Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

28 მაისი

Email Print PDF

15(ახ.28) მაისი


ღირსი პიროს ბრეთელი (VI) (ცხ. იხ. 5(20) მაისი); ღირსი პახუმი დიდი (+348); ღირსი აქილე, ლარისის ეპისკოპოსი (IV).

ღირსი პახუმი დიდი


ღირსი პახუმი დიდი ანტონი დიდთან (ხს. 17 იანვარს), მაკარი დიდთან (ხს. 19 იანვარს) და ექვთიმე დიდთან (ხს. 20 იანვარს) ერთად ითვლება მეუდაბნოებისა და სამონასტრო ცხოვრების ერთ_ერთ დამაარსებლად ეგვიპტეში. ღირსი პახუმი III საუკუნეში დაიბადა თებაიდაში (ზემო ეგვიპტე), წარმართი მშობლების ოჯახში და კარგი საერო განათლება მიიღო. როცა იგი ოცი წლის გახდა, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ახალწვეულები დროებით ქალაქის საპყრობილეში მოათავსეს. ადგილობრივი ქრისტიანები ზრუნავდნენ მათზე, მოჰქონდათ საკვები და ემსახურებოდნენ. როცა ჭაბუკმა გაიგო, რომ ეს ხალხი თავიანთი ღმერთის მცნებების ერთგულებისა და მოყვასის სიყვარულის გამო მოდიოდა საპყრობილეში, პირობა დადო, რომ თვითონაც გაქრისტიანდებოდა. გამარჯვების შემდეგ ბრძოლიდან დაბრუნებული პახუმი მოინათლა, დასახლდა სოფელ შენესიტში და მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო. მან რჩევისათვის თებაიდელ მეუდაბნოეს პალამონს მიმართა, რომელმაც სიყვარულით მიიღო მოღვაწე.


უდაბნოში ათი წლის ცხოვრების შემდეგ ღირს პახუმის სოფელ ტაბენისის ნანგრევებთან მოესმა ზეციური ხმა და სავანის აშენება უბრძანა. პახუმიმ ამის შესახებ ღირს პალამონს შეატყობინა. ორივე მამა ტაბენისში წავიდა და მონასტრის მშენებლობა დაიწყო. წმიდა პალამონმა აკურთხა სავანის საძირკველი და მისი მომავალი დიდება იწინასწარმეტყველა. პალამონის აღსრულების შემდეგ წმიდა პახუმის უფლის ანგელოზი გამოეცხადა სქიმოსნის სახით და სამონასტრო ცხოვრების წესი გადასცა. მალე ღირს მამასთან მივიდა უფროსი ძმა იოანე და მასთან დასახლდა. ღირსი პახუმის ირგვლივ თანდათანობით შეიკრიბნენ მოწაფეები. სავანის იღუმენი კეთილად განაგებდა საძმოს და ბრძნულად წინამძღვრობდა ბერების სულიერ ცხოვრებას... ღირსმა პახუმიმ შემოიღო საერთო საცხოვრისის წესი, ყველასთვის ერთნაირი საკვები და ტანსაცმელი დაადგინა. სავანის ბერებს მათთვის დადგენილი საქმე მორჩილებით უნდა შეესრულებინათ. მორჩილებათა შორის იო წიგნების გადაწერა. ბერებს საკუთარი ფული არ უნდა ჰქონოდათ და არც ნათესავებისგან უნდა მიეღოთ. ღირსი მამა თვლიდა, რომ მორჩილება მარხვაზე და ლოცვაზე აღმატებული სათნოება იყო და ბერებისგან წესების მკაცრად დაცვას ითხოვდა. ერთხელ ღირსი პახუმისთან მივიდა მისი და, მარიამი. მკაცრმა მოღვაწემ არ დაარღვია საერთო წესი და მარიამს მეკარის პირით მისცა კურთხევა მონაზვნობაზე. ტაბენისელმა ბერებმა ნილოსის მეორე ნაპირზე ააშენეს დედათა საცხოვრისი. მარიამთან მონაზვნებმა იწყეს შეკრება და მალე დაარსდა დედათა მონასტერი, რომელიც ღირსი პახუმის დადგენილ წესებს ემორჩილებოდა.


ბერების რიცხვი ისე გაიზარდა, რომ საჭირო გახდა შვიდი მონასტრის აშენება. მამათა რაოდენობამ შვიდი ათასს მიაღწია. ყველას ღირსი პახუმი ხელმძღვანელობდა. საკუთარი თავის მიმართ მკაცრი და მომთხოვნი ღირსი პახუმი საოცრად კეთილი და დამთმობი იყო ახალბედა ბერების მიმართ. სიცოცხლის ბოლოს ღირსი პახუმი დასნეულდა იმ მხარეში გავრცელებული შავი ჭირით. წმიდა მამას უვლიდა მისი უახლოესი მოწაფე ღირსი თეოდორე (ხს. 17 მაისს). წმიდა პახუმი გარდაიცვალა დაახლოებით 348 წელს, ორმოცდაცამეტი წლის ასაკში. დაასაფლავეს მონასტრის ახლოს, მთის ძირას.

ღირსი აქილე, ლარისის ეპისკოპოსი ცხოვრობდა წმიდა კონსტანტინე დიდის (306_337) მეფობის დროს. სიწმიდით და განსწავლულობით გამორჩეული ღირსი აქილე თესალიის ქალაქ ლარისის ეპისკოპოსად აირჩიეს. წმიდა აქილე აქტიურად მონაწილეობდა I მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში. თავის ქალაქში ღირსმა მამამ დაანგრია საკერპოები და ეკლესიები ააშენა. წმიდანს უფლისგან სნეულებათა კურნების ნიჭი მიემადლა. წმიდა აქილე გარდაიცვალა დაახლოებით 330 წელს. 978 წელს მისი წმიდა ნაწილები გადაასვენეს ბულგარეთში, ქალაქ პრესპუში.


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო