Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

4 თებერვალი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

22(ახ.4.02) იანვარი


მოციქული ტიმოთე (+96-97); ღირსმოწამე ანასტასი სპარსი (+628); ღირსმოწამენი: მანუელი, გიორგი, პატრე და ლეონტი ეპისკოპოსნი, სიონიოსი, გაბრიელი, იოანე, ლეონტი, პაროდი და სხვა სამასსამოცდაჩვიდმენტი (+დაახლ. 817).

წმიდა მოციქული ტიმოთე



მოციქული ტიმოთე მცირე აზიის ქალაქ ლუსტრაში დაიადა. ის ქრისტიანობაზე წმიდა მოციქულმა პავლემ (+67; ხს. 29 ივნისს) მოაქცია 52 წელს. ლიკაონიის ქლაქებში პავლეს და ბარნაბას პირველი მოგზაურობის დროს პავლემ დაბადებიდან კოჭლი განკურნა. ამ სასწაულმა მრავალი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, მათ შორის იყვნენ ჭაბუკნი ტიმოთე, მისი დედა ევნიკა და ბებია ლუდია (საქმე, 14,6-2; ტიმ. 1,5). პავლეს მიერ ტიმოთეს სულში ჩათესილმა რწმენის მარცვლებმა უხვი ნაყოფი გამოიღო. ის მოციქულთა თავის ერთგული მოწაფე და შემდგომში განუყრელი თანამგზავრი გახდა. პავლე თAვის ეპისტოლეებში საყვარელ შვილს უწოდებს მას და მადლიერებით იხსენებს მის ერთგულებასა და თავდადებას: `ხოლო შენ შემოდგომილ ხარ ჩემსა მოძღურებასა, მოთმინებასა, დევნულებათა, ვნებათა, რაოდენი შემემთხვა მე ანტიოქიასა შინა, იკონიას, ლუსტრას~ (2 ტიმ. 3,10-11). 65 წელს პავლე მოციქულმა ტიმოთეს ეფესოს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და იგი თხუთმეტი წლის განმავლობაში კეთილად განაგებდა სამწყსოს. რომის საპყრობილეში გამომწყვდეულმა მოციქულმა პავლემ, რომელმაც იცოდა, რომ მალე უნდა წარმდგარიყო უფლის წინაშე, ერთგული მოწაფე და მეგობარი თავისთან იხმო: `ისწრაფე ჩემდა მოსვლად ადრე~ (2 ტიმ. 4,9).

ერთხელ ეფესოში წარმართებმა დიდი ზეიმი გამართეს ცრუ ღმერთების პატივსაცემად. ისინი კერპებს ქუჩებში დაატარებდნენ უსჯულო რიტუალებისა და სიმღერების თანხლებით, რაც ამაზრზენ სანახაობას ქმნიდა. საღვთო შურით ანთებული ტიმოთე შეეცადა, შეეჩერებინა და დაემოძღვრა გონებადაბინდული, უღმერთო ბრბო. გაავებული კერპთმსახურები კი მიაწყდნენ წმიდა მღვდელმთავარს, გვემეს, მიწაზე ათრიეს, და ბოლო ქვებით ჩაქოლეს (+96-97). ტიმოთე მოციქულის უხრწნელი ნაწილები IV საუკუნეში პატივით გადაასვენეს კონსტანტინოპოლში და წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში დააბრძანეს.

ღირსმოწამე ანასტასი სპარსი ქრუმის ვაჟი იყო. წარმართობაში მას მაგუნდატი ერქვა და სპარსეთის მეფის, ხორსო II-ის ლაშქარში მსახურობდა. ხორსომ 614 წელს დაამარცხა ბერძნები, წმიდა ქალაქი იერუსალიმი გაძარცვა და ურიცხვ ნადავლთან ერთად უდიდესი სიწმიდე უფლის ცხოველმყოფელი ჯვარიც წაიღო სპარსეთში. ჯვრის ძალით აღსრულებული უდიდესი სასწაულები თავზარს სცემდა სპარსელებს. ჭაბუკი მაგუნდატი აენთო სურვილით, დაწვრილებით შეეტყო ყველაფერი ამ უდიდესი სიწმინდის შესახებ და მალე გაიგო, რომ მასზე ადამიანთა ხსნისთვის განკაცებული მაცხოვარი აღესრულა.

ქალაქ ქალდეკონში, სადაც დროებით დაბანაკდა ხოსროს ლაშქარში, ცნობისწადილით აღძრული მეომარი გაეცნო ქრისტიანულ სარწმუნოებას, ნათელიღო ანასტასის სახელით, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და შვიდი წელი გაატარა იერუსალიმის ერთ-ერთ მონასტერში.

ერთხელ, დიდ შაბათს, ღამით მან იდუმალი სიზმარი იხილა: ნათელმოსილმა ჭაბუკმა ღვინით სავსე ფიალა გაუწოდა სიტყვებით: მიიღე და სვი!~ და როცა ფიალა გამოცალა, ენით აუწერელი სიტკბოება იგრძნო. ეს ჩვენება ანასტასიმ მოწამეობრივი აღსასრულის წინასწრგანცხადებად მიიღო, ფარულად დატოვა მონასტერი და პალესტინის კესარიაში წავიდა. იქ იგი შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. მმართველი ხან ტანჯვისა და მოკვდინების მუქარით, ხან კიდევ პატიებისა და მიწიერი სიკეთეების აღთქმით ცდილობდა ანასტასის გადადრეკას ქრისტიანული სარწმუნოებიდან, მაგრამ მისი ნება ვერაფერმა მოტეხა. მაშინ ნეტარი აღმსარებელი სასტიკად აწამეს: არგნებით გვემეს, წვივები გადაუმსხვრიეს, ხელებით დაკიდეს და ფეხებზე მძიმე ქვები გამოაბეს. ბოლოს მმართველმა კვლავ თავისთან იხმო წმიდა ანასტასი და განთავისუფლების საზღაურად ამ სიტყვების თქმაღა მოსთხოვა: მე ქრისტიანი არა ვარ~. წმიდა მოწამემ კი უპასუხა: `ღმერთა მაშოროს! არც შენი და არც სხვების წინაშე მე არ უარვყოფ ქრისტეს, არც ცხადად და რც ფარულად, თვით ძილშიც კი; ვერავინ ვერასოდეს მაიძულებს ამას~. მაშინ მეფე ხოსროს ბრძანებით, წმიდა ანასტასი დაახრჩვეს (+628). უსჯულო მეფის სიკვდილის შემდეგ ღირსმოწამის უხრწნელი ნაწილები პალესტინაში, წმიდა ანასტასის სავანეში გადაასვენეს.ღირსმოწამენი: მანუელი, გიორგი, პეტრე და ლეონტი ეპისკოპოსნი, პაროდი, იოანე, ლეონტი, გაბრიელი, სიონიოს ხუცესთა და სხვანი სამასსამოცდაჩვიდმეტნი სლავები იყვნენ. მანუელი _ ადრიანოპოლისის ეპისკოპოსი იყო, გიორგი _ დევოლტუსისა (თრაკიის კოლონია მისიისა და შავი ზღვის საზღვარზე), ლეონტი კი _ ნიკეისა. იოანე, ლეონტი, გაბრიელი და სიონიოსი _ მხედართმთავრებად მსახურობდნენ. წმიდანები წარმართი ბულგარელების ხელით აღესრულნენ: უფლის რჩეულებს ჯერ მრავალგვარი სატანჯველები დაათმენინეს, შემდეგ კი _ თავები მოჰკვეთეს (+დაახლ. 817).

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო