Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size
Shemoqmedis eparqia

18 აგვისტო, 2003 წელი

Email Print PDF

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
წმიდა სინოდის სხდომის ოქმი

18 აგვისტო, 2003 წელი, ურბნისის საკათედრო ტაძარი


წმიდა სინოდმა იმსჯელა ახალ წმინდანთა კანონიზაციის შესახებ.

1616 წელს შაჰ-აბასის მიერ ირანში ასიათასობით იძულებით გადასახლებულ ქართველთა დიდი ნაწილი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მხნედ იცავდა მამაპაპათა სჯულს და მუსულმანთა უკიდურესად აგრესიულ გარემოცვაშიც ახერხებდა არ მოსწყვეტოდა ქრისტიანულ ღვთისმსახურებას.

მართლმადიდებლობის ერთგულებისათვის მრავალი სასულიერო პირი იქნა უსჯულოთაგან მოკლული და ათასობით ქართველი მოწამეობრივად აღსრულებული, რასაც ადასტურებენ როგორც ჩვენი მეცნიერები, უცხოელი ისტორიკოსები და მოგზაურები, ასევე ამჟამად ირანში მცხოვრები ქართველები, რომელნიც დღემდე განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ წინაპართა მოწამეობრივ ღვაწლს: მიდიან მათი მარტვილობის ადგილებზე (ერთ-ერთ მათგანს ამაღლება ქვია), მოწიწებით ეამბორებიან მამა-პაპათა სისხლშემშრალ ქვებს და ტრაპეზსაც ამზადებენ მათი სულების საოხად.

2001 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ირანში ვიზიტის დროს, მისი უწმინდესობის მიერ საქართველოდან ჩატანილი მიწაც, როგორც სამშობლოდან მიძღვნილი უდიდესი საჩუქარი და წყალობა, ადგილობრივმა ქართველებმა პირველ რიგში სასოებით მოაყარეს მათ ნეშტთ.

წმიდა სინოდმა განიხილა ირანში იძულებით გადასახლებულთა მოწამეობრივი ღვაწლი და დაადგინა: წმიდანთა დასში შეირაცხოს XVII-XVIII ს-ში სპარსეთში ქრისტიანული სარწმუნოებისათვის მუსლიმთაგან მოწყვეტილი ყოველი ქართველი და ეწოდოს მათ: „წმიდა მოწამენი ქართველნი, სპარსეთში მოწყვეტილნი“. მათ სახელზე დაიწეროს ხატი და შედგეს ტროპარ-კონდაკი.

ირანში ქრისტესთვის მოწყვეტილ ქართველთა ერთ-ერთი წამების ადგილის სახელწოდების მიხედვით, მათი ხსენების დღედ დადგინდეს მაცხოვრის ამაღლების დღესასწაული.



ლაზეთი, კოლხური წიაღის განუყოფელი ნაწილია. იგი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ძარღვი და ჩვენი კულტურის უძველესი კერაა. წმ. ანდრია მოციქულმა, ღვთისმშობლის წილხვედრი ჩვენი ერის მოქცევა სწორედ აქედან დაიწყო.

XVII-XVIII საუკუნეებში ათასობით ლაზი დაისაჯა მაჰმადიანთაგან ქრისტეს სჯულის და სამშობლოს ერთგულებისათვის. დაახლოებით 1600-1620-იან წლებში 300 ლაზ მეომარს მოკვეთეს თავი, რის შემდეგაც ამ ადგილს „დუდიკვათას“ (თავისკვეთის) გორა ეწოდება. ხოლო იქვე მთაზე მდებარე მამათა მონასტერთან სასულიერო პირთა მოწამეობრივი აღსრულების ადგილს - „პაპათის“ (სამღვდელოთა) გორა. გადმოცემით ამ მიდამოებში საერთოდ 30000 ლაზისთვის მოუკვეთავთ თავი. ფსალმუნში ვკითხულობთ: „ნეტარ არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა“.

წმიდა სინოდმა განაჩინა: XVII-XVIII საუკუნეებში „პაპათისა“ და „დუდიკვათის“ გორაზე მოწყვეტილი მართლმადიდებელი სასულიერო და საერო პირნი, ასევე ქრისტიანობისათვის წამებული ყოველი ლაზი შერაცხილ იქნას წმიდანად და ეწოდოს მათ: „სარწმუნოებისა და საქართველოსთვის დუდიკვათსა და პაპათში მოწყვეტილნი წმიდა ლაზი მოწამენი“.

მათი ხსენების დღედ დადგინდეს 29 აპრილი (ძვ. სტ.) (წმ. ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე), დაიწეროს ხატი და შედგეს ტროპარ-კონდაკი.



წმიდა სინოდმა იმსჯელა იღუმენ ექვთიმეს (კერესელიძე) წმინდანად შერაცხვის შესახებ.

იღუმენი ექვთიმე კერესელიძე საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული მოღვაწეა. იგი სიყრმიდანვე თავმდაბლობისა და მოთმინების მაგალითი იყო. სასულიერო ცხოვრებაში, კი მას დიდად მშრომელ და მლოცველ ასკეტ ბერად იცნობდნენ. ფასდაუდებელია მისი დამსახურება ძველი ქართული საეკლესიო გალობის გადარჩენის საქმეში. რომ არა მისი ურყევი რწმენა და თავდადება, ჩვენი ეროვნული საუნჯე დიდ საგანძურს დაკარგავდა. ამ საქმისადმი მამა ექვთიმეს თავგანწირულმა სიყვარულმა და შემართებამ შთამომავლებს 5532 საეკლესიო საგალობელი შეუნარჩუნა. მან საკუთარი კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის ფასად დაიცვა უნიკალური მემკვიდრეობა და მომავალ თაობას მისცა შესაძლებლობა წინაპართა საოცარ სულიერ სიმაღლეთ ზიარებოდნენ.

წმიდა სინოდმა განაჩინა: იღუმენი ექვთიმე (კერესელიძე) ქართული საეკლესიო საგალობლების გადარჩენისათვის გაწეული ღვაწლის გამო შეირაცხოს წმინდანად და ეწოდოს სახელად ექვთიმე აღმსარებელი.

მისი ხსენების დღედ დადგინდეს ექვთიმე დიდის ხსენების დღე. დაიწეროს ხატი და შედგეს ტროპარ-კონდაკი.

წმიდა სინოდმა იმსჯელა ბეთანიაში მოღვაწე ბერების არქიმანდრიტ იოანესა (მაისურაძე) და არქიმანდრიტ გიორგის (მხეიძე) - სქემაში იოანეს წმიდანად შერაცხვის თაობაზე.

არქიმანდრიტი იოანე 17 წლის მანძილზე ათონის მოაზე ეწეოდა სულიერ ცხოვრებას. შემდეგ კი დაბრუნდა საქართველოში და არქიმანდრიტ გიორგისთან ერთად წლებს მანძილზე იღვწიდა ბეთანიის მონასტერში. ბეთანიაში დამკვიდრებამდე და შემდეგაც მათ მრავალჯერ განიცადეს დევნა უღმერთო ხელისუფალთაგან. ბოლშევიკებმა მამა იოანეს დახვრეტაც სცადეს, მაგრამ იგი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ამ ორი თავგანწირული მოძღვრის პიროვნული ღირსებანი და მაღალი სულიერობა ათეისტებზეც კი დიდ გავლენას ახდენდა. ამის გამო იყო, რომ მაშინ, როდესაც საქართველოში თითქმის ყველა მონასტერი დაიხურა, ბეთანია, სადაც ისინი მოღვაწეობდნენ, კვლავ მოქმედად რჩებოდა. ეს ორივე დიდი მამა უჩვეულო გულკეთილობითა და სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა. მათ ლოცვებს სასწაულები ბევრჯერ მოუხდენია და თვითონაც გამხდარან ღირსნი საღვთო გამოცხადებებისა. მორწმუნენი დღესაც ამ არქიმანდრიტთა საფლავებს დიდი კრძალვით მიეახლებიან.

წმიდა სინოდმა განაჩინა: არქიმანდრიტი იოანე (მაისურაძე) და არქიმანდრიტი გიორგი (მხეიძე) სქემაში იოანე, ათეისტურ პერიოდში საქართველოს ეკლესიაში გაწეული დიდი ღვაწლისათვის შურაცხილ იქნან წმიდანად და სახელად ეწოდოთ იოანე აღმსარებელი და გიორგი-იოანე აღმსარებელი.

მათი ხსენების დღედ დადგინდეს 8 სექტემბერი (ძვ. სტ.) - 21 სექტემბერი (ახ. სტ.). დაიწეროს ხატი და შედგეს ტროპარ-კონდაკი.



წმიდა სინოდმა დააარსა ახალი ეპარქიები და გამოირჩია მღვდელმთავრები:
გურჯაანისა და ველისციხის - არქიმანდრიტი ექვთიმე (ლეჟავა);
საგარეჯოსა და ნინოწმიდის - არქიმანდრიტი ლუკა (ლომიძე);
დმანისის - არქიმანდრიტი ზენონი (იარაჯული);
ფშავ-ხევსურეთისა და თიანეთის - არქიმანდრიტი იეგუდიელი (ტაბატაძე);
სენაკისა და ჩხოროწყუსი - იღუმენი შიო (მუჯირი).



წმიდა სინოდმა იმსჯელა ქართული საეკლესიო გალობის შესახებ.

აღინიშნა, რომ ქართულ საეკლესიო გალობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, რომ ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულები VI-VII საუკუნეებს განეკუთვნება (ხანმეტი ლექციონარი, უძველესი იადგარი), ხოლო ნევმირებული ნიმუშები - X საუკუნის პირველ ნახევარს. საგულისხმოა, რომ ამ კრებულებში მოცემული ქართული სამუსიკო დამწერლობა და მისი პრინციპები განსხვავდება იმდროინდელი ბიზანტიური სამუსიკო დამწერლობისაგან.

რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, მაგ. გიორგი მთაწმინდელის მიერ თარგმნილი და მისი ხელით გადაწერილი პარაკლიტონის მინაწერში საუბარია ბერძნულიდან ნათარგმნ შუაღამის გალობათა ძლისპირების „ქართულ ავაჯზე“ ანუ ქართულ ჰანგზე.

სხვაგან, - მარხვანის კრებულში, გიორგი მთაწმინდელი შუაღამის-დასდებლების შესახებ საუბრისას განასხვავებს ამ საგალობლების ბერძნულ ჰანგს და ქართულ რვა ხმათა ძლისპირთა ჰანგს, რომელსაც იგი 400 წელზე მეტი ხნისად მიიჩნევს („...რომელი ძველთაგან ვიცით, იგი ეგრეთვე ითქუმოდის რვათამცა ხმათა შინა არს და კმა არს ჩუენდა თუ არა, ამას გუერდსა ოთხასი წელი უფრო ახსოვს....“).

ცნობილია, ასევე, იოანე პეტრიწის მსჯელობა, სადაც იგი მიუთითებს, რომ სამუსიკო ქმნილებებში სწორედ სამი ფთონგის, სამი ხმის მეშვეობით ხორციელდება სიმებისა და ხმების ნებისმიერი შეწყობა („...სამთა მიერ ფთონგთა - შეინაწევრების... რანივე მრთველობანი ძალთა და ხმათანი...“). ამასთან, იგი სამი ხმის ერთობის საღვთისმეტყველო გააზრებას გვთავაზობს და აღნიშნავს, რომ ხმათა ეს ჰარმონია სულიწმიდისმიერია („...ყოვლითურთ სამოსოი არს ჩუენი ესუ სამოყუსოი მორთული წმიდისა მიერ სულისა, და ესეცა სამთა მიერ ფთონგთა, ვიტყვი სამთა დაბამვათა...“).

ქართული გალობის შესახებ ცნობებს ვხვდებით ს. ბელოკუროვის წიგნში „Поездка старца Арсения Суханова в Грузию (1637-1640 г.г.)“. რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული სასულიერო პირები საგანგებოდ აღნიშნავენ საეკლესიო გუნდის მიერ საგალობლების სამ განსხვავებულ ხმაში შესრულების შესახებ („...ино и толсто тянет; а ино и средним гласом, а ино и тонко...“). ასევე იმას, რომ ქართული გალობა არც ბერძნულს ჰგავს და არც რუსულს („на греческое и на русское не походило“) და რომ ქართველებს საკუთარი სამუსიკო ნიშნები აქვთ („...свое у них знамя“).

ტრადიციის უწყვეტობას ადასტურებს ქართული საეკლესიო გალობის XIX საუკუნის ნევმირებული ხელნაწერები, საუკუნეთა განმავლობაში ქართული სამუსიკო დამწერლობის პრინციპები არ შეცვლილა. დღეს მეცნიერულად არის დამტკიცებული გვიანდელი ნევმური ნოტაციის პირდაპირი, გენეტიკური კავშირი X-XI საუკუნეების სამუსიკო დამწერლობასთან.

ცნობილია, რომ ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, განსაკუთრებით კი ათეისტურ პერიოდში, მორწმუნენი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მრავალი სასულიერო პირი, მგალობელი და მრევლი ეკლესიას იძულებით ჩამოაშორეს. ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე მდგარ ეკლესიაში ბუნებრივია, რომ კანონიკური გალობაც დაიჩაგრა და იგი თანდათანობით შეცვალა ახლადშეთხზულმა არაქართულმა (რუსული, ევროპული და სხვა) ჰანგებმა, რისი გამოვლინებებიც დღესაც გვაქვს სხვადასხვა ტაძრებში.

ბოლო ხანებში კი ზოგიერთი სასულიერო პირი პატრიარქისა და წმიდა სინოდის ლოცვა-კურთხევის გარეშე ცდილობს, დანერგოს ბიზანტიური გალობის კილო და მას მიუსადაგოს საგალობლის ქართული სიტყვები; რითაც მახინჯდება და არაბუნებრივი ხდება როგორც ბერძნული საგალობელი, ისე ჩვენი ეკლესიის ტრადიცია.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არავის შეჰპარვია ეჭვი ქართული მრავალხმიანი გალობის კანონიკურობაში. ეს ტრადიცია ჩვენამდე ცოცხლად მოიტანეს წმიდა მღვდელმთავრებმა გაბრიელმა (ქიქოძე) და ალექსანდრემ (ოქროპირიძე), სასულიერო პირებმა: გრიგოლ, ვასილ (სტეფანე), პოლიევქტოს და ფილიმონ კარბელაშვილებმა, რაჟდენ ხუნდაძემ, ექვთიმე კერესელიძემ, საერო მოღვაწეებმა: წმიდა ილია მართალმა, ფილიმონ ქორიძემ, ანტონ დუმბაძემ, არტემ ერქომაიშვილმა და სხვებმა. ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებმა: წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II-დან დაწყებული ვიდრე დავით V-მდე. ქართველმა ბერ-მონოზვნებმა, მათ შორის არქიმანდრიტმა იოანე მაისურაძემ, რომელიც 17 წელი მოღვაწეობღა ათონის მთაზე და შემდეგ მოუწია საქართველოში დაბრუნება და ბეთანიაში მსახურება.

დღეს, როდესაც საქართველოს ეკლესიაში მრავალ კეთილ საქმეს დაედო სათავე, აუცილებელია გალობის საეკლესიო ტრადიციის სრულად აღდგენა და დაცვა.

წმიდა სინოდმა განაჩინა: ქართულ საეკლესიო გალობას ერისა და ეკლესიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და განაპირობებს მის სულიერ, ზნეობრივ და კულტურულ განვითარებას. ამა თუ იმ ხალხისთვის გალობა, ისევე როგორც ენა, წარმოადგენს თვითმყოფადობის გამომხატველ უმნიშვნელოვანეს საშუალებას. აქედან გამომდინარე, ისტორიულ ტრადიციებზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური გალობა იყო და არის მრავალხმიანი ქართული ტრადიციული გალობა. მისი აღსრულება სავალდებულოა ყოველ ქართულ ტაძარში და ყველგან, ქართულ ენაზე აღვლენილი ღმრთისმსახურების დროს. მგალობელთა გუნდებს ეძლევათ ლოაცვა-კურთხევა, რათა ე.წ. რუსული, ევროპული და ბიზანტიური გალობა ნახევარი წლის განმავლობაში შეცვალონ ქართული კანონიკური, მრავალხმიანი გალობით. საგალობლების თანდათანობით შეცვლას ზედამხედველობა გაეწევა საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრის მიერ. იმ მოძღვრის მიმართ კი, რომელიც დაარღვევს წმიდა სინოდის დადგენილებას, მიღებულ იქნება საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები.



წმიდა სინოდმა იმსჯელა იმ უარყოფით პროცესებზე, რომელთა განვითარებაც დეკანოზ ბასილ კობახიძის სახელს უკავშირდება.

აღინიშნა, რომ იგი იერარქიის კურთხევის გარეშე აწარმოებს მოლაპარაკებებს და არასწორ ინფორმაციას აწვდის ხელისუფლუბის ზოგიერთ წარმომადგენელს. ამასთან, მისი გამოსვლები მასმედიით, საერო შეხვედრებსა და პრესკონფერენციებზე ატარებს პროვოკაციულ და ცილისმწამებლურ ხასიათს და დაპირისპირებას თესავს როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებაში. დეკანოზი ბასილ კობახიძე თვითნებურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა რელიგიურ შეხვედრებშმი, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, რითაც უგულებელჰყოფს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებებს და არღვევს საეკლესიო კანონიკას. მის ასეთ ქმედებებს ეკლესიასთან მიმართებაში, ერთი მხრივ, შეცდომაში შეჰყავს ჩვენი საზოგადოების ნაწილი, მეორე მხრივ, იგი ბიძგს აძლევს გარკვეულ ანტიეკლესიურ ძალებს გააქტიურებისაკენ.

ეკლესიის მართვა-გამგეობა ეფუძნება ღვთივდადგენილი იერარქიის აღიარების პრინციპს. მიციქულთა 29-ე კანონი ბრძანებს: „მღვდლებმა და დიაკონებმა არაფერი არ უნდა მოიმოქმედონ იერარქიის გარეშე“. იგივეს იმეორებს ლაოდიკიის 57-ე კანონი: „მღვდლები ნურაფერს მოიმოქმედებენ ეპისკოპოსის გარეშე“.

აღნიშნული განჩინებანი საფუძველია ეკლესიაში ერთობისა და მშვიდობისა, ხოლო მისი დარღვევა - სათავე შფოთისა და დაპირისპირებისა, რისი საბოლოო შედეგიც, საშინელი ცოდვა - განხეთქილებაა. განხეთქილება კი იმდენად მძიმე დანაშაულია, რომ იგი მოუნანიებლობის შემთხვევაში, მოწამეობრივი სისხლითაც ვერ განიწმინდება.

წმიდა სინოდმა განაჩინა: მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ ბასილ კობახიძეს მიეცა პირადი გაფრთხილება, რაც მან, სამწუხაროდ, არ შეისმინა, სახარებისეული სწავლების გათვალისწინებით წმიდა სინოდი მთელი ეკლესიის წინაშე ამჟამად უკვე უკანასკნელად აძლევს მას მკაცრ გაფრთხილებას, რათა შესწყვიტოს ლოცვა-კურიხევის გარეშე მოქმედება და მოინანიოს ჩადენილი დანაშაული. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი განიკვეთება სამღვდელო ხარისხიდან.



წმიდა სინოდმა იმსჯელა მღვდელ შიო ზედგენიძის შესახებ.

სამთავისისა და გორის ეპარქიის მღვდელი შიო ზედგინიძე, რომელმაც მიატოვა კანონიერი მეუღლე, შეირთო სხვა ქალი და შემდგომ თავი გამოაცხადა ეპისკოპოსად, სასულიერო პირის ყოვლადშეუფერებელი საქციელის გამო სრულიად განიკვეთა სამღვდელო ხარისხიდან.

წმიდა სინოდმა განიხილა მღვდელმოქმედება აკრძალული ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) მიმართვა სინოდისადმი.

მღვდელმოქმედება აკრძალული ეპისკოპოსი ქრისტეფორე ასრულებს ცრუ ღვთისმსახურებას და შეცდომაში შეყავს მორწმუნე მრევლი; მისი მღვდელმოქმედება არაკანონიკურია.

წმიდა სინოდმა განაჩინა: მღვდელმოქმედება აკრძალული ეპისკოპოსი ქრისტეფორე გაიგზავნოს შიომღვიმის მონასტერში მოსანანიებლად. მონანიების შემთხვევაში, მის შესახებ იმსჯელებს წმიდა სინოდის შემდგომ სხდომაზე.

წმიდა სინოდმა მოისმინა სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვრის, იღუმენია ქეთევანის თხოვნა - მოციქულთა სწორთა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ხსენების წელიწადში ორჯერ აღნიშვნის შესახებ.

წმიდა სინოდმა განაჩინა: მოციქულთა სწორთა მირიანისა და ნანას ხსენება საეკლესიო კალენდრით წელიწადში ორჯერ დადგინდეს და მეორედ ეს დღესასწაული აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნოს.


გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 33-34, 2003 წ.


 

წმიდა გრიგოლ პალამა – სიყვარულისათვის

Email Print PDF

იესო ქრისტეს ერთ-ერთი პირველწოდებული მოციქულის იოანე ქალწულ-მახარებლის ხსენებას ვდღესასწაულობთ დღეს და ვადიდებთ ქრისტეს როგორც მოციქულთა მამას, უკეთ რომ ვთქვათ, იმათ პატრიარქს, “რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ჴორცთაჲთა, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს.”(იოანე, 1.13). ვითარცა იაკობის სხეულიდან იშვა თორმეტი პატრიარქი, მშობელნი ისრაელიანთა თორმეტი შტოსი, ასევე სულიერად შვა ქრისტემ თორმეტი მესაიდუმლე. მან ცოდვით დაცემულ იუდა ისკარიოტელის ნაცვლად ციდან პატივი მიაგო დიდ პავლეს და მოციქულად შერაცხა. ამიტომ პატრიარქთაგან ნაშობნი თუ რაოდენობრივად აშკარად არ უთანაბრდებიან მოციქულებს, ამაში არც არაფერია გასაკვირი. რამეთუ სულიერი მადლი განუყოფლად განიყოფება.

ადამიანს, მართალია, გრძნობათა ხუთი ორგანო აქვს, მაგრამ როდესაც საქმე სულს ეხება, იგი წარმოადგენს რაღაც ერთიან, განუყოფელ შეგრძნებათა ერთობლიობას, თუმცაღა სახეობრივად ხუთ ორგანოში ნაწილდება. წყლის თორმეტი ნაკადი, რომელთა ნაპირებზეც დაესახლნენ უდაბნოში მოგზაურობის დროს მწყურვალე ისრაელიანნი მოსეს წინამძღოლობით (გამოსლვ. 15.27), ამ თორმეტ მოციქულს განასახიერებდა წინდაწინ. რამეთუ ეს იყო ბრბო, რომელსაც კერპთაყვანისმცემლობის წყალობით თავსდამტყდარი წყურვილი სულიერმა სარწყავმა მოუკლა, ოდეს უღმრთო კაცობრიობის მოდგმა თვალუწვდენელი უდაბნოების გავლით მოემართებოდა დასაბამიდან. შემდგომ თორმეტი ქვა, ისუ ნავესის მიერ ბანაკში დადებული იორდანეს საკვირველი გადალახვის ნიშნად (ისუ ნავ. 4.8), კვლავ წინასწარ ამ თორმეტს განასახიერებდა. ისინი სამარადისოდ შეგვახსენებენ, რომ ჭეშმარიტმა იესომ გზა გადაუღობა ცოდვის ნაკადს, რომელსაც დაეტბორა სამყარო და მორწმუნეებს მისცა მეუფება, გზა ცხოვრებისა გალიონ უშფოთველად, ვითარცა ისრაელიანებს შეაძლებინა ოდესღაც იორდანე გადაელახათ ისე, თითქოს ხმელეთზე გაევლოთ.

Read more...
 

წმიდა გრიგოლ პალამა – ლოცვისა და ფსალმუნებისათვის

Email Print PDF

ღმერთმა გონების თვალი აგვიხილა, უხვად დაგვაბერტყა უსაზღვროდ მადლიანი კალთა, უამრავი სიკეთით დაგვამწყალობა, მაგრამ ძე ხორციელთაგან ჯერ არავინ დაბადებულა დედამიწის ზურგზე, რომელიც შეძლებდა უფლისთვის ღირსეული მისაგებელი მიეგო ამის სანაცვლოდ. დავით მეფე-წინასწარმეტყველი ფსალმუნებში ამბობს: “რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე?” (ფს. 115.3). რაკიღა წინასწარმეტყველი იმათ მიმართავს, ვისთვისაც ადვილი მისახვედია ამ სიტყვებში ნაგულისხმევი, დაწვრილებით აღარ ჩამოვთვლი იმ წყალობებს, ადამიანის გაჩენამდე რომ არსებობდა. იგი მხოლოდ ისეთ წყალობაზე ჩერდება, რომლებიც ადამიანს ღვთისგან ებოძა გაჩენის შემდგ. რანი იყვნენ ეს წყალობანი ადამიანის დაბადებამდე, ანუ ვიდრე ადამიანი ხორცს შეისხამდა ღმერთს რაგვარი წყალობანი ჰქონდა მისთვის განმზადებული?
ცა და დედამიწა, მთლიანად გარესამყარო და ცოტაოდენი, შესაძლოა, ზესამყაროსეულიც, რასაც სული ჩვენი გულისათვის შთაბერა. რამეთუ ყოველივე ეს ადამიანის შექმნამდე არსებობდა და არაფრისაგან ქმნილი, ჩვენთვის წინდაწინვე კაცთმოყვარულად იყო განმზადებული. რატომ არის, რომ უპირველესად იგი ეძლევა ამქვეყნად მოსულ ყოველ ძეხორციელს საარსებოდ და შესატკბობად? ეს ხომ არც ჯილდოა რაიმე დამსახურების წილ, არც საზღაური, არამედ გაღებულია უანგაროდ, ვითარცა საჩუქარი ყოვლად სულგრძელი და მრავალმოწყალე ღვთისაგან, რომელსაც განურჩევლად ყველას დამწყალობება ხელეწიფება. “რაჲ გაქუს?” – კითხულობს პავლე მოციქული – “რომელი არა მიგიღებიეს?” (I კორ. 4.7), “ანუ ვინ წინაწარ მი-რაჲმე-სცა მას და კუალად მიეგოს მას?” (რომ. 11.35). ასე რომ, თავს ვიკავებ ეგზომ მრავლისმომცველსა და ესოდენ მრავალმნიშვნელოვან საკითხში ჩაღრმავებისაგან და მხედველობაში მაქვს მხოლოდ სამყარო, მასში არსებულით და ზესამყარო, ხოლო ჩვენ, შემყურეთ ამა წყალობათა, რომლითაც ღმერთმა გაჩენის დღიდანვე დაგვასაჩუქრა, საგონებელში გვაგდებს, თუ ვითარ შეიძლება ამის წილ სანაცვლოდ მიგება.

Read more...
 

წმიდა გრიგოლ პალამა – ყოვლადწმინდა მარიამის, ქალწულისა და დედა-ღმრთისმშობლის შობისათვის

Email Print PDF

ადამიანის ცხოვრებაში ნებისმიერი დრო და ჟამი შეიძლება მივიჩნიოთ ახალი, სულის მხსნელი ცხოვრების დასაწყისად. სწორედ ამას გულისხმობდა წმინდა პავლე მოციქული, როდესაც ამბობდა: “აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ. და ვითარცა დღესა შინა, შუენიერად ვიდოდით ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, ნუ ჴდომითა და შურითა, არამედ შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე და ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ.” (რომ. 13. 11-14).

რასაკვირველია, ძნელია ზუსტად მივანიშნოთ სულის მაცხოვნებელი დრო და ჟამი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მაცხოვრის შობიდან თითქმის ყოველი ჟამი შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის სულის გადასარჩენად. როგორც კი ირიჟრაჟებს და მზე თავის ცხოველსმყოფელ სხივებს მოჰფენს არემარეს, ადამიანები ყოველდღიურ საქმიანობას იწყებენ. დავით მეფე წინასწარმეტყველიც ხომ ამბობს: “აღმოუბრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თჳსთა დაადგრიან. გამოვიდეს კაცი საქმესა თჳსსა და შრომასა თჳსსა მიმწუხრადმდე” (ფს. 103. 22-23). ასევე, ოდეს აღმობრწყინდება მზე სიმართლისა, ყოველი წუთი სულიერი ცხოვრების დასაწყისია.

მეფე-დავით წინასწარმეტყველი უფალს ესავს და ღაღადებს: “ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა; უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა. ესე არს დღე უფლისაჲ, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა. ჵ, უფალო, მაცხოვნე მე, ჵ, უფალო, წარმიმართე მე” (ფს. 117. 22-24).

გრძნობადი მზე ჩამავალია, ღამის წყვდიადი ისადგურებს ამ მზის ჩასვლისთანავე. ადამიანი ხომ დილიდან საღამომდე ფუსფუსებს. მზე სიმართლისა კი, წმინდა პავლე მოციქულის თქმით, აბრწყინვებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად და “ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა, რომლისა თანა არა არს ცვალება, გინა თუ ქცევისა აჩრდილ” (იაკ. 1.17).

ცნობილია, რომ ამქვეყნად ყოველგვარ საქმიანობას შესაფერისი დრო და ჟამი აქვს. არის ჟამი თესვისა და არის ჟამი მკისა, არის ჟამი დასვენებისა და არის ჟამი მოსავლის აღებისა. ასევე, ქველმოქმედებისა და სათნოებისათვის, სულის საცხოვნებლად ადამიანებს ღვთისაგან აქვთ ბოძებული შესაფერისი დრო-ჟამი.

Read more...
 

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი - ლუკას სახარების განმარტება

Email Print PDF

1-11 თავები
თავი პირველი
[ თ. 1, მ. 1-4]

1. ვინაჲთგან უკუე მრავალთა ჴელ-ყვეს აღწერად მოთხრობისა საქმეთათჳს გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის, 2. ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თჳთ-მხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის, 3. ჯერ-მიჩნდა მეცა, რომელი შეუდეგ პირველითგან ყოვლითა ჭეშმარიტებითა, შემდგომითი შემდგომად მიწერად შენდა, მჴნეო ღმრთის-მოყუარეო თეოფილე, 4. რაჲთა სცნა, რომელთათჳს-იგი ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ.

ვინ იყვნენ ეს მრავალნი, რომელთაც ხელი მიჰყვეს? ცრუ მოციქულნი. ვინაიდან, მართლაც მრავალნი ადგენდნენ სახარებას, როგორიცაა, მაგალითად, ეგვიპტელთა სახარება და სახარება წარწერით „ათორმეტთაგან“. მათ მხოლოდ ხელი მიჰყვეს, მაგრამ ვერ დაამთავრეს. რამდენადაც მათ ღვთის მადლის გარეშე დაიწყეს, სწორედ ამიტომ ვერ დაამთავრეს. ამრიგად, ლუკამ კარგად თქვა „მრავალთა ხელ-ყვეს“. ჭეშმარიტად არა მრავალთა, კერძოდ მათემ და მარკოზმა, არა მხოლოდ დაიწყეს, არამედ დაამთავრეს კიდეც, ვინაიდან მათ ჰქონდათ სული, სრულყოფილების შემქნელი. „საქმეთათვის გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის“. რადგანაც ის, რაც ქრისტეს შეეხება, არა უბრალოდ შიშველი გადმოცემებითაა ცნობილი, არამედ ჭეშმარიტია, სრულიად მართალია და სავსებით დასაბუთებადი, და როგორაა, გვითხარი ლუკა, ეს დასაბუთებადი? „ვითარცა იგი მომცეს ჩვენ, რომელნი დასაბამითგან თვითმხილველ და მსახურ ყოფილ იყვნენ სიტყვისა მის“. აქედან ჩანს, რომ ლუკა თავიდანვე კი არ იყო მოწაფე, არამედ შემდგომში გახდა. ვინაიდან სხვები იყვნენ მოწაფენი „სიტყვისა მის დასაბამიდანვე“, მაგალითად პეტრე და ზებედეს ძენი (მათე 4; 18-22). სწორედ მათ გადასცეს ლუკას ის, რაც მას არც უნახავს, არც მოუსმენია. „რაჲთა სცნა, რომელთათვის - იგი ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ“. ეს მესმის მე ორგვარად, ჯერ - ერთი ასე: ადრე მე თეოფილე წერილის გარეშე გმოძღვრიდი, ახლა კი, გადმოგცემ რა დაწერილ სახარებას, განვამტკიცებ შენს გონებას, რათა არ დაივიწყო ის, რაც წერილის გარეშე გადმოგეცი; მეორეც ასე: ჩვენ, ადამიანებს, ხშირად გვაქვს ჩვეულება, რომ როდესაც ვინმე დაუწერლად გვეუბნება რაიმეს, ვიეჭვოთ, რადგან შეიძლება ის ტყუილსაც გვეუბნებოდეს, მაგრამ როცა წერს, გვწამს იგი არ დაწერდა მტკიცედ რომ არ იყოს დარწმუნებული თავისი სიტყვების ჭეშმარიტებაში. მახარებელიც ასე ამბობს: იმიტომ დაგიწერე სახარება, რომ მეტად იყო დარწმუნებული იმაში, რაც წერილის გარეშე გასწავლე, გექნება რა ახლა ჩემს მიმართ მეტი ნდობა, მაშინ, როდესაც მე იმდენად ვარ დარწმუნებული წერილის გარეშე გადმოცემულის ჭეშმარიტებაში, რომ იგი წერილითაც გადმოვეცი. არ უთქვამს „რათა იცოდე“, არამედ „რათა სცნა“, ანუ ორჯერ მეტი ცოდნა მიიღო და ამასთან მტკიცედ დარწმუნდე, რომ არ ვტყუი.

Read more...
 

ადამიანი თუ ღვთის კურთხევას ემორჩილება, ყოველთვის წარმატებულია

Email Print PDF

 სადღესასწაულო სახარებას განმარტავს პროტოდიაკონი, მამა მირიანი (სხირტლაძე)

სახარება ლუკასი, მე–5 თავი,

1–11 მუხლები


ამჯერადაც საუბარი გვექნება იესო ქრისტეს უსაყვარლეს მოწაფეზე – იაკობზე, რომელიც იყო ზებედეს შვილი და იოანე მახარებელის ძმა. ესენიც, ანდრიას და პეტრეს მსგავსად, ღვთისგან იყვნენ მოწვეულნი და მაშინვე დათანხმდნენ ღვთის მოწვევას, რის შემდეგაც მიატოვეს ზებედე ნავში და გაჰყვნენ მაცხოვარს. მაცხოვარმაც ისე შეიყვარა ისინი, რომ თავისი უსაყვარლესი მოწაფეები უწოდა. იაკობი, ისევე როგორც იოანე, მზად იყო, საკუთარი სიცოცხლე მიეცა თავისი მოძღვრისთვის, რაც დაამტკიცა კიდეც, როცა ამის აუცილებლობა დადგა. ჰეროდე აღრიპამ დანით განგმირა მოციქული იაკობი, როგორც ეს მოთხრობილია მოციქულთა საქმეში (საქ. მოც. 12,2). აი, რა არის მთავარი ჩვენთვის, მისი თავდადება ჭეშმარიტი ღვთისადმი და ჭეშმარიტებისადმი. გადმოცემის თანახმად, იერუსალიმის შემდეგ მისიონერობა გაუგრძელებია ევროპაში, კერძოდ, ესპანეთში და დღემდე ითვლება მოციქული იაკობი ესპანელი ხალხის განმანათლებლად. უამრავი დიდგვაროვანის თუ მდაბიო წარმართის გაქრისტიანება და ჭეშმარიტებისაკენ შემობრუნება უკავშირდება წმიდა იაკობ მოციქულის სახელს, მეთევზე კაცი გადაიქცა სულების, ადამიანების მებადურად, რომელთა რიცხვი შეიძლება მილიონებსაც კი აჭარბებდეს. გვეწეოდეს და მეოხ გვეყოს მოციქული იაკობი, რათა ცოდვათა შენდობა მივიღოთ და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა. 

1. "და იყო ვითარ ერი იგი დაესხმოდა მას სმენად სიტყუასა ღმრთისასა, და თავადი დგა კიდესა თანა ტბისა მის გენესარეთისასა".

იმ დროს, როცა იდგა გენესარეთის ტბის პირას და ხალხი გარს შემოხვეოდა მაცხოვარს, რათა მისი ბაგიდან ღვთის სიტყვა მოესმინათ.

2. "და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მის ტბისასა; ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა".

დაინახა ორი ნავი, რომლებიც მეთევზეებს მოეყენებინათ ტბის ნაპირზე, მეთევზეები კი იქვე ნავებთან ახლოს ბადეებს რეცხავდნენ. ნავები იმდენად პატარები იყო, რომ მათი უყურადღებოდ მიტოვება საშიშიც კი იყო, რადგან პატარა ნიავიც კი ადვილად გაიტაცებდა და გადააბრუნებდა. გადმოცემის თანახმად, გენესარეთის ტბაში 130–მდე ასეთი ნავი დაცურავდა სათევზაოდ.

Read more...
 

სულიერი ღვაწლი–გამადიდებელი შუშით

Email Print PDF

–წმიდაო მამაო, გამუდმებით როგორ უნდა გრძნობდეს ადამიანი საკუთარ ცოდვილობას?
–ადამიანი შეძლებს დაინახოს საკუთარი ცოდვილობა, თუკი ყურადღებით გამოიკვლევს თავს, რაც მეტი ყურადღებით იკვლევს თავს კაცი, მით მეტ ცოდვებს ხედავს მასში.
–ამგვარ მოღვაწეობას როგორ შეძლებსხ ის, ვინც მრავალი საზრუნავით არის დამძიმებული?
–ძალიანაც კარგად, თუკი ასეთი ადამიანი დღის განმავლობაში თუნდაც მცირე ხანს დაუთმობს იესოს ლოცვას, ანდა, საკუთარი სულიერი დავინაკარგების ა და შენაძენების აღსარისხავად გამონახავს დროს. აბა შეხედეთ: საბაყლოს პატერონი ფულს ყოველდღიურად ითვლის, საკუთარი ნამატი და დანაკლისი თუ არ აღრიცხა, გაკოტრდება, ვალი დაედება და შესაძლოა ციხეშიც მოხვდეს.
–წმიდაო მამაო, ზოგიერთმა ადამიანმა არ იცის რა თქვას აღსარებაზე, რატომ?
–ეს იმის ნიშანია, რომ მისთვის საკუთარ თავზე სულიერი მუშაობა სრულიად უცხოა. თუკი სულიერ ღვაწლს არ აღვასრულებთ, საკუთარ თავში თვით უხეშ შეცდომებსაც კი ვერ ვამჩნევთ ხოლმე. უნდა შევძლოთ, ჩვენი სულიერი თვალის განწმენდა. ბრმა ვერაფერს ხედავს. ცალთვალა ადამიანი ხედავს, მაგრამ ცუდად. ყველაფერს კარგად მხოლოდ ის ხედავს, ვისაც ორი ჯანმრთელი თვალი აქვს. მაგრამ თუკი თვით ასეთ ადამიანს ხელთ აქვს ტელესკოპი და მიკროსკოპი, მას შეუძლია ძალიან მკაფიოდ დაინახოს ისიც, რაც ძალიან შორსაა და ისიც, რაც ახლოსაა. ნაბისმიერი ხატის ამოკვეთა მე შემიძლია სამ დღეში დავასრულო, მაგრამ შემდეგ რამოდენიმე დღის განმავლობაში დავდებ ხოლმე, მერე კვლავ ხელში ავიღებ და ბევრ ნაკლს შევნიშნავ, ერთ ხატზე შეიძლება ვიმუშაო მთელი კვირა, მთელი თვე, ორი წელიც კი, თუ მოვინდომებ, შესაძლოა მასზე ხუტი წელი ვიმუშაო, თუმცა ასეთ შემთხვევაში მას გამადიდებელი შუშით ვაკვირდები. მინდა ვთქვა,რომ სულიერ მოღვაწეობას დასასრული არ აქვს. რაც მეტად წარემატება კაცი სულიერად, მისი სულის თვალები მეტად იწმიდება. და მაშინ საკუთარ ცოდვებს სულ უფრო დიდად და დიდად ხედავს იგი.

Read more...
 

სინანულს უდიდესი ძალა აქვს მოეგო თავსა თვისსა

Email Print PDF

ღმერთი ძალიან ახლოსაა ჩვენთან, და ამავე დროს ის ძალიან მაღლაა. იმისათვის, რომ ადამიანმა „მოსდრიკოს“ ღმერთი, რათა იგი გარდამოვიდეს და მასთან ურთიერთობაში იმყოფებოდეს, ამ ადამიანმა სიმდაბლე და სინანული უნდა მოიპოვოს. როდესაც კაცის სიმდაბლეს ხედავს, მრავალმოწყალე ღმერთი ზეცამდე ამაღლებს მას და მისდამი უდიდესი სიყვარული აქვს. „ესრეთ იყო სიყვარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა, რომელმან შეინანოს“ –გვეუბნება სახარება.
ადამიანს ღმერთმა გონება იმისთვის მისცა, რომ მან გაიზიაროს, რამდენედ დიდია მისი ცოდვა და შენდობა ითხოვოს. შეუნანებლობით ადამიანი მეტისმეტად გაქვავდა და გამოთაყვანდა, რადგანაც სინანული და იმ მცირე ჯოჯოხეთიდან გამოსვლა არ სურს, რომელშიც ცხოვრობს და რომელიც მას იმ უარესი– მარადიული სატანჯველისაკენ მიუძღვება. ამგვარად ის საკუთარ თავს იმ მიწიერ სიხარულსაც აკლებს, რომელიც შემდეგ გაცილებით დიდ, მარადიულ სიხარულად უნდა იქცეს და სამოთხეში ღმერთთან ყოფნით უნდა გაგრძელდეს.
ღვთისგან განშორებული ადამიანი საკუთარ თავს არ ეკუთვნის. სახარებაში წერია, რომ შეცდომილი ძე „მოეგო რა თავსა თვისსა, თქუა: აღვდგე და წარვდგე მამისა ჩემისა“ ანუ ძე შეცდომილმა მას შემდეგ, რაც გონს მოეგო და შეინანა, მამასთან დაბრუნება გადაწყვიტა. ცოდვაში რომ იმყოფებოდა, ის საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა, უგუნურად და უაზროდ ცხოვრობდა, რადგან ცოდვა ჯანსაღ აზრს მოკლებულია.
–წმიდაო მამაო, ამბა ანტონი ამბობს:“თუკი ადამიანი ისურვებს, ადამიანი შეძლებს დილიდან საღამომდე მისწვდეს საღვთო საზომს“. რა აქვს მას მხედველობაში?

Read more...
 

სინანულის ცრემლი

Email Print PDF

სინანული – ეს ცრემლით ნათლიღებაა. როდესაც ინანიებს, კაცი ხელახალ ნათლისღებას იღებს, ხელახლა იშობა. პეტრე მოციქულმა, თავისი უარყოფით რამდენადმე გასცა ქრისტე. თუმცა ის „ტიროდა მწარედ“ და ამიტომ ამ დაცემის შენდობა მიიღო, ანუ სინანულმა განბანა პეტრე მოციქული, კვლავ განწმინდა იგი. აბა შეხედე: ღმერთმა ხომ თავდაპირელად მიწა შექმნა, შექმნა ზღვა, ყველაფერი დანარჩენი, შემდეგ კი აიღო მიწა და შექმნა კაცი. თავდაპირველად ადამიანი იბადება ხორცით, შემდეგ კი წმიდა ნათლისღების საიდუმლოთი ხელახლა იშობა წყლისაგან, რომელიც ღვთის ქმნილებაა და სულიწმიდისაგან, რომელიც არის საღმრთო მადლი. „წყლითა და სულითა“ ხელახლა იშობა ადამიანი და ხდება იგი ახალი კაცი.
–წმიდაო მამაო, ანუ, იმის მსგავსად, როგორც ადამიანის შექმნისას აიღო მიწა და შექმნა იგი, დღეს წმიდა ნათლისღების საშუალებით ის იყენებს წყალს, რათა ხელახლა იშვას ადამიანი?
–დიახ, წყალს განმწმენდელი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ ნათლობისას ღვთისმსახური ადამიანს წყალში შთაფლავს. ადამიანი პირველქმნილი ცოდვისაგან განიბანება, ცოდვებისაგან განიწმინდება, მას საღმრთო მადლი მოეფინება, იგი შეიმოსს ქრისტეს და ახალ, ხელახლად შობილ ადამიანად იქცევა. როდესაც ქრისტესთან მისულმა ნიკოდიმოსმა ჰკითხა მას, თუ როგორ შეიძლება ადამიანს მეორედ შობა, ქრისტემ მიუგო მას:“ამინ, ამინ, გეტყვი შენ, უკეთუ არა ვინმე იშუეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა“. წმიდა ნათლისღების საიდუმლოში ადამიანი განახლდება, იქცევა ღვთის სრულყიფილ ქმნილებად –ცოდვით დაცემის შემდეგ. ამიტომ, თუ ადამიანმა ნათლისღება კვლავ არ შებღალა, მაშინ ის დიდ საღმრთო მადლს მიიღებს. თუკი ადამიანი თავის ცოდვას გააცნობიერებს, თუკი მის გამო ტკივილს იგრძნობს, მაშინ იგი სინანულის ცრემლით განიბანება და საღმრთო მადლი კვლავ მივა მასთან.
–წმიდაო მამაო, უკვე მრავალი წელია ჩემი ცოდვების გამო ტირილი აღარ შემიძლია, ცრემლი აღარ მაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი სინანული არ მაქვს?
–შენ რა, ამ ცოდვების გამო ტკივილს აღარ გრძნობ?
–ვგრძნობ, მაგრამ ეტყობა ეს ტკივილი საკმარისად ღრმა არ არის.

Read more...
 

სინანულის უსასრულო ხელსაქმე

Email Print PDF

–წმიდაო მამაო, რას ნიშნავს ბედნიერების ცრემლი?
–ბედნიერების ტირილი არის სიხარულის ნიშანი, სიხარულისა, რომელიც წარმოიშობა იმისგან, რომ რომელიც რაიმე ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვის გამო მწუხარებას განვიცდით. სიხარულის ცრემლში მწუხარება და სიხარულია შეერთებული. სწორედ ამიტომაც ჰქვია მას სიხარულის ცრემლი. ღვთისმოსაობის გამო ადამიანი წუხს იმაზე, რომ დაამწუხრა ქრისტე. მაგრამ, ამავე დროს იგი ხარობს კიდეც, რადგან საღმრთო ნუგეშისცემას გრძნობს. გულწრფელად მონანიე ცოდვილი ღვთისაგან შენდობას იღებს. საღმრთო ნუგეშისცემას გრძნობს და შეუძლია სულიერი სიხარული განიცადოს.
–წმიდაო მამო, შესაძლებელია, რომ ღვაწლში მყოფი ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში სინანულში ცხოვრებდეს?
–დიახ, თუ სწორედ მოღვაწეობს, ადამიანი საკუთარ წარმატებას ვერ ამჩნევს. ის მხოლოდ დაცემებს ხედავს და ამიტომ გამუდმებით სინანულშია. მან არ იცის, რომ თავდაპირველად ერთ ეშმაკს ებრძოდა, ახლა კი შესაძლოა, ეშმაკების მთელ მხედრობას ებრძვის. საერთოდ ხომ ასეა: რაც მეტად ცდილობს ადამიანი ვნების აღმოფხვრასა და საკუთარ თავში სათნოების დანერგვას, ამ ვნების ფესვების ირგვლივ მით მეტი ეშმაკი გროვდება (ისინი ამ ვნების ფესვებს ექაჩებიან და მოღვაწეს მის აღმოფხვრაში უშლიან ხელს). ასეთ დროს ადამიანი მეტად წარემატება, თუმცა ამ წარმატებას თავად ვერ ამჩნევს. ამგვარ მდგომარეობაში ადამიანმა შესაძლოა, მთელი ცხოვრება გაატაროს–ვიდრე სიკვდილამდე. შესაძლოა, მან ვერ დაინახოს თავისი წარმატება. შესაძლოა ეგონოს, რომ რადგანაც ეცემა, ერთ ადგილს ტკეპნის. სინამდვილეში კი, ასეთი ადამიანი სულიერად წარემატება, რადგანაც მისი ბრძოლა სულ უფრო რთულდება და სულ უფრო და უფრო მეტ ეშმაკთან უწევს ომი.
სულიერად მოღვაწე ადამიანისათვის სინანული დაუსრულებელი ხელსაქმეა. როდესაც ვინმე კვდება, მას გამოიტირებენ, მიწას მიაბარებენ და მერე კი ივიწყებენ... ცოდვების გამო ტირილი კი გამუდმებით მოგვიწევს. ამიტომაც ეს ღვაწლი აქ გონიერად, ქრისტეს იმედით უნდა აღვასრულოთ, რადგან მან ჯვარცმა დაითმინა იმისათვის, რომ ჩვენ აღვედგინეთ მკვდრეთით.

 

ცხოვრების შეცვლა

Email Print PDF

იმისათვის, რომ ცოდვით დაცემა აიცილოს თავიდან, ადამიანი ყოველივე იმას უნდა გაურბოდეს, რაც მასში ცოდვის ამ პროვოცირებას ახდენს. მაგალითად, თუკი ლოთს სურს, რომ სმას თავი დაანებოს, მაშიმ მან ყველანაირად უნდა მოარიდოს თავი ისეთ ადგილს, სადაც სასმელია. აუცილებელია მცირეოდენი მონდომება და კეთილი განწყობა; ასეთ დროს კი სახიერი ღმერთი სირთულეების გადალახვაში დაგვესმარება. მაგალითად: ადამიანი რაღაც ვნებით არის შეპყრობილი: ის აღიარებს ამ ვნებას, მის მოსაკვეთად იღწვის, ინანიებს, თავს იმდაბლებს, ყველანაირად განწყობილია, რომ მისგან განთავისუფლდეს. ეს განწყობა იცის ღმერთმა და ამიტომ ეხმარება მას. მაგრამ როგორ მიანიჭებს უფალი მადლს იმ ადამიანს, რომელიც თავად არ ცდილობს, რომ შეიცვალოს და ცოდვის აღსრულებას განაგრძობა?! ღვთის მადლი არ ეკარება იმ ადამიანს, ვისი მდგომარეობაც არასწორია, რადგანაც ეს მას ვერაფერს არგებს. მადლი რომ ასეთ შემთხვევაში ვინმეს შველოდეს, მაშინ ხომ ღმერთი მას ეშმაკსაც უწყალობებდა.
ადამიანი, რომელიც რაიმე ცოდვით დაეცა, მაგრამ ამ ცოდვაში ყოფნას არ განაგრძობს, ცოდვილ აზრზე უარს ამბობს, ინანიებს თავის დაცემას და იმ მიზნით მოღვაწეობს, რომ ის აღარ გაიმეოროს, ღვთის მადლს შეიწყნარებს და შეწევნას იღებს. თუმცა თუკი კაცს სინანული არა აქვს და ცოდვას მოდად მიიჩნევს, მსის მდგომარეობა დემონურია.
–წმიდაო მამაო, რანაირად გადარჩა ქრისტეს გვერდით ჯვარცმული ერთ–ერთი ავაზაკი?
–ეს ავაზაკი მესერზე აძვრა და იქიდან სამოთხის ბაღში გადახტა! „ავაზაკმან დაიმკვიდრა სამოთხე“! ანუ თავისი კეთილგონიერებით ამ ავაზაკმა თვით სამოთხის „დაყაჩაღებაც“ კი შესძლო.
–წმიდაო მამო, თუკი ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების შეცვლა შესძლო, ძველი ცოდვილი ჩვეულებების მიხედვით აღარ ცხოვრობს, მაგრამ ძველ ცოდვაში მაინც ვარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სინანული არ აქვს?
–თუკი ის ცდილობს გამოსწორებას და ამავე დროს მაინც ვარდება ცოდვაში, მაშინ მას დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოება აქვს. თავდაპირველად ცხოვრების შეცვლა ადვილი არ არის. მაგრამ როდესაც დანამდვილებით მიხვდება, რამდენად მძიმეა მის მიერ აღსრულებელი ცოდვები, ადამიანი მათ აღარ ჩაიდენს.

Read more...
 


Page 7 of 11

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


შემოქმედი 360

Banner

© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო