Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

26 მაისი

Email Print PDF

13(ახ.26) მაისი


ღირსი ეფთვიმე ათონელი (+1028); ღირსმოწამენი, ათონის ივერთა მონასტერში ლათინთაგან მოწყვეტილნი (XIII); მოწამე გლიკერია ქალწული და მის თანა ლაოდიკე დილეგის მცველი (+177); მოწამე ალექსანდრე რომაელი (+284_305); ღირსი პავსიკაკოსი, სინადის ეპისკოპოსი (+606); გიორგი აღმსარებელი, მეუღლე მისი ირინე და შვილნი მათნი (IX).

ღირსი ექვთიმე ათონელი, მთარგმნელი



ღირსი ეფთვიმე ათონელი იყო ცნობილი ათონელი მოღვაწის, წმიდა იოანეს შვილი (ხს. 12 ივლისს). იოანე ერისკაცობაში საქართველოს მეფის, დავით კურაპალატის მხედართმთავარი იყო.

წმიდანმა იოანემ დატოვა ოჯახი, ცოლ_შვილი, ნათესავები, სასახლის კარის ბრწყინვალე ცხოვრება, რადგან ჰქონდა `ცეცხლი იგი ქრისტეს სიყუარულისაი გულსა მისსა მძაფრად აღტყინებული~; ოთხთა ეკლესიის ლავრას მიაშურა და იქ მოღვაწე მამებისაგან მიიღO ბერობის კურთხევა. მამა იოანეს ცოლ_შვილი მოსავლელად სიმამრმა აბუჰარბმა და ცოლისძმებმა წაიყვანეს.

მამა იოანე საქართველოდან ულუმბოს მთაზე წავიდა და ერთ მონასტერში ჯორთა მომვლელად დადგა.

ამ დროს ბერძენთა მეფემ ზემო ქვეყნები მისცა დავით კურაპალატს, სამაგიეროდ კი, ერთგულების დასამტკიცებლად, აზნაურთა შვილები მოითხოვა მძევლებად. მძევალთა შორის აღმოჩნდა იოანეს მცირეწლოვანი ძე, ექვთიმე.

ულუმბოს მთაზე მყოფმა იოანემ გვიან გაიგო შვილის კონსტანტინოპოლში ყოფნის ამბავი, ეახლა ბერძენთა მეფეს და შვილი გამოსთხოვა, სიმამრს კი წყენით უთხრა: `რაი არს ესე? ნუუკუე შვილ არა გესხნესა თქუენ? გარნა ესე ცხად არს, რომელ მათ სწყალობდით, ვითარცა თვსთა შვილთა და ძე ჩემი, ვითარცა ობოლი, მძევლად გასწირეთ! გარნა უფალმან შეგინდვენ თქუენ~. იოანემ ექვთიმე ულუმბოს მთაზე წაიყვანა. ამ დროს ექვთიმეს ქართული ენა სრულიად დავიწყებული ჰქონდა. მალე მთელ ულუმბოსა და მის შემოგარენისთვის ცნობილი გახდა ღირსი იოანეს სახელი, მას `პატივსა უყოფდეს ბერძენნი და ქართველნი~, ამიტომ `კუალად უცხოებასავე მიჰმართა~ _ თავის ძესთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად ათონის მთაზე წავიდა და ღირსი ათანასე დიდის (ხს. 5 ივლისს) ლავრაში დაეყუდა.

სიყრმიდანვე გადმოვიდა ექვთიმეზე სულიწმიდის მადლი: ერთხელ ყმაწვილი მძიმედ დაავადდა. მამამ შვილის გადარჩენის იმედი დაკარგა, მღვდელთან კაცი გაგზავნა და სთხოვა, მომაკვდავი ეზიარებინა, თვითონ კი ეკლესიაში წავიდა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ დაემხო. შემდგომ მამა იოანე იხსენებდა: `დავვარდი წინაშე ხატსა წმიდისა დედოფლისასა და ცრემლითა მხურვალითა ვევედრებოდი უხრწნელსა მარადის ქალწულსა ღმრთისმშობელსა, რაითა შემწე ეყოს და ჰყოს ლხინებაი~.

როცა წმიდა იოანე ეკლესიიდან სენაკში შებრუნდა, მაშინვე ეცა საკმევლის საამო სურნელი და ნახა, რომ რამდენიმე წუთის წინ სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ყრმა სრულიად ჯანმრთელი იჯდა. მან მამას მოუთხრო, რომ სანამ ის ეკლესიაში იყო წასული, მასთან გამოცხადდა დიდებული დედოფალი და ქართულად ჰკითხა: `რაი არს, რაი გელმის, ეფთვმე?~ _ `მოკვუდები, დედოფალო~, _ უთქვამს ექვთიმეს. მაშინ დედოფალს ხელი მოუხვევია მისთვის და უნუგეშებია: `არარაი არს ვნებაი შენ თანა, აღდეგ, ნუ გეშინინ და ქართულად ხსნილად უბნობდი`. ამ სასწაულებრივი განკურნების შემდეგ ექვთიმეს ქართული `აღმოუდიოდა პირითგან, ვითარცა წყაროი უწმიდეს ყოველ ქართველთასა~. ღირსმა იოანემ მადლობა Aშესწირა უფალს და შვილს აუხსნა, რასაც ნიშნავდა ეს ჩვენება: `შვილო ჩემო, ქართლისა ქუეყანაი დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლან და ვხედავ, რომელ ღმერთსა მოუმადლებია შენდა. აწ იღუაწე, რაითა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან~.

ულუმბოს მთიდან ათონზე გადასული ქართველი მამები ფიცხელ მუშაკობაში იყვნენ. წმიდა ექვთიმე სიხარულით შეუდგა მამის ბრძანების შესრულებას და მალე ყველა გააკვირვა თავისი ღვაწლით. როდესაც კეთილმორწმუნე მეფემ, დავით კურაპალატმა, წაიკითხა მთაწმიდიდან გამოგზავნილი წიგნები, სიხარულით აღივსო, ადიდა ღმერთი და ბრძანა: `მადლი ღმერთსა, რომელმან ჩუენთა ამათ ჟამთა ახალი ოქროპირი გამოაჩინა~. მეფე ჟამით_ჟამამდე შეკვეთას აძლევდა ათონელ მამას, ისიც შეუსვენებლად თარგმნიდა, დღე და ღამე წიგნებს ჩაჰკირკიტებდა და ატკბობდა ჩვენს ხალხს და ეკლესიას.

ღირსი ექვთიმეს ცხოვრების აღმწერელი, წმიდა გიორგი მთაწმინდელი (ხს. 27 ივნისს) ორმოცდაათზე მეტ თარგმანს ჩამოთვლის და დასძენს: `ესე ყოველნი და ამათსა ფრიად უმრავლესნი წიგნნი თარგმნა ღმერთშემოსილმან მამამან ჩუენმან და ესრეთ აღაორძინა მისდა რწმუნებული იგი ტალანტი~.


მამის გარდაცვალების შემდეგ წმიდა ექვთიმე შეიქნა წინამძღვარი ათონის ივერთა მონასტრისა, რომელიც მამა იოანემ წმიდა იოანე თორნიკ_ყოფილთან (ხს. 12 ივნისს) ერთად დაარსა. წინამძღვრობამ ექვთიმეს უკვე სხვა საქმეებიც გამოუჩინა, ამიტომ ნეტარ მამას წიგნებზე მუშაობა ძირითადად ღამით, სანთლის შუქზე უხდებოდა. იგი მოსვენების უფლებას არ აძლევდა ისედაც მკაცრი მარხვით დაუძლურებულ სხეულს. კეთილად წინამძღვრობდა მამა ექვთიმე მთაწმიდის საძმოს. ერთხელ მამა ექვთიმეს სთხოვეს, როგორმე მოერჯულებინა ერთი ურია, რომელიც თავს რჯულის ცოდნაზე დებდა და ქრისტიანებს დასცინოდა. მამა ექვთიმე გაესაუბრა ურიას. მან, როგორც კი იგრძნო, დავმარცხდიო, ქრისტიანული სარწმუნოების გმობა დაიწყო. მამა ექვთიმემ შერისხა იგი: დაიყავნ პირი შენი, ბილწო ჰურიაო. იმავე წამს ურიას პირი გვერდზე მოექცა და დამუნჯდა. იქ მყოფმა სხვა ურიებმა მაშინვე დაუჩოქეს მამა ექვთიმეს და კურთხევა სთხოვეს. ღირსმა მამამ ურიები დალოცა, მკრეხელზე კი თქვა: `რომელი _ იგი გმო, მისგან შეინდოს და სარწმუნოებად მოვიდეს და მე შემინდობია~. შემდეგ მამა ექვთიმემ მისთვისაც ილოცა, ჯვარი გადასახა განკურნა და სასწაულით შეძრულმა ირწმუნა ქრისტე.

მრავალი სასწაული ქმნა მამა ექვთიმემ: ჯერ კიდევ მაშინ, როცა ღირსი იოანე ცოცხალი იყო, საბერძნეთს საშინელი გვალვა დაატყდა თავს. ოთხმა თვემ უწვიმრად გადაიარა, ხე და ვენახი გახმა, მიწა დასკდა. მამა იოანემ შვილს უბრძანა: წარიყვანენ ძმანი და წარვედით ეკლესიასა წმიდისა ელიაისსა და ღამე ათიეთ და ჟამის_წირვაი აღასრულეთ~. წირვაზე სახარების კითხვისას ცაზე ღრუბელი გამოჩნდა, წმიდა ზიარების დაწყებისას კი _ წვიმა წამოვიდა.

ერთხელ, ფერისცვალების დღესასწაულზე, ათონის მთაზე სალოცავად ასულმა ხალხმა საკუთარი თვალით იხილა ცეცხლის ალში გახვეული მამა ექვთიმე. ხალხი მუხლებზე დაემხო მის წინაშე, ექვთიმემ კი დაამშვიდა ისინი: `ნუ გეშინინ, ძმანო, რამეთუ მოხედვაი საღმრთოი იქმნა და ქრისტემან თვსი დღესასწაული ადიდა~. მამა ექვთიმემ თავის მონასტერში მკაცრი და სამართლიანი წესი დაადგინა, რომლის აღსრულებაც ყველასთვის სავალდებულო იყო. წმიდათა მოშურნე ბელიარმა ვერ აიტანა მამა ექვთიმეს და მისი მონასტრის ძმების ასეთი ღვთივსათნო მოღვაწეობდა და რაოდენ საოცარია, რომ ბოროტმა წმიდა მთაზეც კი იპოვა მისი ნების შემსრულებელი და ორჯერ მკვლელი მიუგზავნა წმიდა ექვთიმეს, მაგრამ ღვთის განგებამ დაიცვა ექვთიმეს სიცოცხლე და ორივეჯერ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

გონებით წრფელმა და მდაბალმა, სულით მშვიდმა და განათლებულმა, სხეულით ძლიერმა წმიდა ექვთიმემ თოთხმეტ წელიწადს უწინამძღვრა ათონის ქართველთა მონასტერს, შემდეგ კი, რადგანაც სამწერლო საქმიანობისათვის დიდი დრო სჭირდებოდა, მამის, ღირსი იოანეს ანდერძისამებრ, წინამძღვრობა მამა გიორგის (ხს. 28 ივლისს) გადააბარა, ხოლო თვითონ სენაკში ჩაიკეტა, რათა მთლიანად თარგმნისათვის მიეყო ხელი. ერთხელ მამა ექვთიმე იმპერატორმა კონსტანტინე VIII_მ დაიბარა, რადგან `დიდი სარწმუნოებაი და სიყუარული ჰქონდა მისა მიმართ ღირსებისა მისისათვს. ღირსმა მამამ ძმები შეკრიბა, ტრაპეზი განუმზადა და სთხოვა, ელოცათ მისთვის; შემდეგ თავის მეგობართან, თეოფანე ხუცესთან წავიდა, რომელთანაც სიყრმიდან იყო შეზრდილი და დიდი სიყვარული ჰქონდა. დამშვიდობებისას თეოფანე ხუცესი მოეხვია წმიდა ექვთიმეს და ცრემლით უთხრა: ვაიმე უბადრუკსა, რამეთუ არღარა ოდეს გიხილო შენ ხორციელად, ჰოი, წმიდაო მამაო!~ ღირსმა ექვთიმემ დაუდასტურა წინასწართქმული. იმპერატორმა დიდი პატივით ისტუმრა ღირსი მამა. წმიდა იოანე ღვთისმეტყველის (ხს. 8 მაისს) დღესასწაულის შემდეგ მამა ექვთიმემ მხატვართან მიბარებული ხატის სანახავად წასვლა გადაწყვიტა. მას ახლად ნაყიდი ჯორი შეუკაზმეს. გზაზე შავით შემოსილი გლახაკი გადაუდგა და მოწყალება სთხოვა. ღირსმა მამამ ჯიბეში ჩაიყო ხელი, მაგრამ ჩამოძონძილი გლახაკის დანახვაზე ჯორი შეშინდა, აიწყვიტა და წმიდანი ძირს ჩამოაგდო.

მომაკვდავ მამა ექვთიმეს მთელი საბერძნეთი დასტიროდა. ლოცვით და ღმრთის დიდებისმეტყველებით აღესრულა წმიდა ექვთიმე და `წარვიდა წინაშე ღმრთისა ნათელსა მას მიუაჩრდილებელსა, ყოველთა თანა წმიდათა, რომელნი საუკუნითგან სათნო ეყვნეს ღმერთსა~ (+1028). წმიდა ექვთიმე ათონის მთაზე დაკრძალეს `სამარხოსა ლუსკუმასა ტაძარსა შინა წმიდისა იოანე ნათლისმცემლისასა.

წმიდა ღირსმოწამენი, ათონის ივერთა მონასტერში ლათინთაგან მოწყვეტილნი


ათონის ივერთა მონასტერში ლათინთაგან მოწყვეტილნი ღირსმოწამენი. ქართველი ბერები ათონის მთაზე X საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან იწყებენ დასახლებას და სულ მალე იქ ყალიბდება ივერონად წოდებული ერთ_ერთი უდიდესი მონასტერი. ათონის წმიდა მთას ხშირად თავს ესხმოდნენ და არბევდნენ გარეშე მტრები, XIII საუკუნეში კი იგი ჯვაროსანთა სათარეშო ასპარეზად იქცა. პაპისტმა მხედრებმა 1259_1306 წლებში რამდენჯერმე მოაოხრეს იქაურობა. მართლმადიდებლური მრწამსის ერთგულებისათვის მხეცურად ამოწყვიტეს ზოგრაფის, ვათოპედის, პროტატის და სხვა სავანეთა ბერები... მათ რისხვას ვერც ივერთა მონასტერი გადაურჩა. ამ დროს ათონის ქართველთა მონასტერში ერთად მოღვაწეობდნენ ქართველი და ბერძენი მამები და საქართველოდან ივერონში მრავლად მიდიოდა ქართველ ბერმონაზონთა ახალი თაობა.

მხედრებმა ივერონელ ბერებს კათოლიკური სარწმუნოების მიღება და პაპის უზენაესობის აღიარება მოსთხოვეს, მამებმა მხნედ ამხილეს მათი ცთომილება და მომხდურები ერესის ქადაგებისთვის ანათემას გადასცეს. როგორც ათონური პატერიკი გვაუწყებს, პაპისტებმა ივერონელი მამები ძალით გამოყარეს სავანიდან, მათგან უხუცესნი _ ორასამდე ბერი _ მონასტრის გემზე დასხეს და ზღვაში ჩაძირეს, უფრო ახალგაზრდა და ჯან_ღონით სავსე ბერები კი, რომელთა უმეტესობაც ქართველი იყო, სამონასტრო ქონებასთან ერთად იტალიაში გაგზავნეს და იუდეველებს მიჰყიდეს მონებად.

ეს ამბავი ივერთა ლავრაში, ერთი ცობით, 1259 წელს მომხდარა, სხვა წყაროების მოწმობით კი _ სავარაუდოდ, 1276_1280 წლებში.

წმიდა მოწამე გლიკერია ქალწული და მის თანა ლაოდიკე დილეგის მცველი


მოწამე გლიკერია ქალწული და მის თანა ლაოდიკე დილეგის მცველი (+177) მოწამეობრივად აღესრულნენ იმპერატორ ანტონინუს პიუსის (138_161) დროს. წმიდა გლიკერია არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. მისი მამა მაკარი ქალაქ რომის მმართველი იყო, შემდგომ კი თრაკიის ქალაქ ტრინოპოლში გადასახლდა. გლიკერია ადრე დაობლდა. ქრისტიანებთან დაახლოებამ ქალწული ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. იგი ყოველდღე დადიოდა ღვთის ტაძარში. ქალაქის მმართველმა საბინემ მიიღო იმპერატორის ბრძანება, ქრისტიანებისთვის მოეთხოვა წარმართული მსხვერპლშეწირვის წესის შესრულება. მანაც დანიშნა დღე ზევსის კერპის საყოველთაო თაყვანისცემისათვის. წმიდა გლიკერიამ მტკიცედ გადაწყვიტა, ქრისტესთვის აღსრულებულიყო, ქრისტიანებს გაუმხილა თავისი წადილი და სთხოვა, ელოცათ მისთვის. ზევსის დღესასწაულზე შუბლზე ჯვარგამოსახული ქალწული სამსხვერპლოში გამოცხადდა. წმიდანი შემაღლებულ ადგილზე დადგა, თავსაბურავი მოიხსნა და ყველას დაანახა შუბლზე გამოსახული წმიდა ჯვარი. ქრისტეს ტარიგი მხურვალედ ევედრებოდა უფალს წარმართთა გონზე მოყვანას და ზევსის ქვის კერპის დამსხვრევას. მოულოდნელად გრუხუნი გაისმა. ზევსის ქანდაკება მიწაზე დაემხო და დაიმსხვრა. გამძვინვარებულმა საბინემ და ქურუმებმა ხალხს უბრძანეს, ქვებით ჩაექოლათ გლიკერია, მაგრამ ქვები ვერ აღწევდა წმიდანამდე _ უფალი იცავდა თავის რჩეულს. ქრისტეს აღმსარებელი საპყრობილეში გამოამწყვდიეს. ქრისტიანმა მღვდელმა ფილოსტრატემ მოინახულა და გაამხნევა იგი. დილით ქალწული საწამებლად გაიყვანეს. როცა წამება დაიწყო, ჯალათთა შორის უეცრად ანგელოზი გამოჩნდა. ყველანი, შიშით ზარდაცემულნი, მიწაზე განერთხნენ. როცა ჩვენება გაქრა, საბინეს ბრძანებით წმიდანი საპყრობილეში ჩააბრუნეს, კარები კი მმართველის პირადი ბეჭდით დაბეჭდეს. პყრობილობის მანძილზე წმიდა ქალწულთან უფლის ანგელოზს მიჰქონდა პური და წყალი. მრავალი დღის შემდეგ საბინემ თვითონ გახსნა ბეჭედი, შევიდა საკანში და გაოგნდა, როცა ცოცხალი და საღ_სალამათი წმიდანი იხილა.

საბინე ჰერაკლიაში წავიდა და წმიდა გლიკერიაც თან წაიყვანა. წმიდანს წინ შემოეგება ჰერაკლიის ეპისკოპოსი დომენტი კრებულთან ერთად და ილოცეს მისი განმტკიცებისათვის. ჰერაკლიაში წმიდა გლიკერია გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლი ჩაქრა და ღუმელიც გაცივდა. მრისხანებისაგან გონდაკარგულმა მმართველმა ბრძანა, ქალწულისთვის ტყავი გაეძროთ. შუაღამეს უფლის ანგელოზი გარდამოხდა ზეცით და წყლულები დაუამა მოწამეს. დილით დილეგის მცველმა ვერ იცნო წმიდა გლიკერია, ეგონა, რომ ტუსაღი გაექა და დასჯის შიშით თავის მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ წმიდანმა შეაჩერა. სასწაულით შეძრულმა ლაოდიკემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და წმიდანს შეევედრა, ელოცა მისთვის, რომ თვითონაც მასთან ერთად აღსრულებულიყო უფლის სადიდებლად. `შეუდექ ქრისტეს და ცხონდები~, _ უპასუხა წმიდა ქალწულმა. ლაოდიკემ წმიდა გლიკერიას ბორკილები თვითონ დაიდო, სამსჯავროზე მმართველს და დამსწრეებს მოუთხრო ანგელოზის მიერ წმიდა ქალწულის განკურნებაზე და საჯაროდ აღიარა ქრისტე. ღვთის რჩეულს სასწრაფოდ მოკვეთეს თავი. ქრისტიანებმა მალულად წაასვენეს მისი ცხედარი და პატივით დაკრძალეს.

წმიდა გლიკერია მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ლომმა მორჩილებით აულოკა მას ფეხები. წმიდანი შეევედრა უფალს, მიეღო მისი სული. ზეციდან კი გაისმა ხმა, მაუწყებელი იმისა, რომ სასუფევლის კარები განხმული იყო ქრისტეს სასძლოსთვის. ამ დროს გალიიდან მეორე ლომიც გამოუშვეს. მან მოაკვდინა წმიდანი, მაგრამ არ დაუგლეჯია. ეპისკოპოსმა დომენტიმ და ჰერაკლიელმა ქრისტიანებმა პატივით დაასაფლავეს წმიდა მოწამე გლიკერია. მალე მისი წმიდა ნაწილებიდან მაკურნებელმა მირონმა იწყო დენა.

მოწამე ალექსანდრე რომაელი მხედარი იყო და რომში მსახურობდა ტრიბუნ ტიბერიანეს პოლკში. წმიდა ალექსანდრე თვრამეტი წლის იყო, როცა იმპერატორმა მაქსიმიანე ჰერკულესმა (284_305; 307_310) გამოსცა ბრძანება, რომ განსაზღვრულ დღეს ყველა მოქალაქე მისულიყო ზევსის ტაძარში და მსხვერპლი შეეწირა. ქრისტიანული სარწმუნოებით აღზრდილმა ალექსანდრემ უარი განაცხადა დღესასწაულში მონაწილეობის მიღებაზე. შეშინებულმა ტიბერიანემ იმპერატორთან დაასმინა წმიდანი. ალექსანდრეს ანგელოზმა მოსალოდნელი მოწამეობრივი აღსასრული აუწყა. მაქსიმიანეს წინაშე წმიდა ალექსანდრემ უშიშრად აღიარა ქრისტე. წმიდა მოწამე სასტიკად აწამეს. იმპერატორის ბრძანებით ტიბერიანე თრაკიაში წავიდა და თან იახლა წმიდა ალექსანდრე. უფლის ანგელოზმა წმიდანის დედას, პიმენიას გაუცხადა შვილის მოწამეობრივი მოღვაწეობა. წმიდა ალექსანდრეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ჯალათმა ხელი ვერ აღმართა წმიდანის მოსაკვდინებლად. რადგან ხედავდა მასთან მყოფ ანგელოზებს. წმიდანის ლოცვით ანგელოზები უჩინო იქმნენ და ჯალათმაც თავი წარკვეთა მოწამეს (+284_305). მოწამის გვამი მდინარეში ჩააგდეს, მაგრამ ოთხმა ძაღლმა ხმელეთზე ამოიყვანა იგი და უდარაჯა, სანამ არ მოვიდა დედა და პატივით არ დაფლა შვილის ცხედარი მდინარე ერიგონის ნაპირას.

წმიდა გიორგი აღმსარებელი, მეუღლე მისი ირინა და შვილნი მათნი (IX) აღესრულნენ ხატმბრძოლობის ერესის მძვინვარების დროს. იმპერატორი თეოფილე (829_842) აიძულებდა წმიდა გიორგის, უარი ეთქვა ხატთა თაყვანისცემაზე. იმპერატორის ბრძანებით წმიდანს მთელი ქონება ჩამოართვეს, ყელზე თოკგამობმული ატარეს კონსტანტინოპოლის ქუჩებში, დილეგში გამოამწყვდიეს, ბოლოს კი ცოლ_შვილთან ერთად კონსტანტინოპოლში გადაასახლეს. უფლის რჩეულებმა დევნილობაში შეჰვედრეს სული უფალს.

წმიდა პავსიკაკოსი, სინადის ეპისკოპოსი ცხოვრობდა სირიის ქალაქ აპამეაში. ბავშვობიდანვე ქრისტიანულად გაზრდილმა, ადრევე დაიწყო ასკეტური ცხოვრება. წმიდანს უფლისაგან ხორციელ და სულიერ სენთა კურნების ნიჭი მიემადლა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა კვირიაკემ (592_606) წმიდა პავსიკაკოსს ხელი დაასხა სინადის ეპისკოპოსად. კონსტანტინოპოლში ყოფნისას წმიდა პავსიკაკოსმა განკურნა იმპერატორი მავრიკიუსი. უკან გამობრუნებულმა, უფალს წყალი სთხოვა წყურვილისაგან ქანცგაწყვეტილი თანამგზავრებისათვის. წმიდანის ლოცვით მიწიდან წყარომ ამოხეთქა. პავსიკიოსი მშვიდობით აღესრულა 606 წელს.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო