Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

17 თებერვალი

Email Print PDF

4(ახ.17) თებერვალი


ღირსი ევაგრე, ციხედიდის მთავრად ყოფილი, შიო მღვიმელის Aთანამოღვაწე (VI) (ცხოვ. იხ. 4(17) იანვარი); მოწამე იადორა (III); მღვდელმოწამე აბრაამი, არვილელი ეპისკოპოსი (=დაახლ. 344-347); ღირსი ისიდორე პალუსიელი (+დაახლ. 436-440); ღირსი ნიკოლოზ აღმსარებელი, სტუდიელი იღუმენი (+868);.

ღირსი ევაგრე, ციხედიდის მთავარყოფილი



ღირსი ევაგრე მონაზვნად აღკვეცამდე ციხედიდის მთავარი იყო. ღვთისმსახურ და მორწმუნე დიდებულ მშობელთა შვილი, სიყრმიდანვე საღმრთო წერილით იწვრთნებოდა. ახოვანი და მხნე მთავარი ქართლის მეფე ფარსმანის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი და თანაშემწე იყო.

ერთხელ ევაგრე სანადიროდ წავიდა სარკინეთის მთაზე, სადაც ღირსი მამა შიო მღვიმელი (ხს. 9 მაისს) მოღვაწეობდა. ნადირობისას მხლებლები დაიფანტნენ. მარტო დარჩენილმა ევაგრემ მიდამო დაათვალიერა. უცებ მან დაინახა მტრედის მსგავსი უცხო ფრინველი, რომელმაც ნისკარტით რაღაც საჭმელი მიიტანა ერთ გამოქვაბულში. ევაგრემ დაიმახსოვრა ის ადგილი, სადაც მტრედი მიფრინდა, მეორე დღეს მოიძია და იხილა გამოქვაბულში დაყუდებული ბერი. გაოცებულმა ევაგრემ ვინაობა გამოჰკითხა განდეგილს. ღირსმა შიომ უთხრა: „კაცი ვარ უცხოჲ და ქრისტეს მოსავი, და ვარ ქუაბსა ამას შინა მცირესა, რაჲთა დაყუდებით აღვასრულნე დღენი ცხორებისა ჩემისანი და ესრეთ უშფოთველად სათნო ვეყო ღმერთსა“. საოცარი სახილველით გაკვირვებული ევაგრე საღმრთო შურით აღივსო და ღირს მამას უთხრა: „ცხოველ არს უფალი, არა დაგიტეო შენ და არცა წარვიდე სახედ ჩემდა“. წმიდა შიომ ევაგრეს ურჩია, გადაეფიქრებინა გადაწყვეტილება, რადგან, ფუფუნებაში აღზრდილი, მეუდაბნოების სიმძიმეს ვერ იტვირთავდა, მაგრამ ევაგრემ მტკიცედ მიუგო: „დაღაცათუ დღესვე იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არა დაგიტეო“.

ღირსმა შიომ წმიდა ევაგრეს კვერთხი მისცა და უბრძანა: „კუერთხი ესე ჩემი ჩაყავ მტკუარსა, ხოლო იგი გზას გცემს და განვედ ჴმელად, და წარვედ სახედ შენდა და ყოველივე საცხოვრებელი შენი განაგე და წარმოვედ და, ვითარცა მოიწიო მტკუარსა ზედა, კუალად ჩაყავ კუერთხი ჩემი და უკუეთუ გზა გცეს, მოვედ ჩემდა და უკუეთუ არა გზა გცეს, წარვედ შინა, რამეთუ არა სთნავს ღმერთსა საქმე ეგე, რომელსა ჰლამი“. წმიდა ევაგრემ მორჩილებით მიიღო ღირსი მამის კვერთხი და მდინარეს შეახო. მტკვარი გაიპო და წმიდანი მშვიდობით გავიდა მდინარის მეორე ნაპირზე.

სასახლეში დაბრუნებულმა ევაგრემ თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა, სახლეულს გამოემშვიდობა და მამა შიოსთან დაბრუნდა. მტკვართან კვლავ აღსრულდა სასწაული: მდინარე ორად გაიპო და ანგელოზებრივი ცხოვრების გზაზე შემდგარი მოღვაწე გაატარა.

მალე ღირსი მამების ღვაწლი გაცხადდა და სარკინეთის მთას მრავალმა ქრისტიანმა მიაშურა. ფარსმან მეფემ გვიან გაიგო თავისი საყვარელი და ერთგული მთავრის მონაზვნად აღკვეცა და თავად მოინახულა ღირსი შიოს უდაბნო. მას უნდოდა, ევგარე ისევ საერო სამსახურზე დაეყოლოებინა, მაგრამ ღირსმა მამამ მეფეს მონაზვნური სიმშვიდით უპასუხა: „ჰოი, მეფეო, რად მაწუხებ დაბადებულსა ღვთისასა, რათა შევირაცხო მსგავსად ძაღლთა, კუალად მიქცეულთა ნათხევარსავე“. ფარსმანმა ღირსი შიოს გამოქვებული მოინახულა და, როცა საკვირველი მადლით განათებული მისი სახე იხილა, სამეფო გვირგვინი მოიხადა და საკვრიველი ბერის წინაშე დაიჩოქა.


ღირსმა შიომ ღვთისმოსავი მეფე აკურთხა და თავისი ხელით დაადგა თავზე გვირგვინი. ფარსმანმა მეფისათვის დამახასიათებელი გულუხვობით დიდი შესაწირავი გაიღო მონასტრისათვის, რომელთა შორის იყო ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ შემკობილი სახარება, ოქროს ბარძიმ-ფეშხუმი, ოცდაათი ლიტრა ოქრო, ოთხი დაბა...

ღირსი შიოს, ევაგრესა და მათ თანამოსაგრეთა მოღვაწეობის ამბავი მთელმა საქართველომ გაიგო. მრავალნი, საღვთო შურით აღვსილნი, ტოვებდნენ საერო ცხოვრებას და სამონაზვნო სქიმით იმოსებოდნენ. როცა ღირსი შიო მოხუცდა, ერთად შეკრიბა საძმო და უთხრა: „გამოირჩიეთ ერთი ძმათაგანი, რომელი იღუწიდეს ცხოვრებისა თქუენისათჳს; რამეთუ მე ამიერითგან მეგულვების შთასვლა მღჳმესა შინა, რომელი შევზადე საყოფელად და საფლავად ჩემდა“. ძმებს ეძნელებოდათ მოძღვართან დაშორება, დიდხანს ევედრებოდნენ მონასტერში დარჩენილიყო, მაგრამ ამაოდ. ბოლოს სთხოვეს, წინამძღვარი თავად აერჩია. წმიდა მამამ ღირსი ევაგრე გამოარჩია.

წმიდა ევაგრეს ეძნელებოდა ძმათა წინამძღვრობა „ვერ შემძლებელ ვარ ჯერისაებრ სრულ ქმნად მსახურებასა ძმათასა, ვინაცა ნუ მაიძულებ მე ხელ ყოფად საქმესა ამას, უზეშთაესსა ძალისა ჩემისასა, რამეთუ კაცი უმეცარი ვარ და უძლური ტვირთვად ესე ოდენთა მონაზონთა ჯეროვანსა მეურნეობასა“, - შეევედრა იგი წმიდა შიოს. მან კი ასე დაამშვიდა: „უკეთუ მორჩილ გუექმნამ ფრიადი სასყიდელი მიიღო ღუთისაგან და ნეტარება მორჩილთა დაიმკვიდრო დიდება მას უხილავსა“. ღირსმა ევაგრემ მორჩილებით მიიღო მოძღვრის კურთხევა. იგი, ღვთის შეწევნით და მამა შიოს ლოცვით, ბრძნულად განაგებდა მონასტერს. აღესრულა მშვიდობით. დაკრძალულია შიო მღვიმის მონასტერში.
მღვდელმოწამე აბრაამი, არვილელი ეპისკოპოსი ეწამა სპარსეთში, საპორ II-ის დროინდელი დევნისას. როცა წმიდანი შეიპყრეს და მოსთხოვეს, რომ მზისთვის ეცა თაყვანი, მან უპასუხა: `რა უგნურებაა, უარყო შემოქმედი და ქმნულს ეთაყვანო! განა მზე ღმერთმა არ შექმნა?!~ აბრაამი საასტიკად აწამეს, ის კიმხურვალედ ლოცულობდა პირველმოწამის სიტყვებით: `უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას, რამეთუ არა იციან, რას იქმან! წმიდა მარტვილს მახვილით მოჰკვეთეს თავი.

ღირსი ისიდორე პელუსიელი დაიბადა ალექსანდრიაში, IV ს-ში. მისი მშობლები, კეთილმსახური ქრისტიანები, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს თეოფილეს და მის მემკვიდრეს, წმიდა კირილეს ენათესავებოდნენ. წმიდანი სიჭაბუკეშივე განერიდა წუთისოფლის ამაოებას და ეგვიპტეში, პელუსიოტის მთაზე დაიწყო მოსაგრეობა. სულიერ სიბრძნესა და მკაცრ ასკეტიზმთან შეერთებულმა ფართო განათლებამ ღირს მამას დიდი სიყვარული და პატივისცემა მოუპოვა. მალე მას ხუცესად დაასხეს ხელი და წინამძღვრადაც აკურთხეს. ღირსი ისიდორე, წმიდა იოანე ოქროპირის მიბაძვით, რომლის ხილვისა და სმენი ღირსიც შეიქნა კონსტანტინოპოლში მოგზაურობის დროს, უმეტესწილად მქადაგებლურ მოღვაწეობას ეწეოდა. ქადაგებას იგი უწოდებდა `პრაქტიკულ ფილოსოფიას~, რომელიც წარმოადგენს `საძირკველს შენობისა და თავად შენებულობას~, მაშინ, როცა ლოგიკა `მისი მორთულობაა~, `ჭვრეტა კი _ გვირგვინი~. წმიდა მამა დაუზარებლად მოძღვრავდა სულიერი შეწევნის ყველა მთხოვნელს _ უბრალო ადამიანს, დიდებულს, ეპისკოპოსს, ალექსანდრიის პატრიარქს თუ თავად იმპერატორს. მას ეკუთვნის 10 000 ეპისტოლე, რომელთაგან ჩვენამდე მოაღწია 2000-მა. განმარტებებსა და მისგან გამომდინარე ზნეობრივ სწავლებებს. ისიდორე პელუსიოტელი იოანე ექროპირის ერთგული და მოსიყვარულე მოსწავლე იყო. როცა დედოფალმა ევდოქსიამ წმიდა მღვდელმთავრის დევნა დაიწყო, ღირსი მამა გაბედულად აღდგა მის დასაცავად, წმიდანის მიცვალების შემდეგ კი შეაგონა წმიდა კირილე ალექსანდრიელს, რომ იოანე ოქროპირის სახელი, როგორც აღმსარებლისა, საეკლესიო დიპტიხებში შეეტანათ. ღირსი ისიდორეს ინიციატივით 431 წელს, ეფესოში მოწვეულ იქნა III მსოფლიო კრება, რომელმაც დაგმო ნესტორის ცრუსწავლება. წმიდა მამამ ღრმა მოხუცებლობას მიაღწია, 436 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ღირსი ნიკოლოზ აღმსარებელი, სტუდიელი იღუმენი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა IX საუკუნეში. იგი დაიბადა კუნძულ კრეტაზე მდებარე სოფელ კედონიაში, ქრისტიანთა ოჯახში. ათი წლის იყო, როცა მშობლებმა კონსტანტინოპოლში გაგზავნეს ბიძასთან, სტუდიონის მონასტრის ბერ ნეტარ თეოფანესთან. სავანის წინამძღვარმა, ღირსმა თეოდორემ ყრმა მონასტრის სასწავლებელში ჩარიცხა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, თექვსმეტი წლის ასაკში, წმიდანი ბერად აღიკვეცა, რამადენიმე წლის შემდეგ კი მღვდლადაც დაასხეს ხელი.

ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) დროინდელი დევნისას ღირსი ნიკოლოზი ახოვნად განაგრძობდა მართლმადიდებლობის ქადაგებას. ნეტარი დედოფლის, თეოდორას (+867) მეფობისას, რომელიც ქვეყანას თავისი ვაჟის, მიხეილის სიყრმეში განაგებდა, ხატთაყვანისმცემლობა აღსდგა და შფოთიც ჩაცხრა. ღირსი ნიკოლოზი სტუდიონის მონასტერს დაუბრუნდა და მის წინამძღვრადაც იქნა არჩEული. მყუდროება დიდხანს არ გაგრძელებულა. დედოფალ თეოდორას ხელისუფლების სადავეები ჩამოართვა მეფის ბიძამ, ბარდამ, თავის რძალთან დაუფარავი თანაცხოვრებით სულშებილწულმა. უწმიდესი პატრიარქი ეგნატე ამხელდა ბილწ ხელისუფალს და მის გონს მოყვანას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ: ბარდამ ცოდვას ცოდვა მიუმატა _ მღვდელმთავარი ტახტიდან გადააყენა და გადაასახლა. წმიდა ნიკოლოზმა, რომელსაც არ სურდა უსჯულოების ზეიმს შესწრებოდა, დატოვა კონსტანტინოპოლი და მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა შვიდი წლის განმავლობაში. შემდეგ იგი დაატუსაღეს და სტუდიონის მონასტერში გამოამწყვდიეს. პატიმრობაში განვლო ორმა წელმა, მეფეების _ მიხეილის (855-867) და ბარდას სიკვდილისა და ტახტზე ბასილი I მაკედონელის (867-886) აღსაყდრების შემდეგ კი ღირსი ნიკოლოზი განთავისუფლდა და წინამძღვრობას დაუბრუნდა. წმიდა ცხოვრებისათვის ნეტარმა მამამ უფლისაგან კურნების და სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო, 868 წელს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო