Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

17 მარტი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

4(ახ.17) მარტი


მოწამენი: პავლე მისი დით იულიანათი და მათთან ერთად კვადრატი, აკაკი და სტრატონიკე (+273); ღირსი გერმასიმე იორდენელი (+475); ღირსი იაკობ მმარხველი (VI); წმიდა გრიგოლი, კვიპროსის ქალაქ კონსტანციის ეპისკოპოსი, ავქაბი ეპისკოპოსი, მოწამე ისვილი, არქელაოსი, კვირილე და ფოტინე.

მოწამენი: პავლე მისი დით იულიანათი და მათთან ერთად კვადრატი, აკაკი და სტრატონიკე (+273). წმიდა მოწამენი, პავლე და იულიანა იმპერატორ ავრელიანეს დროს (270_275) აღესრულნენ ფინიკიის ქალაქ პტოლემადიაში. ერთხელ ამ ქალაქში იმპერატორი ჩავიდა თავისი ამალით. დამხვდურთა შორის მყოფმა პავლემ პირჯვარი გადაისახა. კარისკაცებმა ის შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. პავლეს დამ, იულიანამ, საჯაროდ ამხილა იმპერატორი უსამართლობასა და სისასტიკეში, რის შემდეგაც მანაც ძმის ხვედრი გაიზიარა. წმიდანთა მოთმინებით გაოცებულმა ჯარისკაცებმა _ კვადრატიმ, აკაკიმ და სტრატონიკემ ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. ქირსტეს ახალი აღმსარებლები დაუყონებლივ დახოცეს. უსჯულო იმპერატორმა იულიანას ცდუნება გადაწყვიტა და ცოლად შერთვას შეჰპირდა იმ პირობით, თუ ქრისტეს უარყოფდა. წმიდანმა შორს დაიჭირა იმპერატორი წინადადება. ავრელიანეს ბრძანებით წმიდა იულიანა საროსკიპოში შეაგდეს, ამგრამ უფალმა დაიცვა: ყველა, ვინც მასთან შეხებას ეცადა, დაბრმავდა. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, კვლავ ეწამებინათ და-ძმა. ქრისტიანთა წამებით შეძრწუნებული ხალხი აბობოქრდა. იმპერატორი შეშინდა და მოწამეებისთვის თავი მოკვეთა ბრძანა.

სიკვდილის წინ ქრისტესთან მიახლოების სიხარულით გაბრწყინებული და-ძმა გალობდა: `შენ მაცხოვნნე ჩუენ მაჭირვებელთა ჩუენთაგან და მოძულეთა ჩუენთა არცხვნე~ (ფს. 43,8).


წმიდა გერასიმე


ირსი გერასიმე, რომელი იყო იორდანეს, წარმოშობით ლუკიიდან (მცირე აზია) იყო. ბერად აღკვეცის შემდეგ იგი თებაიდის (ეგვიპტე) უდაბნოში განმარტოვდა, დაახლოებით 450 წელს კი პალესტინაში ჩავიდა და იორდანეს ნაპირას მონასტერი დაარსა. ერთ დროს ღირსი გერასიმე ევტიქისა და დიოსკორეს ერესით იყო ცდუნებული და იესო ქრისტეში მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას აღიარებდა, მაგრამ ღირსი ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) ქადაგებით ჭეშმარიტ სარწმუნოებას დაუბრუნდა. სავანეში წმიდა ბერმა მკაცრი წესები განაჩინა: კვირაში ხუთი დღე მეუდაბნოები განმარტოებით ცხოვრობდნენ, ცეცხლზე დამზადებულ საზრდელს არ ღებულობდნენ, მხოლოდ გამხმარი პურით, ბალახითა და წყლით იკვებებოდნენ, შაბათ-კვირას საღვთო ლიტურგიაზე იკრიბებოდნენ და ეზიარებოდნენ.თითოეულ ბერს გააჩნდა მხოლოდ ძველი სამოსელი და ჭილოფი დასაძინებლად. სენაკიდან გასვლისას მამები კარს არ კეტავდნენ, რათა გამვლელი შესულიყო, დაესვენა და საჭირო ნივთები წაეღო.

თვით ღირსი გერასიმე სამაგალითო იყო თავისი ღვაწლით. დიდმარხვაში ბრწყინვალე აღდგომამდე არაფერს ჭამდა, მარხვას უდაბნოში ატარებდა საყვარელ მოწაფესთან, ნეტარ კვირიაკესთან (ხს. 29 სექტემბერს) ერთად, რომელიც ექვთიმე დიდმა გაგზავნა მასთან.

როცა ექვთიმე დიდი გარდაიცვალა, ღირსმა გერასიმემ იხილა, თუ როგორ აღიყვანეს წმიდანის სული ანგელოზებმა ზეცად, ნეტარი კვირიაკე იახლა, წმიდა ექვთიმეს სავანეში წავიდა და მისი ცხედარი მიწას მიაბარა. ერთხელ უდაბნოში ღირს გერასიმეს კოჭლობით მიუახლობდა ლომი და მტკივანი ფეხი უჩვენა. წმიდა მამამ ჭრილობა შეუხვია და განუკურნა ლომს მტკივანი ფეხი. ამის შემდეგ მადლიერი მხეცი მუდამ თან ახლდა მას და მორჩილებით ემსახურებოდა მონასტრის ძმებს. როცა ამბა გერასიმე გარდაიცვალა (+475), ლომმა ვერ გაუძლო წმიდა მამასთან განშორების მწუხარებას და მის საფლავზე გარდაიცვალა. წმიდა გერასიმეს ცხოვრების აღმწერელი, სბაწმიდის ლავრის ხუცესი, კირილე ბესანიელი წერს: არა თუ ლომსა მას აქუნდა სული მეტყუელი, არამედ ინება ღმერთმან, რაითა ადიდნეს მადიდებელნი თვსნი... და რაითა გაუწყოს ჩუენ, ვითარ-იგი ადამს დამორჩილებულ იყვნეს მხეცნი, ვიდრე არღა იყო მცნებასა...


ღირსი იაკობ მმარხველი


ღირსი იაკობ მმარხველი (IV) ფინიკიის ქალაქ პროთირიონის ახლოს მოღვაწეობდა. ის თხუთმეტი წელი ცხოვრობდა გამოქვაბულში და განსაკუთრებული ღვთისმოსაობის გამო უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. მისი გავნელით ბევრი იქაური მცხოვრები მოექცა ქრისტეს სჯულზე. შემდეგ იაკობი სხვა გამოქვაბულში გადავიდა და იქ ეცდაათი წელი გაატარა. ეშმაკმა საშინელი განსაცდელი მოუვლინა წმიდანს: ერთხელ იაკობმა ბოროტი სულით შეპყრობილი გოგონა განკურნა, შემდეგ კი ცოდვით დაეცა მასთან. ჩადენილი ცოდვის გამო სინდისის ქენჯნით შეძრწუნებული ბერი დიდხანს დაეხეტებოდა უდაბნოში, ვერსად პოულობდა თავშესაფარს და იქამდეც კი მივიდა, რომ ბერობის დაგდება და ერში დაბრუნება გადააყდა და იღუმენის და საძმოს წინაშე აღიარა თავისი ცოდვა. მიუხედავად იღუმენის რჩევისა, დარჩენილიყო მათთან, იაკობმა კვლავ უდაბნოს მიაშურა. ბოლოს იგი შეხვდა ერთ მადლითა და სიბრძნით აღსავსე მეუდაბნოეს. მანაც თავისთან დარჩენა შესთავაზა. იაკობი არ დარჩა, მაგრამ, მეუდაბნოესთან საუბრით გაძლიერებული და დაიმედებული, გამოქვაბულში ჩაიკეტა და ათი წლის განმავლობაში სინანულით, ცრემლითა და გოდებით შესთხოვდა უფალს ცოდვის მიტევებას. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და კვლავ მიჰმადლა სასწაულთქმედების ნიჭი. წმიდა იოაკობი სიკვდილამდე თავის გამოქვაბულში ცხოვრობდა.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო