Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

16 მარტი

Email Print PDF

3(ახ.16) მარტი


წმიდა იოვანე IV ყოვლისა საქართველოისა ლათოლიკოს_პატრიარქი _ ოქროპირად წოდებული (+1001); წმიდა ევტროპი, კლეონიკე და ბასილისკო (+308); ღირსი პიამა ქალწული (+337); წმიდა ზენონი და ზოილე.

წმიდა იოანე IV (ოქროპირი) კათოლიკოსი




წმიდა იოვანე IV ქართლის კათოლიკოსის ტახტზე ავიდა კათოლიკოს არსენ II-ის (955-980) შემდეგ, მეფე დავით კურაპალატის დროს. იოვანე 980-1001 წლებში განაგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას.

კათალიკოს ბასილი III (1065-1080) თხზულებაში, `თხრობაი სასწაულთათვის წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა შიოსა~ მოთხრობილია რომ წმიდა იოვანეს მშობლებს დიდხანს არ ჰყავდა შვილი და წმიდა შიო მღვიმელს (ხს. 9 მაისს) ევედრებოდნენ მეოხებას. შვილის შეძენის შემდეგ ღვთისმოშიშმა მშობლებმა შვილი აღსაზრდელად შიო მღვიმის მონასტერში მიაბარეს, სწორედ მონასტერში შეიძინა წმიდა იოვანემ ის სიწმიდე და სიბრძნე, რის გამოც ერმა მას ოქროპირ კათალიკოსი უწოდა და ასე შევიდა იგი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში.

ტაო-კლარჯეთში, პარხლის მოანსტრის წარწერაში მოხსენიებულია მონასტრის აღმშენებელი მეფე დავით კურაპალატი (+1001) და `ქართლისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა პატრიარქი იოვანე~. პროფესორ ვალერი სილოგავას გამოკვლევით საქართველოს ეკლესიის კათოლიკოსებიდან პატრიარქის ტიტული პირველად იოვანე IV-ს მიენიჭა. მკვლევარის აზრით: `აქამდე მიღებული იყო, რომ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელებმა პატრიარქის ტიტული XI საუკუნიდან მიიღეს და პირველი ასეთი იყო მელქისედეკ I (1010-1033). მელქისედეკის მიერ პატრიარქის ტიტულის მიღებას მისი ბიზანტიაში ხშირი მოგზაურობით, კონსტანტინეპოლის საიმპერატორო კარზე დიპლომატიური საქმიანობით, ბიზანტიის სამ იმპერატორთან ბასილი III (976-1025), კონსტანტინე VIII (1025-1028) და რომანოზ III არგვიროსთან (1028-1034) ახლობლობით ხსნიან~... ქვეყნის საეკლესიო საჭეთმპყრობელისათვის პატრიარქის უმაღლესი ტიტულის მოპოვებას და მინიჭებას უფრო სერიოზული და მნიშნვნელოვანი საფუძველი ჰქონდა და ქვეყნის საერთო პოლიტიკური განვითარებით იყო განპირობებული. ბიზანტიის იმპერიისაგან პოლიტიკურად დამოუკიდებელ ქვეყანას ეკლესიური დამოუკიდებლობაც სჭირდებოდა, რაც მისი ეკლესიის საჭეთმპყრობელისათვის პატრიარქის ტიტულის მინიჭებაში უნდა გამოხატულიყო. ამისათვის ყველა წინაპირობა არსებობდა _ 40-ზე მეტი საეპისკოპოსი კათედრა და მონასტერი, ქართლისა და აფხაზეთის საკათალიკოსოები და V საუკუნიდან წმინდა მირონის ხარშვის უფლება.

 ასეთ ვითარებაში, დავით კურაპალატის დროს, მისი დროის საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს, ქართლის კათოლიკოს იოვანეს მიენიჭა პატრიარქის ტიტული და იგია ამ ტიტულის პირველი მატარებელი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში და ამას დოკუმენტურად ადასტურებს პარხლის ეკლესიის შესანიშნავი წარწერა XX საუკუნის ბოლო ოცწლეულისა.

არ არის გამორიცხული, რომ 980 წელს ქართლის კათალიკოსად ნაკურთხმა იოვანემ იმთავითვე მიიღო პატრიარქის ტიტული, რასაც იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება განაპირობებდა... 1260 წლის ახლო დროის საბუთით დამოწმებულია, მაგრამ, როგორც ჩანს ადრინდელი ტრადიციის ამსახველია კათოლიკოს ნიკოლოზ III-ის (1250-1282) ხელრთვაში წარმოდგენილი რეალობა, როდესაც იგი წერს: `ქრისტეს მიერ შემდგომად ხუთთა პატრიარქთა და უპირველეს მათსა ზეგარდამო მოსულთა უბიწოთა დედისა მისისა ხელითა შეთელილისა კუართისა საუფლოსა მიერ სუეტის_ცხოველის მეექუსე პატრიარქი და ქრისტეს მიერ ყოვლისა საქართველოს კათოლიკოზი ნიკოლოზ ვამტკიცებ და წავწერ~. მაშასადამე, დოკუმენტურად მტკიცდება, რომ უკვე XII ს-ში და, ალბათ, ამაზე ადრეც, თუმცა წყაროები არ შემონახულა, საქართველოს ეკლესიის მეთაური მსოფლიოს ხუთი პატრიარქის შემდეგ VI ადგილზე აყენებდა პატრიარქის ტიტულით თავის თავს, მაგრამ ამისთვის მას რთული გზა უნდა გაევლო, რომელიც სათავეს X საუკუნეში იღებდა.

წმიდა იოვანე კათოლიკოსი, `რომელი ყოვლითურთ იქნა სწორ იოანე ოქროპირისა, რომლისა სათნოებანი და საქმენი უკეთუ ვინმეს უნდენ ცნობად მიიღედ ხელად მისთვის აღწერილი წიგნი~. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანამ შერაცხა.

კათოლიკოს-პატრიარქ იოვანე IV-ის შემდეგ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელად აირჩიეს სვიმეონ III (1001-1010), რომელმაც აკურთხა ქუთაისის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი (ბაგრატის ტაძარი). სვიმეონის ტიტულის შესახებ წერილობით წყაროები არ შემონახულა. სვიმეონ III-ის შემდგომი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები _ მელქისედეკ I და ყველა დანარჩენი კათოლიკოს-პატრიარქად იწოდებიან.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ცნობილია მეორე იოვანე ოქროპირ კათოლიკოს-პატრიარქი, რომელსაც 1033-1049 წლებში ეპყრა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელის ტახტი. იგი იყო აღზრდილი და მემკვიდრე წმიდა მელქისედეკ კათოლიკოსისა (ხს. 1 ოქტომბერს) რომლის ცხოვრებაც ასევე წმიდა იყო, როგორც მისი წინამორბედი და მოსახელე წმიდა იოვანე IV კათოლიკოსისა.


წმიდა ევტროპი. წმიდა კლეონიკე.


მოწამენი: ევტროპი კლეონიკე და ბასილისკო პონტოს ამასიაში აღესრულნენ 308 წელს. ძმები _ ევტროპი და კლეონიკე და წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის (ხს. 17 თებერვალს) ძმისწული ბასილისკო მეგობრები იყვნენ. წმიდა თეოდორეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ისინი საპყრობილეში ჩაყარეს, სადაც მრავალი პატიმარი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.

ამასიის ახალმა მმართველმა ასკლიპიოდოტემ თავისთან დაიბარა ქრისტეს ერთგული აღმსარებლები. მისი ბრძანებით მორწმუნენი სასტიკად სცემეს. წამების დროს წმიდა ევტროპი ხმამაღლა ლოცულობდა: `მოგვეც, უფალო, ძალი დათმენისა, მოგვმადლე გვირგვინი მოწამეობრივი და მოვედ შEმწედ ჩვენდა, ვითარცა მოხვედ მონისა შენისა თეოდორეს თანა~. ლოცვის პასუხად წმიდა მოწამეებს თვით უფალი გამოეცხადა ანგელოზებთან და დიდმოწამე თეოდორე ტირონთან ერთად და დახმარება აღუთქვა.

ეს გამოცხადება იხილეს წმიდა მოწამეებთან მყოფმა ჯარისკაცებმა და ასკლიპიოდოტეს წამების შეწყვეტა სთხოვეს. მმართველი შეშინდა და ქრისტიანთა გაყვანა ბრძანა, შემდეგ ევტროპი მოიხმო და ურჩია, წარმართული ღმერთებისათვის სახალხოდ შეეწირა მსხვერპლი, გულში კი ქრისტიანად დარჩენილიყო. წმიდანმა უარი განაცხადა.

მეორე დღეს წმიდა მოწამენი წარმართულ ტაძართან მიიყვანეს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. ევტროპიმ ლოცვა აღავლინა მაცხოვრის მიმართ: `უფალო, იყავნ ჩვენ თანა, წარმართთა სიცოფე განაქარვე, რათა ქრისტიანებმა შესწირონ უსისხლო მსხვერპლი შენდა, ჭეშმარიტისა ღვთისა მიმართ~. ლოცვის დამთავრებისთანავე მიწა იძრა, კერპი დაიმსხვრა, ზეციდან კი გაისმა: `თქვენი ლოცვები შესმენილ იქნა. აქ აშენდა ტაძარი ქრისტიანთა სალოცავად~.

მიწისძვრის შემდეგ ასკლიპიოდოტემ ბრძანა, მიწაში სარები ჩაესოთ, მასზე მიებათ წმიდანები და ადუღებული ფისი გადაესხათ. წმიდანებმა ლოცვა დაიწყეს, ევტროპიმ კი მტანჯველებს გასძახა: `უფალმან მოაქციოს საქმენი თქვენნი თქვენდა~. ადუღებული ფისი მოწამეთა სხეულმა სასწაულებრივად აისხლიტა და ჯალათები დაწვა. ამის მნახველებს თავზარი დაეცათ, გამძვინვარებულმა მმართველმა კი ბრძანა, რკინის მარწუხებით დაეგლიჯათ წმიდანთა სხეულები და მარილიანი და ძმრიანი მდოგვი დაეყარათ წყლულებზე. წმიდანებმა ეს ტანჯვაც გასაოცარი სიმშვიდით აიტანეს. 3 მარტს წმიდა ევტროპი და კლეონიკე ჯვარს აცვეს, ბასილისკო კი აფხაზეთში გადაასახლეს.

22 მარტს ქალაქ კომანში წმიდა ბასილისკოს თავი მოჰკვეთეს, გვამი კი მდინარეში გადააგდეს. ქრისტიანებმა მოძებნეს მისი ნეშტი და დამარხეს. მოგვიანებით კომანში ააშენეს წმიდა ბასილისკოს სახელობის ეკლესია.

ღირსი პიამა ქალწული ქალაქ ალექსანდრიის მახლობლად მოღვაწეობდა. იგი საკუთარ სახლში დაყუდებულივით ცხოვრობდა, არავის ნახულობდა, საზრდელს დღეგამოშვებით ღებულობდა და მთელ დროს ლოცვასა და შრომაში ატარებდა. უფალმა წმიდანს წინასწარხედვის ნიჭი მიმადლა. ერთხელ მეზობელი სოფლის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, წმიდა პიამას სოფლელების ამოწყვეტა, რათა ნილოსის მოქცევისას მხოლოდ თავიანთი მინდვრები მოერწყათ. ეს უფლისაგან ეუწყა წმიდა ქალწულს და თავისი სოფლის უხუცესებს შეატყობინა. შეშინებული უხუცესები ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდანს და სთხოვეს, წასულიყო მეზობელ სოფელში და გონს მოეყვანა მისი მცხოვრებლები. ქალწულმა ამაზე უარი განაცხადა _ ადამიანებთან კავშირი ხომ მას დიდი ხნის გაწყვეტილი ჰქონდა. ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღსავსემ, მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. დილით, როცა ბოროისაგან გონდაბინდული, შეიარაღებული მეზობელი სოფლელები წმიდა ქალწულს სოფელს მოადგნენ, მოულოდნელად შედგნენ და ადგილიდან ფეხი ვერ მოიცვალეს. უფლის გამოცხადებით მათ შეიტყვეს, რომ ხელ-ფეხს წმიდა პიამას ლოცვა უბორკავდათ, გონს მოეგნენ და ბოროტი განზრახვა შეინანეს, შემდეგ წმიდა ქალწულის სოფელში ხალხი გაგზავნეს და შენდობა ითხოვეს. წმიდა პიამა მშვიდობით აღესრულა 337 წელს.

წმიდა ზენონი და ზოილე მშვიდობით მიიცვალნენ. მათი მოღვაწეობის ადგილი და დრო უცნობია.


 

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო