Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

18 თებერვალი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

5(ახ.18) თებერვალი


მოწამე აღათია (+251); მოწამენი: თეოდულია, ელადი, მაკარი და ევაგრე (+დაახლ. 304).

წმიდა მოწამე აღათია



მოწამე აღათია სიცილიის ქალაქ პალერმოში (ძველი სახელწოდება _ პანორმი) მცხოვრები კეთილშობილი და მდიდარი ქრისტიანების ასული იყო. იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროინდელი დევნისას მისი სიმდიდრისა და სილამაზის შესახებ შეიტყო ქალაქ კატანის მმართველმა კვინტიანმა და ბრძანა, შეეპყროთ ქრისტიანი ქალწული. წმიდანი კატანში ერთ მდიდარ ქალთან დააბინავეს, რომელსაც ხუთი ასული ჰყავდა. ისინი ცდილობდნენ, აღათია ნაირ-ნაირი ტანსაცმლებით, საჭმელ-სასმელით, გასართობებით ეცდუნებინათ და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვას სთავაზობდნენ, მაგრამ ქრისტეს სასძლო უარყოფდა ყოველგვარ საცდურს და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მისი სახელისთვის წამების დათმენის ღირსი გაეხადა. წმიდანი ვერც ალერსით მოდრიკეს და ვერც მუქარით, რის შემდეგაც საშინლად აწამეს: გაშიშვლებული დაკიდეს ხეზე, გვემეს, მთელისხეული დაუსერეს, რკინის სამთითებით ჩამოაგლიჯერ მკერდი. სასიკვდილოდ განწირულ წმიდა აღათიას საპყრობილეში წმიდა მოციქული პეტრე გამოეცხადა და ჭრილობებისაგან განკურნა. მეორე დღეს კვინტიანი გაოცდა, როცა ქალწული სრულიად უვნებელი იხილა და კვლავ საწამებლად გადასცა იგი. ამ დროს საშინელი მიწისძვრა დაიწყო, ქალაქის დამფრთხალ იმცხოვრებლები მოაწყდნენ კვინტინიას სასახლეს და მოსთხოვეს, შეეწყვიტა წამება. მოსალოდნელი სახალხო მღელვარებით შეშინებულმა მმართველმა ბრძანა, საპყრობილეში დაებრუნებინათ ქრისტეს ტარიგი, სადაც მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.


უსჯულო კვინტიანი საშინელი სიკვდილით მოკვდა. როცა იგი წმიდა მოწამის სიმდიდრის დასაუფლებლად მიდიოდა პანორმისკენ, უეცრად გახელებული ცხენები მისცვივდნენ: ერთმა სახე მოაჭამა, მეორემ კი დატორა და მდინარეში ჩააგდო. წმიდა აღათიას საფლავზე მისი სახელობის ტაძარი ააგეს. მოკლე ხანში კატანის მახლობლად მდებარე ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო. გავარვარებული ლავა წალეკვით ემუქრებოდა მთელ ქალაქს. თავზარდაცემული კატანელები, ღვთის შეწევნის იმედით, წმიდა აღათიას სახელობის ტაძართან შეიკრიბნენ, იპყრეს ხელთ მისი სამოსელი და ლავის პირისპირ დადგნენ. მოხდა სასწაული: უეცრად ცეცხლოვანმა ლავმ უკან დაიხია, ჩახხრა და გაცივდა.

მოწამე თეოდულია კილიკიის ქალქ ანაზარბოსში ცხოვრობდა რომაელი იმპერატორების, დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს (284-305) დროს. ქალაქის მმართველი, პელაგიუსი მეტისმეტი სისასტიკით გამოირჩეოდა. მისი მსახურები მთელს ოლქში დაეძებდნენ ქრისტიანებს და სამსჯავროზე მიჰყავდათ, სადაც, მეფის ბრძანების მოსმენის შემდეგ, აიძულებდნენ, კერპებისთვის ეცათ თაყვანი. ერთხელ მმართველთან წარადგინეს ქრისტიანი ქალი თეოდულია. მან განაცხადა: `მე ქრისტიანი ვარ. ეს ჩემი საპატიო და მარადიული სახელია, ადამიანები კი თეოდულიას მეძახიან. მე ერთადერთი ჭეშმარიტ ღმერთს ვაღიარებ და არ ვაპირებ ქვას ვცე თაყვანი~.

 მხნე აღმსარებელი თმებით დაკიდეს და გახურებული რკინის კავებით დაუწყეს წამება, მაგრამ, ღვთის მადლით დაცული, ტკივილებს ვერ გრძნობდა. ქალაქის თავმა თქვა: `მოწყალენი არიან ჩვენი ღვთაებები, მათ იციან, რომ შენ მოექცევი, ამიტომაც გიფარავენ ტკივილებისაგან~. წმიდანმა უპასუხა: `სად არიან ჩემი მფარველი შენი ღმერთები? მაჩვენე ისინი, რომ პატივი მივაგო!~ მოწამე მიიყვანეს ადრიანეს _ ღვთაებად შერაცხილი გარდაცვლილი უსჯულო იმპერატორის სახელობის ტაძარში. თეოდულიამ ლოცვით ჰხადა ჭეშმარიტ ღმერთს, შემდეგ კი სული შეჰვედრა ადრიანეს კერპს და ნამსხვრევებად აქცია. პელაგიუსს თავზარი დაეცა: თუ კერპის დამსხვრევის ამბავი იმპერატორამდე მიაღწევდა, მას სიკვდილი არ ასცდებოდა! ქალაქის თავი ფეხებში ჩაუვარდა მოწამეს და სთხოვა, აღედგინა ცრუღმერთის ქანდაკი, სანაცვლოდ კი ქრისტიანობის მიღება აღუთქვა. თეოდულიამ კვლავ ჰხადა უფალს და კერპიც, მისი ლოცვის ძალით, თავისსავე ადგილს დაუბრუნდა, მაგრამ პელაგიუსმა არათუ შეასრულა თავისი სიტყვა, არამედ უფრო მეტი გამძვინვარებით დაუწყო ტანჯვა მარტვილს. წამების დროს მმართველთან მივიდა ელადი, პატიმართა ზედამხედველი და ითხოვა, მისთვის მიენდოთ თეოდულიას მოქცევა _ იმედი ჰქონდა, რომ სახელს გაითქვამდა და ქალაქის თავისგან პატივსაც მიიღებდა.

ელადიმ საშინელი სატანჯველები დაატეხა თავს ქრისტეს ნეტარ სასძლოს _ თვით პელაგიუსსაც კი გადააჭარბა სისასტიკით. თეოდულიამ მხურვალე ლოცვით მოთმინების ძალა გამოითხოვა ღვთისაგან. ღმერთმაც ისმინა თავისი რჩეულის ვედრება და წყლულებისაგან განკურნა იგი. მტარვალი შეძრწუნდა, თეოდულიამ კი მას ასე მიმართა: `გახდი ქრისტიანი, და საუკუნო პატივს მიიღებ ცხოველთა და მკვდართა განმკითხველი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სასუფეველში!~ ლოცვითა და შეგონებებით წმიდანს ელადი ჭეშმარიტი ღვთის შემეცნებისაკენ მიჰყავდა. ბოლოს უსჯულომ ირწმუნა ქრისტე და მოწამეობრივი გვირგვინიც მიიღო: უღმერთოებმა მას მახვილით მოჰკვეთეს თავი და სხეული ზღვაში ჩააგდეს. წმიდა თEოდულია ქურაში დაგზნებულ ცეცხლში შეაგდეს, მაგრამ უვნებელი დარჩა, შემდეგ გახურებულ რკინაზე დააწვინეს და ადუღებული ფისი გადაასხეს, მაგრამ რკინა ნამსხვრევებად იქცა და ცეცხლით შემუსრა ირგვლივ მყოფნი, მათ შორის ქალაქის თავი პელაგიუსიც, რომელიც საშინელი სიკვდილით აღესრულა, თვით თეოდულიას კი არც ახლა დაშავებია რამე. ამ სასწაულის მხილველმა მრავალმა ადამიანმა ირწმუნა ქრისტე. მათ შორის იყვნენ დიდებულები _ მაკარი და ევაგრე. წარმართებმა კიდევ უფრო მეტი სისასტიკით განაგრძეს ქრისტიანთა წამება. მათ კვლავ გაახურეს ქურა და წმიდა თეოდულია, მაკარი, ევაგრე და მრავალი სხვა ქრისტიანი შეყარეს შიგ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო