Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

5 თებერვალი

Email Print PDF

23(ახ.5.02) იანვარი


მღვდელმოწამე კლიმენტი ანკვირიელი და მოწამე აღათანგელოსი (+312); ღირსი მავსიმე ასური (IV); ღირსი სალამან მდუმარე (+დაახლ. 400); წმიდა პავლინე მოწყალე ნოლანის ეპისკოპოსი (+431).

მღვდელმოწამე კლიმენტი გალატიის ქალაქ ანკვირიაში დაიბადა 258 წელს. მამამისი წარმართი იყო, დედა კი - ქრისტიანი. ადრე დაობლებული ბავშვის აღზრდა კეთილმსახურმა ქალმა სოფიამ იტვირთა. გალატიაში შიმშილობის მძვინვარების ჟამს წარმართები დამშეულ შვილებს უპატრონოდ ყრიდნენ ქუჩებში. სოფია აგროვებდა უმწეოებს, აპურებდა და მოსავდა მათ. ღვთისმოყვარე გამზრდელს გვერდში ედგა კლიმენტიც _ იგი ბავშვებს ნათლისღებისთვის ამზადებდა.



კეთილმსახური ცხოვრებისათვის კლიმენტი ჯერ მედავითნედ აკურთხეს, შემდეგ _ დიაკვნად; თვრამეტი წლისას ხუცესად დაასხეს ხელი, ოცი წლის ასაკში კი ანკვირიელ ეპისკოპოსად აირჩიეს. მალე დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო. სხვებთან ერთად შეიპყრეს და დაატუსაღეს წმიდა მღვდელმთავარიც. გალატიის მმართველი დომენტიანე ცდილობდა, წარმართული ღვთაებების თაყვანისცემისკენ გადაედრიკა მოციქულთა ტახტის მემკვიდრე, მაგრამ მან ახოვნად დაითმინა სასტიკი სატანჯველები და მტკიცედ დაიცვა აღმსარებლობა. ბოლოს დომენტიანემ წმიდა მოწამე რომში გაგზავნა, დიოკლეტიანესთან. უსჯულო იმპერატორმა, როცა კლიმენტის უვნებელი სხეული იხილა, არ დაიჯერა, რომ ის ნაწამები იყო და კიდევ უფრო საშინელი სატანჯველები დაატეხა თავს, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდია.

მოწამის სიწმიდისა და მისი სასწაულებრივი კურნების მოწმე მრავალმა წარმართმა ირწმუნა ქრისტე. ავ ენათაგან დასმენილი კლიმენტის მრავალი მნახველი სიკვდილით იქნა დასჯილი. წმიდა მამის მოთმინებით გაოცებულმა დიოკლეტიანემ იგი ნიკომიდიაში, თავის თანამმართველ მაქსიამიანესთან გაგზავნა. გზად ხომალდზე მღვდელმთავრის მოწაფე, აღათანგელოსი ავიდა _ მასაც კლიმენტისთან ერთად სურდა სიკვდილი. იმპერატორმა მაქსიმიანემ კლიმენტი და აღათანგელოსი მმართველ აგრიპინს გადასცა, რომელმაც ისე მხეცურად აწამებინა ისინი, რომ თვით წარმართებში იფეთქა თანაგრძნობამ წმიდანთა მიმართ და ქვებით ჩაქოლეს მათი მტარვალები.

განთავისუფლებული კლიმენტი და აღათანგელოსი თავზე ხელის დადებით კურნავდნენ სნეულებს, ნათლავდნენ და მოძღვრავდნენ წარმართებს. ბოლოს მაქსიმიანეს ბრძანებით, კვლავ შეიპყრეს ისინი და სამშობლოში, ქალაქ ანკვირიაში გაგზავნეს, სადაც მთავარმა კურინიუსმა აწამა აღმსარებლები, შემდეგ კი სისასტიკით განთქმულ ნაცვალ დომენტიასთან გაგზავნა. ამასიაში მოწამეები კირის ხსნარში ჩაყარეს, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ იქიდან უვნებელნი ამოვიდნენ. მოწამეები შემდგომი წამებისთვის ტარსოსის გზას გაუყენეს. ღმერთმა კლიმენტის განუცხადა, რომ კიდევ ოცდარვა წელი მოუწევდა ტანჯვა. მხნე აღმსარებელი კვლავ აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩაყარეს.

მაქსიმიანეს სიკვდილის შემდეგ აღათანგელოსს თავი მოჰკვეთეს. კლიმენტი კი ანკვირიელმა ქრისტიანებმა გაათავისუფლეს და ტაძარში მიიყვანეს. აქ ლიტურგიის აღსრულების შემდეგ, წმიდანმა წინასწარმეტყველურად განაცხადა, რომ ქრისტიანთა დევნის დასასრული მოახლოებული იყო და თვითონაც მალე მიიღებდა მოწამის გვირგვინს. მართლაც, მცირე ხნის შედეგ, ტაძარში შეჭრილმა მეომრებმა მღვდელმთავარს ლიტურგიის დროს თავი მოჰკვეთეს (+დაახლ. 312).

ღირსი მავსიმე ასური სირიაში ცხოვრობდა (IV). მან ნებსით იტვირთა უპოვარება და მოყვასის მსახურებისათვის გადადო თავი. წმიდანის ქოხის კარები მუდამ ღია იყო მნახველთათვის. გაჭირვებულებს აქ ყოველთვის შეეძლოთ მიეღოთ საზრდელი პურითა და ზეთით სავსე ორი ჭურჭლიდან, რომლებიც, ღვთის ნებით, არასოდეს ცარიელდებოდა.

ღირსი სალამან მდუმარე არის ჩვენთვის ცნობილი პირველი წმიდანი, რომელმაც მდუმარების აღთქმა იტვირთა და მუდმივი შინაგანი ლოცვით და უდიდესი სიმშვიდით სათნოეყო ღმერთს. ის მდინარე ევფრატის სანაპიროზე მდებარე ერთ გამოქვაბულში დაეყუდა და მხოლოდ უფალს ესაუბრებოდა თავის წმიდა ლოცვებში. ასეთ ღვაწლში იმყოფებოდა ღირსი სალამანი აღსასრულამდე (+დაახლ. 400).

წმიდა პავლინე მოწყალე, ნოლანის ეპისკოპოსი ქალაქ ბორდოში (საფრანგეთი) მცხოვრები მდიდარი და კეთილშობილი ოჯახის შვილი იყო. თავისი საოცარი განსწავლულობის წყალობით, ოცი წლის ჭაბუკი რომის სენატორად იქნა არჩეული, შემდეგ _ კონსულად, ბოლოს კი კამპანიის ოლქის (იტალია) გუბერნატორიც გახდა. ოცდახუთი წლის იყო პავლინე, როცა მეუღლესთან შეიცვალა ცხოვრების წესი: სამკვიდრებელი გაყიდა და მიღებული საზღაური გლახაკებს დაურიგა.

უშვილო ცოლ-ქმარი უპოვარ ობლებს ივრდომებდა და ღვთისმოშიშებით ზრდიდა. შემდეგ კი, განმარტოვებული ცხოვრების მაძიებელმა პავლიანემ ესპანეთის ქალაქ ბარსელონას მიაშურა. ასკეტური ცხოვრებით სახელგანთქმულ მოღვაწეს 393 წელს მღვდლად დაასხეს ხელი. მალე მან დატოვა ესპანეთი და იტალიის ქალაქ ნოლანისკენ გაემართა, სადაც ეპისკოპოსად იქნა არჩეული. ერთხელ ვანდალები თავს დაესხნენ იტალიას _ გაძარცვეს და მრავალი ადამიანი აფრიკაში ტყვედ წაასხეს. პავლინე მთელ საეკლესიო ქონებას მათ გამოსყიდვას ახმარდა. როცა წმიდანმა ერთი ქვრივი დედაკაცის შვილის გამოსასყიდად სახსრები ვერ მოიძია, მის მაგივრად თვითონ წავიდა ტყვეობაში და ვანდალი მთავრის მსახურება იტვირთა. როცა წმიდანის ამგვარი მოქცევის შესახებ შეიტყო, ვანდალთა მეთაურმა წმიდა მღვდელმთავარი გაათავისუფლა. მისი შუამდგომლობით თავისუფლება მოიპოვეს სხვა პყრობილებმაც.

მოყვასის სიყვარულით აღსავსე ღირსი პავლინე უშურველად ეხმარებოდა გაჭირვებულებს, აშენებდა ტაძრებს, წერდა ჰიმნოგრაფიულ ნაწარმოებებს. წმიდანი გარდაიცვალა 431 წლის 22 ივნისს, სამოცდათვრამეტი წლის ასაკში. მისი წმიდა ნაწილები რომში, წმიდა მოციქულ ბართლომეს ტაძარში განისვენებს.


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო