Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

1 თებერვალი

Email Print PDF

19(ახ.1.02) იანვარი


ღირსი ანტონ მარტყოფელი (VI); ქალწულმოწამე ევფრასია (+303); ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391); ღირსი მაკარი ალექსანდრიელი (+394-395); ღირსი არსენი, კერკირელი მთავარეპისკოპოსი (VIII); ღირსი მარკოზ ეფესელი (+1457).

წმიდა მამა ანტონ მარტყოფელი



ღირსი ანტონი ცამეტ ასურელ მამასთან (ხს. 7 მაისს) ერთად ჩამოვიდა საქართველოში. წმიდა იოანე ზედაზნელის კურთხევით ანტონი კახეთს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. მისმა მადლმოსილმა ლოცვამ და სასწაულებმა უამრავი ხალხი მიიზიდა. ანტონმა მათთვის ეკლესია ააშენა ალაზნის გაღმა, თვითონ კი მივარდნილ ადგილას დაეყუდა სამოღვაწეოდ. იგი მუდამ თან ატარებდა მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს. ღირსი მამა დღედაღამ ლოცლობდა სასწაულთმოქმედი ხატის წინ და ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას ავედრებდა უფალს.

უკაცრიელ ადგილას დამკვიდრებულ მოღვაწესთან ყოველ საღამოს მიდიოდნენ ირმები და თავიანთი რძით კვებავდნენ. ერთ საღამოს ირმები ადრე მივიდნენ, დაფეთებულნი. უკან დაჭრილი ნუკრი მისდევდათ. გაოცებული ანტონი ირმებს კვალში ჩაუდგა და ნახა, რომ მთის ძირას, ველზე ვიღაც წარჩინებული ნადირობდა. ის აღმოჩნდა მახლობელი დაბის მამასახლისი. გაოგნებულმა მონადირემ დაინახა მხცოვანი ბერი, რომელსაც გულზე ხატი ეკიდა და ისე იდგა ირმების ჯოგში. მამასახლისმა საშიში კაცად ჩათვალა უცნობი და მხლებლებს უბრძანა, წმიდანი მჭედელთან წაეყვანათ ხელის მოსაჭრელად. მჭედელმა შანთი გაახურა, მაგრამ, როგორც კი აღმართა წმიდა მამის ხელის მოსაჭრელად, დავარდა ქუე და ხელნი, ვითარცა შეშანი შეექმნნეს~. მომხდარით გაოგნებულ მჭედელს ენა ჩაუვარდა, წმიდა ანტონმა კი მას ჯვარი გადასახა და განკურნა. ეს სასწაული სასწრაფოდ აუწყეს მამასახლისს. ის მიხვდა, რომ მის წინაშე ღვთის მადლით შემოსული კაცი იდგა, თაყვანი სცა და შეევედრა: რაი გნებავს სთქუ და ყოველი მიგცე~. ანტონმა ქვამარილის ნატეხი ითხოვა. ღირს მამას მაშინვე მარილის ორი ლოდი მიართვეს. მან მხოლოდ მცირეოდენი ჩამოტეხა და კვლავ თავის სადგომს მიაშურა, ქვამარილი კი სენაკის ახლოს დადო ირმებისათვის. წმიდა ანტონის სახელი მახლობელ სოფლებს მოეფინა. მასთან აუარებელმა ხალხმა იწყო სიარული. ბევრს ისე მოეწონა მისი ცხოვრება, რომ იქვე დარჩდა სამოღვაწეოდ. მამა ანტონმა მათთვის მონასტერი ააშენა, თვითონ კი მთის მწვერვალზე, სვეტზე დაეყუდა და იქ მოღვაწეობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში.

ღირს მამას უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე, მოუწოდა მოწაფეებს, უკანასკნელად დაარიგა და აკურთხა ისინი, თვითონ კი ხატის წინ დაჩოქილი აღესრულა.


ღირსი ანტონის გვამი სვეტიდან ჩამოასვენეს და მის მიერ დაარსებულ მოანსტერში დაკრძალეს, ღვტისმშობლის ხატის წინ.


წმიდა ქალწულმოწამე ევფრასია, სილამაზით გამორჩეული ქრისტიანი ქალწული, ნიკომიდიელ დიდგვაროვანთა შვილი იყო. იმპერატორ მაქსიამიანეს დროინდელი დევნისას ქალაქის თავმა მას კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. როცა პასუხად უარი მიიღო, ჯერ სასტიკად აწამა ქრისტეს აღმსარებელი, შემდეგ კი ერთ მეომარს მისცა შესაგინებლად. წმიდანმა მხურვალედ შესთხოვა უფალს, დაეცვა მისი ქალწულობა. ღმერთმაც წყალობის თვალით მოხედა თავის რჩეულს: ეფვრასიამ მხედარს ისეთი ბალახის მოძებნა შესთავაზა, რომელსაც შეეძლო მისი დაცვა მოწინააღმდეგის იარაღისა და სიკვდილისაგან. `მაგრამ, _ თქვა მან, _ ამ მდელოს მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, როცა ის მოწოდებულია ქალწულის და არა ქალის მიერ~. მეომარმა დაიჯერა და ევფრასიასთან ერთად ბაღში შევიდა. წმიდანმა დაგლიჯა მცენარეები, რომლებიც პირველად მოხვდა ხელთ, შემდეგ ურჯულოს შესთავაზა, გამოეცადა ბალახის ძალა _ ფოთლები კისერზე დაიფინა და სთხოვა, ძლიერად დაეკრა მისთვის მახვილი. მხედარი ასეც მოიქცა და ბრძენმა ქალწულმა შვებით შეჰვედრა სული უფალს.

ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი


ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი ქვემო ეგვიპტის სოფელ პტინაფორში დაიბადა. მშობლების დასაფლავების შემდეგ წმიდანმა გაიფიქრა: მომხდარი ყურად იღე, მაკარი, და მხოლოდ საკუთარ სულზე იზრუნე, რადგან შენც მოგელის მიწიერი ცხოვრებიდან განსვლა! ღმერთმა თავის რჩეულს ხანგრძლივი სიცოცხლე მიმადლა, მაგრამ ამ დღიდან მოყოლებული სიკვდილის ხსოვნა განუყრელად თან ახლდა. მან მოუხშირა ტაძარში სიარულს, უფრო და უფრო უღრმავდებოდა წმიდა წერილს. დედ-მამის სიკვდილის შემდეგ ღირსმა მაკარიმ (მაკარი_ბერძნულად ნეტარს ნიშნავს) მთელი ქონებამოწყალებად გასცა მათი სულების საოხად, შემდეგ კი მხურვალე ლოცვებით შესთხოვა უფალს, ღირსეული წინამძღვარი გამოეჩინა მისთვის ცხოვრების გზაზე. ღმერთმა, მართლაც, მიანიშნა ჭაბუკს ასეთ ადამიანზე _ ეს იყო სოფლის მახლობლად, უდაბნოში მცხოვრები გამოცდილი ბერი, რომელმაც სიყვარულით მიიღო იგი, მღვიძარებაში, მარხვასა და ლოცვაში განსწავლა და ხელობაც მისცა _ კალათების წვნა ასწავლა. შემდეგ მეუდაბნოემ იქვე სენაკი მოუწყო და შიგ დაამკვიდრა საყვარელი მოწაფე.

ერთხელ პტინაფორში ადგილობრივი ეპისკოპოსი ჩავიდა და ღირსი მამის კეთილკრძალული ცხოვრების შესახებ რომ შეიტყო, საკუთარი ნების წინააღმდეგ, სოფლის ეკლესიის ღვთისმსახურთა დასში დაადგინა იგი. მარტოობასა და მდუმარებისკენ მიდრეკილ მაკარის ძლიერ გაუჭირდა ერში მსახურება და ფარულად განრიდა იქაურობას. ადამიანტა მოდგმის მეტრმა დაუცხრომელი ბრძოლა დაუწყო მოსაგრეს, ცდილობდა, შეეშინებინა იგი, სენაკს ურყევდა, ცოდვილ ფიქრებს ახვევდა თავს. ნეტარი მამა ლოცვის ძალით იგერიებდა მზაკვრის თავდასხმებს. ბოროტმა ადამიანებმა წმიდანს ერთი ქალწულის ცდუნება დასწამეს. ღირსი მამა საოცარი მორჩილებით იტანდა განსაცდელს და კალათების გაყიდვით მიღებული ფულით უდრტვინველად არჩენდა ქალს. ღირსი მამის უცოდველობა მაშინ გამჟღავნდა, როცა მიდგომილის მშობიარობის ჟამმა მოაწია. მშობიარე იტანჯებოდა, ბავშვი კი არ ებადებოდა. მაშინ მან აღიარა, რომ ცილი დასწამა წმიდანს და თავისი ნამდვილი მაცდუნებელიც დაასახელა. მის მსობლებს თავზარი დაეცათ, ისინი ნეტარ მამასთან შენდობის სათხოვნელად აპირებდნენ წასვლას, მაგრამ ღირსი მაკარი ღამით განერიდა ამ ადგილებს და ნიტრიის მთაზე, ფარანის უდაბნოში გადასახლდა. აქ მან სამი წელი იცხოვრა, შემდეგ კი ეგვიპტური ბერმონაზვნობის მამას, ანტონი დიდს მიაშურა. წმიდანმა სიყვარულით მიიღო მოშურნე ბერი. იგი მალე მოძღვრის საყვარელი მოსწავლე და მიმდევარი შეიქნა. დიდი ხანი იცხოვრა მაკარიმ მისი ხელმძღვანელობით, შემდეგ კი, მისივე რჩევით, სკიტის უდაბნოში დამკვიდრდა (ეგვიპტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში). ოცდაათი წლის ასაკს მიახლოებული მოღვაწე უკვე ისეთი გამოცდილი და ახოვანი მოსაგრე იყო და ისე ბრწყინავდა თავისი ღვაწლით, რომ მხცოვანი ჭაბუკი შეარქვეს. დემონების მრავალი თავდასხმა გამოსცადა ღირსმა მაკარიმ საკუთარ თავზე: როცა უდაბნოდან პალმის რტოები მოჰქონდა კალათების საწნავად, ეშმაკი აღუდგა წინ. ბოროტს უნდოდა, ნამგალი ჩაერტყა მისთვის, მაგრამ ჯერ შესძლო და ესღა უთხრა: `მაკარი, საშინლად ვიტანჯები იმის გამო, რომ ვერ გერევი. იარარი, რომლითაც მიგერიებ, სენი თავმდაბლობაა.

როცა წმიდანს ორმოცი წელი შეუსრულდა, მღვდლად აკურთხეს და სკიტის უდაბნოში მცხოვრები ბერების წინამძღვრად დაადგინეს. ამ ხანებში ღირსი მაკარი ხშირად ხვდებოდა ანტონი დიდს და სულიერ დამოძღვრას ღებულობდა მისგან.

ღირსმა მაკარიმ მრავალი კურნება აღასრულა. ყოველი მხრიდან მოისწრაფოდნენ მისკენ რცევა-დარიგების თუ ლოცვა-კურთხევის მთხოვნელნი. ეს ყველაფერი აღვევდა წმიდანის მყუდროებას, ამიტომ მან თავისი სენაკის ქვეშ ღრმა გამოქვაბული ამოთხარა და იქ განმარტოვდა ლოცვისა და ღვთის განგებულებაზე ფიქრისთვის. ღირსმა მაკარიმ ისეთი კადნიერება მოიპოვა უფლის წინაშე, რომ მისი ლოცვებით უამრავი სასწაული აღესრულებინა. ერთხელ წმიდა მამას სენაკში ქურდი დაუხვდა. წმიდანი მშვიდად მიემხარა მას სახედარზე ტვირთის დაკვრაში და არც დაიმჩნია, რომ ამ ნივთების პატრონი თვითონ იყო. მძარცველის წასვლის შემდეგ კი გაიფიქრა: ამქვეყნად ჩვენ არაფერი მოგვიტანია, ბუნებრივია, რომ ვერც ვერაფერს გავიტანთ აქედან. კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე!

ერთხელ ღირსმა მაკარიმ უდაბნოში ადამიანის თავის ქალა იპოვა და ჰკითხა: ვინა ხარ შენ? ქალამ უპასუხა: მე ყოფილი მთავარი ქურუმი ვარ. როცა შენ ჯოჯოხეთში მყოფთათვის ლოცულობ, ტანჯვა ოდნავ გვიმსუბუქდება~. ღირსმა ჰკითხა: როგორია იქაური სატანჯველები? ჩვენ საშინელ ცეცხლში ვიწვით, _ უპასუხა ქალამ, _ და ერთმანეთს ვერ ვხედავთ. როცა შენ ლოცულობ, ბუნდოვან ვამჩნევთ ერთმანეთს და ეს ოდნავ გვამშვიდებს~. აცრემლებულმა მაკარიმ იკითხა: არსებობს უარესი სატანჯველებიც?~ ქალამ მიუგო: `ქვევით, ჩვენზე უფრო ღრმად, ისინი იმყოფებიან, ვინც შეიცნო ღმერთი, მაგრამ განუდგა მას და არ დაიცვა მისი მცნებები. ისინი უფრო საშინლად ეწამებიან.

ერთხელ, ლოცვის დროს, ნეტარ მამას ჩაესმა: `მაკარი, შენ ჯერ კიდევ არ მიგიღწევია ისეთი სრულყოფილებისათვის, რომელსაც ქალაქში მცხოვრებმა ორმა ქალმა მიაღწია~. თავმდაბალმა მოსაგრემ აიღო კვერთხი, წავიდა ქალაქში, იპოვა სახლი, სადაც ქალები ცხოვრობდნენ და კარებზე დააკაკუნა. კეთილმსახურმა დიასახლისებმა სიხარულით მიიღეს იგი. ღირსმა მამამ უთხრა: შერეული უდაბნოდან თქვენს გამო მოვედი. მინდა შევიტყო თქვენი კეთილი საქმეების შესახებ, მომითხრეთ ყველაფერი, ნურაფერს დამიმალავთ. გაოცებულმა ქალებმა უპასუხეს: ჩვენ ქმრებთან ერთად ვცხოვრობთ და არანაირი სათნოებები არ გაგვაჩნია, მაგრამ წმიდანმა დაიჟინა და მასპინძლებმაც დაიწყეს: ჩვენ ღვიძლი ძმების მეუღლეები ვართ. ერთად ცხოვრების მანძილზე არც ერთი ავი და საწყენი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, არც არასდროს გვიჩხუბია. ქმრებს ვთხოვთ, მონასტერში გავეშვით, მაგრამ არ დაგვთანხმდნენ. მას აქეთ აღთქმა დავდეთ, სიკვდილამდე ერთი ამაო სიტყვაც არ წარმოგვეთქვა~. წმიდა მოსაგრემ ადიდა ღმერთი და თქვა: ჭეშმარიტად, უფალი არ ეძებს ქალწულს, ბერს თუ ერისკაცს, ის ადამიანის თავისუფალ ნებას აფასებს და საცხოვნებელ გზაზე დამდგართ სულიწმიდის მადლით წინამძღვრობს.

არიანელი იმპერატორის, ვალენტის (364-378) ზეობისას მწვალებელი ეპისკოპოსი ლუკა დევნიდა მაკარი დიდსა და ღირს მაკარი ალექსანდრიელს. ორივე ბერი შეიპყრეს, ხომალდზე დასვეს და წარმართებით დასახლებულ ერთ უდაბურ კუნძულზე გადაასახლეს. აქ წმიდანების ლოცვით ქურუმის ასული განიკურნა, რის შემდეგ თავად ქურუმი და კუნძულის მცხოვრებლებიც მოინათლნენ. როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, არიანელი ეპისკოპოსი სირცხვილმა შეიპყრო და ბერები თავიანთ უდაბნოებში დაბრუნდა.

ღირსი მამის სიმშვიდე და თავმდაბლობა გარდაქმნიდა ადამიანთა სულებს. ავი სიტყვა, _ ამბობდა ამბა მაკარი, _ კეთილებსაც აბოროტებს, კეთილი სიტყვა კი ბოროტებსაც სიკეთისაკენ მოაქცევს. ბერების შეკითხვაზე, როგორ უნდა ვილოცოთო, ღირსი მამა პასუხობდა: ლოცვაში მრავალსიტყვაობა არ არის საჭირო, საკმარისია ვითხოვოთ: იყავნ ნება შენი, უფალო! თუ მტერი გვესხმის თავს, უნდა წარმოვთქვათ: უფალო შეგვიწყალენ! ღმერთმა უწყის, თუ რა არის ჩვენთვის უმჯობესი და მოგვხედავს წყალობის თვალით! როცა ძმებმა ჰკითხეს: როგორ უნდა გავხდეთ ბერები?~ ღირსმა მამამ მიუგო: მომიტევეთ, მე ცუდი მონაზონი ვარ, მაგრამ მინახავს უდაბნოს სიღრმეში მოღვაწე მარტომყოფები და როცა მათთვის ამგვარივე შეკითხვა დამისვამს, პასუხად მიმიღია: თუ ადამიანმა უარი არ განაცხადა ყველაფერ ამქვეყნიურზე, ის ვერასოდეს გახდება ბერი. მე ვუთხარი: უძლური ვარ და არ შემიძლია ვიყო ისეთი, როგორიც თქვენ ხართ. _ მაშინ სენაკში დაჯექი და მწუხარებას მიეცი შენი ცოდვების გამო!.

წმიდა მაკარი ამბობდა: თუ ცხოვება გსურს, მიემსგავზე მიცვალებულს, რომელიც არ მრისხანებს, როცა შეურაცხყოფენ და არც ამაყდება, როცა აქებენ. მასვე უთქვამს: თუ ლანძღვას ქებად მიიჩნევ, სიღარიბეს _ სიმდიდრედ, უკმარისობას _ სიუხვედ, არ წარწყმდები, რადგან შეუძლებელია, რომ მართლმორწმუნე და კეთილმსახურებით მოღვაწე ბილწ ვნებებსა და დემონურ ხიბლებში ჩავარდეს~. ღირსმა მამამ ოთხმოცდაჩვიდმეტი წელი იცხოვრა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან გამოცხადებით იხილა ღირსი მამები _ ანტონი და პახუმი, რომელთაც ახარეს, რომ მალე ცათა სასუფეველის ნეტარებას დაიმკვიდრებდა. მაკარიმ უკანასკნელად დამოძღვრა თავისი მოწაფეები, ყველას გამოეთხოვა და სიტყვებით ხელთა შენთა, უფალო, შევვედრებ სულსა ჩემსა, მიიძინა საუკუნო ძილით. ამბა მაკარიმ თავისი უხვი სულიერი გამოცდილება საღვთისმეტყველო შრომებში გაგვიზიარა. ღირსი მაკარის ლოცვები საყოველთად გამოყენებულ დილა-საღამოს ლოცვით კანონებშია ჩართული.

ღირსი მაკარი ალექსანდრიელი ღირსი მაკარი მეგვიპტელის (ხს. 19 იანვარს) თანამედროვე და მისი მეგობარი იყო. წმიდანი 295 წელს დაიბადა, ორმოც წლამდე ვაჭრობას მისდევდა, შემდეგ კი მოინათლა და უდაბნოში განმარტოვდა. რამდენიმე წლის შემდეგ იგი მღვდლად აკურთხეს და ეგვიპტის უდაბნოს ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. მაკარი ალექსანდრიელი საოცარი მოშურნეობით გამოირჩეოდა როცა გაიგებდა ამა თუ იმ ბერის რაიმე გამორჩეული ღვაწლის შესახებ, ცდილობდა, მიებაძა მისთვის.

ერთხელ ღირს მაკარის ყურძნის მტევანი მიართვეს. მას ძალიან მოუნდა შეეჭამა იგი, მაგრამ თავი შეიკავა და ხილი ერთ უძლურ მონაზონს გაუგზავნა. ეს მონაზონიც, თავის მხრივ, მოერია გემოთმოყვარეობას და ყურძენი მეორეს გადასცა, მეორემ _ მესამეს... ბოლოს მტევანმა ისევ მაკარიმდე მიაღწია. წმიდა მამა გააკვირვა ბერების თავშეკავებამ და მადლობა შესწირა უფალს. ერთხელ წმიდანს დაეუფლა ამპარტავნული აზრი, რომ რომში წასულიყო სნეულთა განსაკურნავად. ახოვანმა მოსაგრემ ტომარა ქვიშით დატენა, ზურგზე მოიგდო და მანამ დადიოდა ამ ტვირთით უდაბნოში, სანამ სხეული სრულიად არ გათაგნა და მაცდური სურვილიც არ გაუქრა. ხანგრძლივი და დაუცხრომელი ღვაწლისთვის ღმერთმა მაკარის სასწაულთმოქმედების და ადამიანთა ფარული აზრების განჭვრეტის ნიჭი მიმადლა და მრავალი საოცარი ჩვენების ხილვის ღირსიც გახადა. წმიდა მამა გარდაიცვალა 100 წლის ასაკში.

წმიდა არსენი, კერკირელი მთავარეპისკოპოსი. პალესტინაში მოღვაწეობდა VIII ს-ში. ასკეტური ცხოვრებით გამორჩეული მღვდელმთავარი ფრიად განათლებული ადამიანი და ცნობილი სასულიერო მწერალი იყო. წმიდა მამას ეკუთვნის: ზეთის კურთხევის კანონი, ანდრია მოციქულის შესხმა და წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ცხოვრება.

წმიდა მარკოზ ეფესელი (ერობაში_მანუელი) კონსტანტინოპოლში დაიბადა 1391 წელს, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში. წმიდანმა დაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, მისი გარდაცვალების შემდეგ კი კონსტანტინოპოლის საუკეთესო პროფესორებს დაემოწაფა და მოკლე ხანში მათგან უზარმაზარი ცოდნა შეიძინა სიბეჯითის, გულმოდგინებისა და შესანიშნავი გონების წყალობით.

მანუელმა ოცდაოთხი წლისამ დაასრულა კონსტანტინოპოლის უმაღლესი სკოლა ვოტარიუსის, ანუ რიტორთა მოძღვრის წოდებით. მას დაეკისრა წმიდა წერილის განმარტება საპატრიარქო ტაძარში. მუდამ სერიოზული, ამასთან, სათნო და ყველას მიმართ კეთილად განწყობილი ახალგაზრდა მეცნიერი საყოველთაო სიყვარულს იმსახურებდა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ეფრემ II-მ (1410-1416) დაიახლოვა იგი, წმიდანი იმპერატორ მანუელის (1143-1180) მეგობარი და სანდო მრჩეველიც გახდა, მის წინაშე ბრწყინვალე საერო კარიერა იშლებოდა, მაგრამ 26 წლის ასაკში ჭაბუკმა გაწყვიტა კავშირი წარმავალ წუთისოფელთან, ბერად აღიკვეცა მარკოზის სახელით და კუნძულ ანტიგონზე მდებარე უკაცრიელ მონასტერში დამკვიდრდა. მისი მოძღვარი გახდა ამ სავანის წინამძღვარი, საკვირველი სვიმეონი~.

ჟამი, რომელშიც წმიდა მარკოზს მოუხდა მოღვაწეობა, მძიმე განსაცდელებით იყო სავსე: თურქებმა მთელი მცირე აზია და ბალკანეთის ნახევარკუნძული დაიპყრეს და კონსტანტინოპოლს მიუახლოვდნენ. მარკოზი და მისი მოძღვარი იძულებულნი შეიქნენ კონსტანტინოპოლში, მანგანის მონასტერში გადასულიყვნენ. აქ წმიდა მამა მთლიანად მდუმარებას მიეცა, მნახველებს არ ღებულობდა და მხოლოდ საღმრთო წერილს უღრმავდებოდა.

მანგანის სავანეში მარკოზი მღვდლად აკურთხეს. 1437 წელს ღირსი მამა ეფესოს მიტროპოლიტად აირჩიეს. იგი აღნიშნავდა: ქრისტეს ეკლესიის ბრძანებით და მისივე საჭიროებისატვის ვიტვირთე საეპისკოპოსი მსახურება, რომელიც ჩემს ღირსებასა და ძალებს აღემატება.

1437 წლის ბოლოს მარკოზ ეფესელი სხვა ბერძენ ეპისკოპოსებთან ერთად ფერარო-ფლორენციის კრებაზე გაემგზავრა. კრებაზე სარწმუნოებრივ საკითხებზე გულწრფელი მსჯელობა არ გამართულა. ლათინები თანდათან მუქარასა და დაშინებაზე გადავიდნენ და მოწინააღმდეგე მხარეს სიტყვის თქმის უფლებაც კი წაართვეს. ისინი ცდილობდნენ, ესარგებლათ ბერძენთა ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობით და სრული საეკლესიო კაპიტულაცია მიეღოთ მათგან. მიაღწიეს კიდეც მიზანს: მოუძლურებულმა ბიზანტიელმა მღვდელმთავრებმა სინდისის ქენჯნითა და ტანჯვით, ლათინებისგან სამხედრო და ფინანსური დახმარების მიღების ფუწი იმედით გაყიდეს მართლმადიდებლობა, კათოლიკური მრწამსი მიიღეს და ლათინებთან სამსარცხვინო უნია შეკრეს. ერთადერთი, ვინც ვერ მოტეხეს, მარკოზ ეფესელი იყო. იგი აცხადებდა: არ შეიძლება არსებობდეს საშუალო ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შეროს, ეკლესიის საქმე ვერასოდეს გადაწყდება კომპრომისების გზით. როცა კარდინალებმა პაპ ევგენი IV-ს საზეიმოდ მიართვეს ბერძენ წარმომადგენელთა მიერ ხელმოწერილი უნიის აქტი, მან მაშინვე იკითხა, მოეწერა თუ არა ხელი მარკოზ ეფესელმაო, და, როცა მისი ხელმოწერა ვერსად ნახა, თქვა: ამრიგად, ჩვენ ვერაფერს მივაღწიეთ!~

უნიის ხელის მოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ პაპმა ბერძენ ეპისკოპოსებსა და მღვდელმთავრებს მიმართა თხოვნით, დაესაჯათ მარკოზ ეფესელი, როგორც უნიის მოწინააღმდეგე. დათმობებით დაღლილმა ბერძენთა მხარემ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა, პაპთან მიწვეულმა წმიდა მამამ კი თქვა: საეკლესიო კრებები განდგომილებად მიიჩნევდნენ და განიკითხავდნენ მათ, ვინც რომელიმე დოგმატს არღვევდა და ისე ქადაგებდა. ეკლესია ჯერ თვით მწვალებლობას განიკითხავდა, შემდეგ კი წვალებათა მთავრებს და მათ მიმდევრებს; მაგრამ მე არც რაიმე საკუთარი სწავლება მიქადაგია და არც სიახლე შემომიტანია ეკლესიაში. მხოლოდ იმ სწავლებას ვიცავდი, რომელიც ეკლესიამ ურღვევი სახით მიიღო ჩვენი მაცხოვრისაგან და რომელიც უცვლელად უპყრია დღემდე. ამ სწავლებას განხეთქილებამდე რომის წმიდა ეკლესიაც ცვენზე, აღმოსავლეთზე ნაკლებად როდი იცავდა და ყოველთვის წმიდა მოძღვრებად მიიჩნევდა. და თუკი მე მას ვიმარხავ და ჩემს თავს მისგან გადახვევის ნებას არ ვაძლევ, მაშ, რომელი კრება განმიკითხავდა, რამეთუ მანამდე იმ სწავლებას უნდა დასდოს მსჯავრი, რომელსაც მე მივსდევ. ხოლო თუ სწავლება სწორი და მართლმადიდებლურია, მაშინ მე რატომღა ვარ სასჯელის ღირსი?

იმპერატორი და იერარქები 1439 წლის 26 აგვისტოს გაემგზავრნენ ფლორენციიდან. რამდენიმე თვეში კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე უნიის მომხრე პატრიარქი მიტროფანე აირჩიეს. წმიდა მარკოზს დევნა დაუწყეს. მან ეფესოს მიაშურა და გულმოდგინედ ზრუნავდა თავის სამწყსოზე, თუმცა ძლიერ უჭირდა ხორციელად დაუძლურებულს. იგი დადიოდა თურქებისგან ხელყოფილი ეკლესიების მოსანახულებლად, აკურთხებდა მღვდლებს, მფარველობდა ქვრივ-ობლებს...

ორი წლის შემდეგ, იმპერატორის ბრძანებით, წმიდა მამა შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს. განთავისუფლების შემდეგ ღირსი მარკოზი კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. ის ხედავდა ხალხისა და სამღვდელოების განწყობილებას და წერდა: `ფსევდოუნია სადაცაა დაიშლება~. მალე ეს წინასწარმეტყველებ ახდა.

მარკოზ ეფესელი გარდაიცვალა 1443 წელს. მისი ტანჯვით აღსავსე ცხოვრების დასასრული ნათელი და სიხარულიანი იყო. წმიდანი პატივით დაკრძალეს მანგანის სავანეში.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო