|
ozurgeTis RvTismSoblis miZinebis saxelobis sakaTedro taZari
|
Semoqmedis macxovris saxelobis sakaTedro taZari |
|||
|---|---|---|---|---|
|
დიდი მარხვის შესაფერი ყოფა-ცხოვრებაჩვენ ვესწრებით საეკლესიო ღმრთისმსახურებას, გარკვეულ დროს ვმარხულობთ და ვლოცულობთ, მაგრამ სამარხვო მოსაგრეობა ამით არ შემოიფარგლება. იმისათვის, რომ ეს ყოველივე ნამდვილად ქმედითი და ნაყოფიერი იქნეს, საჭიროა მხარდაჭერა მთელი ჩვენი ცხოვრების მხრიდან. სხვა სიტყვებით, საჭიროა გარკვეული „ყოფა-ცხოვრება“, რომელიც არ იქნებოდა მარხვის საწინააღმდეგო და ორად არ გახლეჩდა ჩვენს არსებობას. წარსულში, მართლმადიდებელ ქვეყნებში თვით საზოგადოება ქმნიდა დიდი მარხვის შესაფერ ატმოსფეროს, როგორც პირად, ასევე კოლექტიურ წეს-ჩვეულებათა ერთობლიობის მეშვეობით. ეს უზრუნველყოფდა საჭირო ყოფა-ცხოვრებას. დიდი მარხვის განმავლობაში მთელი საზოგადოება ემორჩილებოდა ცხოვრების გარკვეულ რიტმს, წესებს, რომლებიც განუწყვეტლივ ახსენებდა საზოგადოების ცალკეულ წევრებს დიდი მარხვის შესახვბ. რუსეთში, მაგალითად, ამის განუწყვეტელი მოხსენიება იყო საეკლესიო ზარების განსაკუთრებული სამარხვო რეკვა: თეატრები იხურებოდა, წყდებოდა მაღალი საზოგადოების მეჯლისები და მიღებები. თავისთავად, რა თქმა უნდა, ეს გარეგანი წესები ვერ აღძრავდნენ ადამიანში სინანულს, ვერ მიმართავდნენ მას უფრო აქტიური რელიგიური ცხოვრებისაკენ. მაგრამ იქმნებოდა განსაკუთრებული სამარხვო ატმოსფერო, რომელიც აადვილებდა პირად, ინდივიდუალურ ძალისხმევას. ჩვენ სუსტები ვართ, ჩვენ გვესაჭიროება გარედან შეხსენება, სიმბოლოები, ნიშნები. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ გარეგნული სიმბოლოები თავისთავად იქნება მიჩნეული მარხვის აღსრულების საკმარის პირობად და იმის მაგიერ, რომ გვამცნონ დიდი მარხვის შესახებ, თვითონ დაჩრდილავენ მის ჭეშარიტ მნიშვნელობასა და საზრისს. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ საშიშროებაზე, როცა განვიხილეთ ის ვითარება, როცა გარეგანი წეს-ჩვეულებები ცვლიან ჭეშმარიტ პირად მოსაგრეობას. მაგრამ სწორი მიდგომისას ხედავ, რომ ეს წესები რაღაც გადამცემი ღვედის მსგავსი რამაა, რომელიც სულიერ მოსაგრეობას ცხოვრების დარჩენილ ერთიანობასთან აკავშირებს. ჩვენ მართლმადიდებელ საზოგადოებაში არ ვცხოვრობთ. ამიტომაც ჩვენი დროის საზოგადოებრივ ცხოვრებას არ ძალუძს სამარხვო ატმოსფეროს შექმნა. ჩვენი გარემომცველი სამყარო, სამყარო, რომელსაც ჩვენ მივეკუთვნებით, დიდი მარხვით არ იცვლის სახეს. ამიტომაც ჩვენგან ახალი ძალისხმევა მოითხოვება - საჭიროა, კიდევ ერთხელ ჩავფიქრდეთ რელიგიურ კავშირზე გარეგან და შინაგან ცხოვრებას შორის. სეკულარიზმის, ჩვენი ცივილიზაციის ეკლესიისაგან დაშორების სულიერი ტრაგედია იმამი მდგომარეობს, რომ ჩვენ ნამდვილ რელიგიურ შიზოფრენიაში ვვარდებით: ცხოვრება ორ ნაწილად იხლიჩება - რელიგიურად და საეროდ. ამ ნაწილებს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს. ამიტომაც გარეგანი მეხსენებებისა და სიმბოლოების შესაცვლელად ჩვენს დროში განსაკუთრებული სულიერი ძალისხმევა გვმართებს. სქემატურად ეს ძალისხმევა შეიძლება განვიხილოთ, ჯერ ერთი, ჩვენი შინაური ცხოვრების თვალსაზრისით, და მეორე, ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების მხრიდან. მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის თანახმად, შინაური ცხოვრება, ოჯახი ქრისტიანული ცხოვრების საფუძველს, ქრისტიანული პრინციპების ყოველდღიურ განხორციელებას წარმოადგენს. ქრისტიანული მსოფლმხედველობის საფუძვლებს ჩვენ სწორედ შინ გვინერგავენ, ოჯახურ ყოფა-ცხოვრებასა და სულისკვეთებაში. არა სკოლაში და არა ეკლესიაში, არამედ ოჯახში წარმოიქმნება ის მსოფლმხედველობა, რომელიც თავდაპირველად შეუგნებელიც კი შეიძლება იყოს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს იქცევა მთელი ჩვენი ცხოვრების გადამწყვეტ ფაქტორად. ბერი ზოსიმა, დოსტოევსკის რომანის „ძმები კარამაზოვების“ გმირი, ამბობს: „ადამიანს ადრეული ბავშვობის მოგონებებზე ძვირფასი არა გააჩნია რა...“ ეს მოგონებები აცხოვნებს ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოსიმა ამას ამბობს მაშინ, როცა იხსენებს, როგორ დაჰყავდა იგი დედას ეკლესიაში პირველშეწირულის ლიტურგიაზე. ის იხსენებს ამ ღმრთისმსახურებისა და მისი გალობის მშვენიერებას. ჩვენს საეკლესიო სკოლებში ახლა შესანიშნავი მუშაობა მიმდინარეობს ბავშვების რელიგიური განათლებისათვის, მაგრამ მასაც მცირე ნაყოფის გამოღება შეუძლია განათლების შინაური, ოჯახური საფუძვლების გარეშე. რა უნდა გაკეთდეს და რისი გაკეთებაა შესაძლებელი დიდი მარხვის დროს შინაურ, ოჯახურ ცხოვრებაში? რადგანაც შეუძლებელია ერთბაშად განვიხილოთ ყველაფერი, რაც ოჯახში ხდება, მე მხოლოდ ერთ საკითხზე შევჩერდები. უეჭველია, ყველა დამეთანხმება, თუ ვიტყვი, რომ ოჯახური ყოფა-ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა რადიოსა და ტელევიზიის გავლენით. ჩვენი ცხოვრება გაჯერებულია მსოფლიოში მომხდარ მოვლენათა შესახებ ინფორმაციით. იმის გასაგებად, რაც ქვეყნად ხდება, აუცილებელი აღარაა სადმე გამოსვლა ან გამგზავრება. მთელი მსოფლიო განუწყვეტლივ მდებარეობს ჩვენი მისაწვდომობის არეში. თანდათანობით შინაგანი ცხოვრების ელემენტარული გამოცდილება, ამა ქვეყნის მშვენიერება უბრალოდ ქრება თანამედროვე კულტურიდან. და თუ ტელევიზია არა, მაშინ მუსიკა: მუსიკა უკვე აღარაა ის, რასაც უსმენ, ის საუბრების, კითხვის, სხვადასხვა საქმიანობის უწყვეტ ფონად იქცა. მუსიკის ეს მუდმივი საჭიროება მეტყველებს, რომ თანამედროვე ადამიანმა დაკარგა სიჩუმით ტკბობის უნარი, სიჩუმეს იგი უკვე სრულიად უარყოფითად აღიქვამს, როგორც რაღაცის არყოფნას, და ვერ ხვდება, რომ ეს შეიძლება იყოს ყოველი ნამდვილი სიახლოვის აუცილებელი პირობა. თუ ძველი დროის ქრისტიანები უპირატესად სიჩუმისა და დუმილის გარემოცვაში ცხოვრობდნენ, რაც მათ შინაგან ცხოვრებაზე სრული კონცენტრირების საშუალებას აძლევდა, თანამედროვე ქრისტიანებს განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებათ იმისათვის, რომ არსებითად აუცილებელი სიჩუმე და მდუმარება მოიპოვონ, რათა უზენაეს რეალობასთან კავშირი იგრძნონ. ამგვარად, რადიოსა და ტელევიზიის პრობლემა დიდი მარხვის განმავლობაში მეორეხარისხოვანი საკითხი კი არა, გარკვეული აზრით, სულიერი სიკვდილისა და სიცოცხლის საკითხია. უნდა შევიგნოთ, რომ შეუძლებელია გავანაწილოთ ჩვენი ცხოვრება სამარხვო ნათელი სევდის განცდასა და მოდური ფილმის ან სპექტაკლიდან მიღებულ შთაბეჭდილებას შორის. ეს ორი შეგრძნება სრულიად შეუთავსებელია და ერთი მათგანი აუციღუბლად გაანადგურებს მეორეს. თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ უკანასკნელი მოდური ფილმი ადვილად გაანადგურებს ნათელ სევდას. საპირისპირო მხოლოდ განსაკუთრებული ძალისხმევით შეიძლება განხორციელდეს. ამიტომაც პირველი სამარხვო წეს-ჩვეულება, რომლის შემოთავაზებაც შეგვიძლია, ეს არის დიდი მარხვის პერიოდში რადიოსადა ტელევიზიის გადამწყვეტი უარყოფა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვბედავთ, სრული მარხვა გირჩიოთ, მაგრამ ასკეტური მარხვის აუცილებლობას დაჟინებით ვამტკიცებთ, რაც, როგორც უკვე ვთქვით, უპირველეს ყოვლისა. ნიშნავს „დიეტის“ ცვლილებასა და თავშეკავებას. მაგალითად, არაფერი ცუდი არაა იმაში, თუ კვლავაც გავაგრძელებთ ინფორმაცის თვალისდევნებას, ან ისეთ სერიოზულ პროგრამებს გავეცნობით, რომლებიც სულიერად და ინტელექტუალურად გაგვამდიდრებს. მაგრამ დიდი მარხვის განმავლობაში აუცილებლად უნდა შეწყდეს ჩვენი მიჯაჭვულობა ტელევიზორთან, ეკრანს მიერთებული ადამიანის მცენარეული ყოფა, ყოველივეს პასიური შთანთქმა. როცა ბავშვი ვიყავი (ეს ტელევიზიის გამოგონებამდე იყო), დედაჩემი კეტავდა როიალის კლავიატურას დიდი მარხვის პირველ, მეოთხე და მეშვიდე კვირის განმავლობაში. ეს ჩემს მეხსიერებას უფრო შემორჩა, ვიდრე ხანგრძლივი სამარხვო ღმრთისმსახურება, და ახლაც კი, როცა დიდი მარხვის დროს რადიოთი გადმოცემული მუსიკა მესმის, ეს თითქმის ისევე შეურაცხმყოფს, როგორც მკრეხელობა. ეს პირადი მოგონება მხოლოდ ილუსტრაციაა იმისა, რა შთაბეჭდილებას ახდენს ბავშვის სულში მოზრდილთა მიერ შეგნებულად მიღებული გარეგნული გადაწყვეტილება. აქ საუბარი არაა, უბრალოდ, ცალკეულ ჩვეულებაზე ან წესზე, არამედ დიდი მარხვის დროის დამცველ ცოცხალ გამოცდილებაზე, რომელიც მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რათა არ დავკარგოთ, არ დავამახინჯოთ, არ დავარღვიოთ იგი. მაგრამ აქ, ისევე როგორ სამარხვო საჭმლის მიღებისას, მხოლოდ თავშეკავება არ კმარა: მას უნდა ჰქონდეს დადებითი საპირწონე. ამქვეყნიური ხმაურის არარსებობით შექმნილი მდუმარება, რომელსაც მხოლოდ დასაშვები საინფორმაციო გადაცემა არღვევს, დადებითი შინაარსით უნდა შევავსოთ. ჩვენი სული ლოცვით საზრდოობს, მაგრამ საკვები გონებასაც სჭირდება. სწორედ თანამედროვე ადამიანის გონება იმყოფება ტელევიზიის, რადიოს, გაზეთების, ილუსტრირებული ჟურნალებისა და სხვა მსგავსი მოვლენებისგან განუწყვეტელი დაბომბვის ქვეშ. ჩვენ გთავაზობთ, რომ სულიერი ძალისხმევა რაღაც წმინდად სულიერზე მიმართოთ. ჩვენს ცხოვრებაში იმდენ შედევრს, საკაცობრიო აზრისა და შემოქმედების იმდენ საოცარ ნაყოფს უგულებელვყოფთ მხოლოდ იმიტომ, რომ გაცილებით უფრო ადვილია სამსახურიდან შინ დაბრუნების შემდეგ, როცა ფიზიკურად და გონებრივად დაღლილები ვართ, ტელევიზორი ჩავრთოთ, ან ილუსტრირებული ჟურნალის აბსოლუტურ სიცარიელეში ჩავიძიროთ. კარგი იქნებოდა. წინასწარ შეგვემუშავებინა დიდი მარხვის პროგრამა. წინასნარ შეგვედგინა წასაკითხად სასარგებლო წიგნების სია. არაა აუცილებელი, რომ ყველა ეს წიგნი რელიგიური შინაარსისა იყოს. ყველა ადამიანს როდი აქვს საღმრთისმეტყველო მოწოდება. მაგრამ ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებში იმდენი საღმრთისმეტყველო აზრია ჩაქსოვილი, ხოლო ყველაფერი, რაც კი ჩვენს გონებას გაამდიდრებს, ჭეშმარიტი შემოქმედების ყველა ნაყოფი კურთხეულია ეკლესიისგან, და მისი მართებულად აღქმის შემთხვევაში სულიერ ღირებულებას იძენს. წინა თავში მე ვსაუბრობდი იმის შესახებ, რომ მარხვის მეოთხე და მეხუთე კვირადღე ეძღვნება ქრისტიანული სულიერი ცხოვრების ორი მოძღვრის - წმინდა იოანე სინელის („კლემაქსის“ აღმწერელის) და ღირსი მარიამ მეგვიპტელის ხსენებას. უნდა გავიგოთ, რომ ამ ორი წმინდანის სახით ეკლესია აშკარად მიგვითითებს, რომ დიდი მარხვის შედეგად ის ჩვენგან სულიერ და გონებრივ გამდიდრებას ელის. წიგნების კითხვა და სულიერი გააზრება შინაგანი სამყაროს მოპოვებასა და გამდიდრებაში დაგვეხმარება. თანამედროვე სეკულარული მსოფლიო არ გვაძლევს საშუალებას, შევიგრძნოთ ეს სიხარული, ადამიანის ჭეშმარიტი მოწოდება, რომელიც არა გარეგან, არამედ შინაგან სამყაროში უნდა გამომჟღავნდეს. ამ სიხარულის გარეშე, და თუ მარხვასაც არ გავიგებთ როგორც ჩვენი ადამიანური არსების სიღრმეში მიმავალ გზას, დიდი მარხვა თავის საზრისს დგკარგავს. გარდა ამისა, რა მნიშვნელობა უნდა შეიძინოს დიდმა მარხვამ, იმ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, როცა ჩვენ შინიდან მოშორებით ვიმყოფებით, საქმიან მივლინებაში, ან სამსახურმი სამუშაო მაგიდასთან, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, კოლეგებთან ან მეგობრებთან შეხვედრისას? აქაც შეუძლებელია რაიმე განსაზღვრული რეცეპტის მოცემა, მაგრამ შესაძლებელია რამდენიმე ზოგადი თვალსაზრისის გამოთქმა. უპირველეს ყოვლისა, დიდი მარხვა შესანიშნავი დროა, როცა უნდა განვიხილოთ და ავწონ-დავწონოთ ჩვენი წარმოუდგენლად ზედაპირული დამოკიდებულება ადამიანებთან, საგნებთან, სამსახურთან. „ყველაფერს ღიმილით შეხვდით“, „გულთან ახლოს ნურაფერს მიიტანთ“, -აი, რჩევები, რომლებიც სინამდვილეში ლამის მცნებებად იქცა და მათ ხალისით ვემორჩილებით. მაგრამ ეს რჩევები მხოლოდ ერთს ნიშნავს: არ შეზღუდოთ საკუთარი თავი პასუხისმგებლობით, ნუ დასვამთ ზედმეტ კითხვებს, ნუ გააღრმავებთ ადამიანებთან ურთიერთობას. დაიცავით თამაშის წესები, რომლებიც იმაში მდგომარეობს, რომ უნდა შეახამოთ ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა მათდამი სრულ გულგრილობასთან. იფიქრეთ ყველაფერზე მხოლოდ მატერიალური მოგების, შემოსავლისა და კარიერის თვალსაზრისით. სხვა სიტყვებით, იყავით ამა სოფლის ნაწილი, სოფლისა, რომელიც წამდაუწუმ იყენებს დიად სიტყვებს - „მშვიდობა“, „პასუხისმგებლობა, „სიფრთხილე“ - სინამდვილეში კი მატერიალისტური პრინციპით ხელმძღვანელობს, რომლის თანახმად ადამიანი მისი შემოსავლის მიხედვით ფასდება. დიდი მარხვა საზრისის ძიების დროა: ჩემი პროფესიული ცხოვრებისა და ჩემი პირადი მოწოდების შესაბამისობის, სხვა ადამიანებთან ჩემი ურთიერთობის, მეგობრობის, ცხოვრებისეული პასუხისმგებლობის საზრისისა. არ არსებობს სამუშაო ან მოწოდება, რომლის თანდათანობითი გარდგქმნა შეუძლებელი იყოს არა მეტი ნაყოფიერების ან უკეთესი ორგანიზაციის, არამედ ადამიანური ღირებულების თვალსაზრისით. აუცილებელია გავაღრმავოთ ყველა ჩვენი ადამიანური ურთიერთობა, რადგანაც ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ, რომლებიც (ხშირად შეუგნებლად) იმ რაღაც სისტემათა მონებად ვიქეცით, რომლებიც ნელ-ნელა ყოველივე ადამიანურს ანადგურებენ ამქვეყნად. და თუ ჩვენს სარწმუნოებას რაიმე საზრისი აქვს, იგი აუცილებლად უნდა შევუფარდოთ ცხოვრებას მთელი თავისი სირთულით. ბევრს ჰგონია, რომ აუცილებელი ცხოვრებისეული გარდაქმნები მხოლოდ რევოლუციების, ცხოვრებისეული პირობების გარეგნული ცვლილებების წყალობით ხორციელდება. მაგრამ ჩვენ, ქრისტიანებმა, უნდა დავამტკიცოთ, რომ სინამდვილეში ყველაფერი შიგნიდან მოედინება - რწმენიდან და სარწმუნოების თანახმად ცხოვრებიდან. როცა ეკლესია ანტიკურ ბერძნულ-რომაულ სამყაროში შევიდა, იგი არ მოუწოდებდა მონათმფლობელური რევოლუციისაკენ. მაგრამ მონობა შეუძლებელი გახდა სარწმუნოების, ადამიანისადა მთელი ცხოვრების ახალი შეფასების წყალობით. ერთ წმინდანს - აქ კი წმინდანი, უბრალოდ, ნიშნავს ადამიანს, რომელიც სერიოზულადაა განწყობილი თავისი სარწმუნოების მიმართ, - უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ათასობით დაბეჭდილ პროგრამას. წმინდანი ერთადერთი ჭეშმარიტი რევოლუციონერია ამქვეყნად. დავუმატოთ ერთი უკანასკნელი შენიშვნაც: დიდი მარხვა ის დროა, როცა ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალყური ყოველივეს, რასაც ვამბობთ. ჩვენი სამყარო საოცრად მჭევრმეტყველია, ჩვენ გამუდმებით ვიძირებით სიტყვებში, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი მნიშვნელობა, აქედან გამომდინარე კი - ძალაც. ქრისტიანობა ჩვენს წინაშე ხსნის სიტყვის-ამ ჭეშმარიტად საღმრთო ნიჭის წმიდათაწმიდა საზრისს. ჩვენს სიტყვას დიდი ძალა აქვს, დადებითიც და უარყოფითიც. ამიტომ ჩვენი სიტყვების მიხედვით განვისჯებით: „ხოლო მე გეტყვ თქუენ, რამეთუ ყოველი სიტყუაჲ უქმი, რომელსა იტყოდიან კაცი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ სიტყუათა შენთაგან გამართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო“ (მ. 12,36-37). თუ ვუფიქრდებით და ვწონით სიტყვებს, მაშინ კვლავ შევიმეცნებთ მათ ღრმა და წმიდათაწმიდა აზრს და გვესმის, რომ ზოგჯერ უცაბედად ნათქვამ უმნიშვნელო ხუმრობას შეუძლია მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს, შეუძლია იქცეს უკანასკნელ წვეთად, რომელიც ადამიანური სასოწარკვეთილების თასს აავსებს და საბედისწერო ნაბიჯისაკენ უბიძგებს მას. მაგრამ სიტყვა მოწმობადაც შეიძლება იქცეს. კოლეგასთან სამსახურში შემთხვევით საუბარს შეუძლია ხშირად სამუშაოზე, სხვა ადამიანებზე, ცხოვრებაზე სწორი თვალსაზრისი უკეთესად გადასცეს, ვიდრე ფორმალურ ქადაგებას. სიტყვას შეუძლია ჩვენს გულში ცხოვრებისადმი ახალი მიდგომის შესაძლებლობა, შემეცნების წადილი გაამჟღავნოს. ჩვენ წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია, როგორ განუწყვეტელ გავლენას ვახდენთ ერთმანეთზე სიტყვებისა და ჩვენი პიროვნების მთელი აგებულების მეშვეობით. და, ბოლოს და ბოლოს, ადამიანები ღმრთისაკენ იმიტომ კი არ მოიქცევიან, რომ ვიღაცა მათ ბრწყინვალე ახსნას აძლევს, არამედ იმიტომ, რომ მასში ხედავენ იმ სინათლეს, იმ სიხარულსა და სიღრმეს, იმ სერიოზულობასა და სიყვარულს, რომელთა გარდა არაფერი არ ამტკიცებს ამქვეყნად ღმრთის არსებობასა და სიახლოვეს. ამრიგად, დიდი მარხვა, როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, ის დროა, როცა ადამიანი თითქოსდა კელავ პოულობს სარწმუნოებას, და თვით სიცოცხლესაც კი მისი საღმრთო მნიშვნელობით, მისი წმიდათაწმიდა სიღრმით. თავს ვიკავებთ საჭმლისგან და კვლავ აღმოვაჩენთ მის გემოს, ვსწავლობთ ღმრთისაგან მის მიღებას სიხარულითა და მადლიერებით. ვამცირებთ გართობას, მუსიკის სმენას, უაზრო საუბრებსა და ზედაპირულ ფიქრებს და კვლავ ვგებულობთ ადამიანებთან, მათ შრომასა და ხელოვნებასთან ურთიერთობის უდიდეს ღირებულებას. ყოველივე ამას კი იმიტომ ვიგებთ, რომ, უბრალოდ, კვლავ ვიპოვეთ თვით ღმერთი, დავუბრუნდით მას, და მასში ყოველივეს, რაც მან მოგვანიჭა უსაზღვრო სიყვარულითა და მოწყალებით. ამიტომაც ვგალობთ აღდგომის დღესასწაულის ღამეს:
აწ ყოვლითურთ აღივსო ნათლითა ცაჲ და ქუეყანაჲ და ქუესკნელი, და ყოველივე ქმნილი დღესასწაულობს აღდგომასა ქრისტესს, რომლითა განვძლიერდით. არ მოგვაკლო ამ სასოებას, კაცთმოყვარეო!
|
|||
City Ozurgeti: 9 April Str N19 E-mail: iosshemoqmedeli@gmail.com iosshemoqmedeli@posta.ge E-mail: kcercvadze@gpih.ge Tel: Fax:(+995) 8296 7-60-88 Mobile: (+995) 99 15-77-67 ეპარქიის ბანკის ანgარიში: PROCREDIT BANK BANbankis kodi: 220101922 ანgარიში: 360801014600076 VTB BANK OF GEORGIA bankis kodi: 220101643 ანgარიში: 700347
saits emsaxureba mona RvTisa irakli vaCnaZe, monazoni sofio daviTaSvili
ინფორმაციისთვის მიმართეთ ეპარქიის მდივანს (ხათუნა) ნანა ცერცვაძეს. Mob:895-55-65-44 Mob:895-95-56-15 Mob:irakli:855-18-57-14 ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები
|
. | |||