ტიპიკონის დამდგინებელი ადამიანები ცხოვრობდნენ. ისინი ჯერ საკმაოდ მცირერიცხოვან თემებად ცხოვრობდნენ, ქალაქგარეთ, ორგანულად მართლმადიდებლურ სამყაროში. თვით მათი ცხოვრების წესი ეკლესიასთან შესაბამისობაში იყო მოყვანილი. ახლა ჩვენ ვცხოვრობთ ვეებერთელა ურბანისტულ და ტექნოლოგიურ საზოგადოებაში, რომელიც პლურალისტურია რელიგიური რწმენის მიმართ, სეკულარულია თავისი მსოფლმხედველობით, სადაც ჩვენ, მართლმადიდებლები, უმნიშვნელო უმცირესობას წარმოვადგენთ. დიდი მარხვა აქ უკვე ისეთ გარეგნულად მკაფიო ადგილს ვეღარ იკავებს, როგორც, მაგალითად, რუსეთსა ან საბერძნეთში. ამიტომაც ჩვენი შეკითხვა ძალიან აქტუალურია: შეგვიძლია თუ არა ჭეშმარიტად შევინახოთ მარხვა და არ შემოვიფარგლოთ, როგორც ეს ხშირად ხდება, ჩვენი ყოფის ორი ან სამი „სიმბოლური“ ცვლილებით? ცხადია, რომ ყოველი მორწმუნისათვის დიდი მარხვის უკლებლად ყველა ღმრთისმსახურებაზე დასწრება შეუძლებელია. მათი უმრავლესობა ეკლესიაში კვირაობით სიარულს განაგრძობს, მაგრამ, როგორც უკვე ვიცით, საკვირაო ლიტურგია, ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც, არ ასახავს დიდი მარხვის ღვთისმსახურებას (არ გამოირჩევა სხვა კვირადღეების ღვთისმსახურებისაგან), და ამგვარად, მასზე დასწრებით შეუძლებელია სამარხვო ღმრთისმსახურების განსაკუთრებულ თვისებათა „შეგრძნება“, დიდი მარხვის სულის მიღება. და რადგანაც გარშემო არსებული ცივილიზაცია, რომელსაც ჩვენც მივეკუთვნებით, არაფრით ირეკლავს დიდ მარხვას, გასაკვირი არაა, რომ დიდ მარხვასთან ჩვენი დამოკიდებულება უარყოფით გაგებამდე დაიყვანება და მარხვა ჩვენს შეგნებაში წარმოჩინდება როგორც დრო, რომლის განმავლობაში აკრძალულია ზოგი რამ, მაგალითად, ხორცი, ცხიმი, ცეკვები და გართობა. ჩვეულებრივი შეკითხვაა; „რაზე ამბობთ უარს მარხვისას?“ - და ეს ამგვარი უარყოფითი დამოკიდებულების შესანიშნავი მაგალითია. დადებითი თვალსაზრისით დიდი მარხვა განიხილება როგორც დრო, როცა ჩვენი რელიგიური მოვალეობები უნდა შევასრულოთ, ანუ აღსარება ვთქვათ და ვეზიაროთ („არაუგვიანეს ბზობის კვირისა“ - როგორც მე ერთ სამრევლო უწყებაში ამოვიკითხე). ამ „მოვალეობის“ შესრულების შემდეგ დიდი მარხვა სრულიად კარგავს ყოველგვარ დადებით მნიშვნელობას. ამგვარად, აშკარაა, რომ თანდათანობით წარმოიქმნა ღრმა შეუსაბამობა, ერთი მხრივ, დიდი მარხვის სულისკვეთებასა და „თეორიას“ - რომელთა ახსნას შევეცადეთ ჩვენ სამარხვო ღმრთისმსახურებათა მაგალითზე - და, მეორე მხრივ, მარხვის საყოველთაო მცდარ გაგებას შორის, რომელსაც ზოგჯერ თვით სამღვდელოება უჭერს მხარს და იზიარებს. ყოველთვის უფრო ადვილია ფორმალურამდე დავიყვანოთ ყოველგვარი სულიერი საწყისი, ვიდრე ფორმალურს მიღმა ვეძიოთ სულიერი. გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუმცა მარხვას ჯერ კიდევ „ინახავენ“, მან მაინც დაკარგა ჩვენს ცხოვრებასთან უშუალო შეხება, ის უკვე აღარაა სინანულისა და განახლების ის განბანვა, როგორიც უნდა იყოს ეკლესიის საღმრთისმსახურო და სულიერი მოძღვრების თანახმად. შეგვიძლია თუ არა, დავიბრუნოთ დიდი მარხვის ეს დაკარგული მნიშვნელობა, კვლავ სულიერ ძალად და ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ რეალობად ვაქციოთ ის? ამ კითხვაზე პასუხი ყველაზე მეტად და, მე ვიტყოდი, მხოლოდ და მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, გვსურს თუ არ გვსურს სერიოზულად მოვეკიდოთ დიდ მარხვას. როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს ჩვენი ახლანდელი ცხოვრების პირობები წარსულისაგან, რა რეალურიც არ უნდა იყოს თანამედროვე ცხოვრების მიერ შექმნილი სიძნელეები და დაბრკოლებები, არც ერთი მათგანი არ შეიძლება გახდეს აბსოლუტურ დაბრკოლებად და ვერაფერი აქცევს დიდ მარხვას ჩვენთვის შეუძლებლად. სინამდვილეში ჩვენს ცხოვრებაზე დიდი მარხვის რეალური ზეგავლენის დაკარგვის საფუძველი გაცილებით უფრო ღრმაა. ეს საფუძველი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ, ნებაყოფლობით თუ უნებლიეთ, დაგვყავს რელიგია ზედაპირულ ნომინალიზმამდე ან სიმბოლიზმამდე, რაც საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ გვერდი ავუქციოთ და გაგება შევუცვალოთ რელიგიის მიერ ჩვენი ცხოვრებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, მოსაგრეობისა და ძალისხმევის სერიოზულობას. უნდა დავსძინოთ, რომ ამგვარი რედუქცია განსაკუთრებით მართლმადიდებლებს ახასიათებს. დასავლელი ქრისტიანები, კათოლიკეები და პროტესტანტგრი, როცა აწყდებიან რაიმეს, რაც „შეუძლებლად“ მიაჩნიათ, უფრო ადვილად შეჰყავთ ცვლილება თვით რელიგიაში, რათა იგი ცხოვრებისათვის „მოსახერხებელი“ გახდეს. სულ მცირე ხნის წინათ მოწმენი გავხდით, თუ როგორ დაიყვანა მინიმუმამდე მარხვა რომის კათოლიკურმა ეკლესიამ და შემდეგ როგორ გააუქმა იგი. ჩვეულებრივ, მარხვის ამგვარ „მისადაგებას“ ცხოვრებისეული პირობებისადმი ჩვენ გულწრფელი და სამართლიანი რისხვით ვხვდებით, როგორც ქრისტიანული გადმოცემის ღალატს, როგორც ქრისტიანული სარწმუნოების მინიმალიზაციას. მართლაც, დიდება და პატივი მართლმადიდებლობას, მაგრამ არა ჩვენ, მართლმადიდებლებს. გუშინ და დღეს კი არა, დიდი ხნის წინათ ვიპოვეთ ჩვენ საშუალება, ჩვენს ადამიანურ სისუსტეს შევურიგოთ საეკლესიო წესები, თანაც ამ დროს არა თუ არ ვკარგავთ საკუთარი ღირსების გრძნობას, არამედ თავს ვიმართლებთ კიდეც და მიგვაჩნია, რომ სინდისი წმინდა გვაქვს. ეს ხერხი მდგომარეობს საეკლესიო მოთხოვნათა სიმბოლურ შესრულებაში. სიმბოლური ნომინალიზმი ახლა უკვე მთელს ჩვენს რელიგიურ ცხოვრებას მსჭვალავს. მაგალითად, ჩვენ აზრადაც არ მოგვდის ჩვენი ლიტურგიისა და სამონასტრო წესდების შეცვლა, - ღმერთმა დაგვიფაროს! - უბრალოდ, ერთი საათის ხანგრძლივობის ღმრთისმსახურებას ჩვენ კვლავ „ღამისთევას“ ვუწოდებთ და ამაყად განვმარტავთ, რომ ეს ისეთივე წესია, რომელსაც საბა განწმენდილის ლავრაში აღასრულებდნენ ბერები IX საუკუნეში. რაც შეეხება დიდ მარხვას, იმის მაგიერ, რომ არსებითი კითხვები დავსვათ - „როგორ უნდა ვიმარხულოთ?“, ან „რა არის დიდი მარხვა?“ - ჩვენ მარხვის სიმბოლიკით ვკმაყოფილდებით. საეკლესიო ჟურნალებსა და ცნობის ფურცლებში ჩნდება რეცეპტები; „გემრიელი სამარხვო კერძები“. ზოგიერთი სამრევლო შემოსავალსაც კი ზრდის „გემრიელი სამარხვო სადილის“ კარგად მოთავსებული განცხადებით. ჩვენს ეკლესიებში იმდენი რამ განიმარტება სიმბოლურად როგორც საინტერესო, თავშესაქცევი ან სანახაობრივი წეს-ჩვეულება და ტრადიცია, რომელიც არა მარტო წინაპრებთან, არამედ ღმერთთან და მის მიერ ახალ ცხოვრებასთანაც გვაკავშირებს, რომ ამ რელიგიური ფოლკლორის მიღმა სულ უფრო ძნელია რელიგიის ღრმა და სერიოზული საზრისის განჭვრეტა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ სხვადასხვანაირ წეს-ჩვეულებებში თავისთავად არაფერი ცუდი არ არის. მათი წარმოქმნის ჟამს ისინი ადამიანებს ემსახურებოდა როგორც რელიგიისადმი სერიოზული დამოკიდებულების გამოხატვის ხერხი. ეს სიმბოლოები კი არა, თვით ცხოვრება იყო. მაგრამ ცხოვრება შეიცვალა და სულ უფრო შემცირდა მისი არსებითი კავშირი რელიგიასთან, ზოგი წეს-ჩვეულება კი შენარჩუნდა, როგორც წარსული ცხოვრების „სიმბოლო“. თანაც, შენარჩუნდა ის, რაც უფრო სანახაობრივი და, ამავე დროს, ადვილად შესასრულებელი გახდა. სულიერი საშიშროება აქ იმაში მდგომარეობს, რომ თანდათანობით თვით რელიგიას უყურებენ როგორც რაღაც სიმბოლოებისა და ადათების ერთობლიობას; არ ესმით, რომ ეს უკანასკნელნი ძალისხმევისა და განახლებისკენ უნდა მოგვიწოდებდნენ. გაცილებით უფრო მეტი ძალები იხარჯება სამარხვო კერძების მომზადებასა და სააღდგომო გახსნილებაზე, ვიდრე თვით მარხვასა და ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საიდუმლოში მონაწილეობაზე. ეს ნიშნავს, რომ სანამ საერო ტრადიციები და წეს-ჩვეულებები კვლავ არ შეუერთდება მათ წარმომშობ ცხოვრებისადმი რელიგიურ დამოკიდებულებას, სანამ სიმბოლოებისადმი დამოკიდებულება არასერიოზულია, თვით ეკლესიაც დარჩება ცხოვრებისაგან მოწყვეტილი, ცხოვრებაზე გავლენის არმქონე. ამრიგად, წარსული მემკვიდრეობის სიმბოლიზაციის მაგიერ ჩვენ კვლავ უნდა დავიწყოთ ჩვენს ცხოვრებაში მისი ჩართვა. მარხვისადმი სერიოზული დამოკიდებულება, უპირველეს ყოვლოსა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მას გონების შესაძლებლად უღრმეს დონეზე აღვიქვამთ - აღვიქვამთ, როგორც სულიერ მოწოდებას, რომელიც ჩვენგან პასუხს, გადაწყვეტილებას, მუდმივ მცდელობას ითხოვს. ჩვენ ვიცით, რომ სწორედ ამიტომ დააწესა ეკლესიამ დიდი მარხვისათვის მოსამზადებელი რამდენიმე კვირა. სწორედ ესაა პასუხისა და გადაწყვეტილების დრო. ამისათვის საუკეთესო და ყველაზე ადვილი გზაა ეკლესიის ხელმძღვანელობას დამორჩილება, თუნდაც გარკვეული დაფიქრება სახარების ხუთი საკითხავის საზრისზე, რომელთაც ეკლესია დიდი მარხვის წინ ხუთი მოსამზადებელი კვირის განმავლობაში გვთავაზობს: სურვილი (ზაქე), სიმდაბლე (მეზვერე და ფარისეველი), დევნილებიდან დაბრუნება (უძღები შვილი), მსჯავრი (საშინელი სამსჯავრო) და მიტევება (მიტევების კვირა). ეს სახარების საკითხავები არა მარტო უნდა მოვისმინოთ ტაძარში, არამედ შინაც მივიტანოთ და საკუთარ ცხოვრებას, ოჯახურ ყოფას, პროფესიულ მოვალეობებს, ცხოვრების მატერიალურ მხარეზე ზრუნვას, ჩვენს გვერდით მცხოვრებ კონკრეტულ ადამიანებთან ურთიერთობას უნდა შევუპირისპიროთ. თუ ამ ფიქრს კიდევ მოსამზადებელი კვირების ლოცვას („სინანულისა კარი გამიღე“) და 136-ე ფსალმუნს დავუმატებთ, მივხვდებით, რას ნიშნავს ეკლესიასთან ერთად ცხოვრება და როგორ ამკობს ჩვენს ცხოვრებას დიდი მარხვის საღმრთისმსახურო თავისებურებანი. დიდი მარხვის განმავლობაში სასარგებლო იქნებოდა რელიგიური შინაარსის მქონე წიგნის წაკითხვა. ამგვარი კითხვის მიზანი არა მარტო ჩვენი რელიგიური თვალსაწიერის გაფართოებაა, არამედ, რაც მთავარია, ჩვენი გონების განწმენდაა ყველაფრისაგან, რაც კი მას, ჩვეულებრივ, ანაგვიანებს. წარმოუდგენელია, რამდენადაა ჩვენი გონება დაკავებული სხვადასხვანაირი საზრუნავით, ინტერესებით, შფოთვითა და შთაბეჭდილებებით. რაოდენ ძნელიაყოველივე ამაში გარკვევა. რელიგიური შინაარსის წიგნის კითხვა, როცა გონება კონცენტრირებულია ჩვეულებრივი აზრებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ საგნებზე, თავისთავად ქმნის განსაკუთრებულ გონებრივ და სულიერ ატმოსფეროს. ეს ყველაფერი არ უნდა მივიჩნიოთ რაღაც მზა რეცეპტად. შესაძლოა, არსებობდეს დიდი მარხვისათვის მოსამზადებელი სხვა ღირსეული საშუალებებიც. ამ მოსამზადებელ პერიოდში მთავარი ისაა, რომ ჩვენ დიდი მარხვის ლოდინს ვიწყებთ. იგი თითქოსდა შორიდან გვიახლოვდება, ან, შეიძლება, თვით ღმერთი გვიგზავნის მას როგორც სახეცვლილების, განახლების, საკუთარი თავის გაღრმავების შესაძლებლობას, და რომ ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ამ შესაძლებლობას. ისე, რომ, როცა მიტევების კვირადღეს შინიდან გამოვდივართ და მწუხრის ლოცვაზე ვეშურებით, მზად უნდა ვიყოთ, რაც შეიძლება, უფრო გულწრფელად შევიგნოთ და შევიგრძნოთ დიდი წარდგომის სიტყვები, რომლებიც დიდი მარხვის დასაწყისს აღნიშნავენ:
ნუ გარე-მოქცევ პირსა შენსა მონისა შენისაგან, რამეთუ მჭირს მე; მსთუად შეგესემინ ჩემი; მოხედენ სულსა ჩემსა და განარინე იგი.
|
|||
City Ozurgeti: 9 April Str N19 E-mail: iosshemoqmedeli@gmail.com iosshemoqmedeli@posta.ge E-mail: kcercvadze@gpih.ge Tel: Fax:(+995) 8296 7-60-88 Mobile: (+995) 99 15-77-67 ეპარქიის ბანკის ანgარიში: PROCREDIT BANK BANbankis kodi: 220101922 ანgარიში: 360801014600076 VTB BANK OF GEORGIA bankis kodi: 220101643 ანgარიში: 700347
saits emsaxureba mona RvTisa irakli vaCnaZe, monazoni sofio daviTaSvili
ინფორმაციისთვის მიმართეთ ეპარქიის მდივანს (ხათუნა) ნანა ცერცვაძეს. Mob:895-55-65-44 Mob:895-95-56-15 Mob:irakli:855-18-57-14 ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები
|
. | |||