Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

29 მაისი

Email Print PDF

16(ახ.29) მაისი


წმიდა ალექსანდრე იერუსალიმელი ეპისკოპოსი (+213_250); მოწამენი: ვიტე, მოდესტოსი და კრისკენტია (+დაახლ. 303); ღირსი თეოდორე განწმენდილი (+368); ნეტარი მუზა ქალწული (V); ღირსი მამანი წმიდა საბას ლავრაში მოწყვეტილნი (+614); წმიდა გიორგი მიტილენელი (IX); წმიდა მოწამენი: აბდა, აბდიისუს ეპისკოპოსი და მათთან ერთად თექვსმეტი მღვდელი, ცხრა დიაკონი, ექვსი მონაზონი და შვიდი ქალწული (+418); მოწამე პეტრე (+716); წმიდა ნიკოლოზ მისტიკოსი (+925).

მოწამენი: ვიტე, მოდესტო და კრისკენტია




მოწამენი ვიტე, მოდესტოსი და კრისკენტია მოწამეობრივად აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284_305) მეფობის დროს. წმიდა ვიტე იყო ცნობილი სიცილიელი დიდებულის, წარმართი გილასის ვაჟი. უფალმა ვიტეს სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. ის სნეულებს კურნავდა და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ამ დროს იმპერატორმა გამოსცა ბრძანება ქრისტიანთ დევნის შესახებ. წმიდა ვიტე სამსჯავროზე გამოიძახეს. აღმსარებლობისათვის წმიდანი უმოწყალოდ სცემეს. ვალერიანეს მოულოდნელად ხელი გაუშეშდა. წმიდანის ლოცვით მმართველმა კურნება მიიღო, სასამართლო შეწყვიტა, შვილი გილასს გააყოლა სახლში და უბრძანა, ქრისტიანობისაგან განეყენებინა იგი. ხორციელი ცოდვით რომ დაცემულიყო, გილასმა შვილი ფუფუნებით აავსო და ლამაზი გოგონები მიუყვანა. წმიდანთან საუკეთესო საჭმელები მიჰქონდათ, ნადიმებს აწყობდნენ... მაგრამ წმიდა ვიტე მოუკლებლად ლოცულობდა და შეწევნას სთხოვდა უფალს. წმიდანს ანგელოზები ეცხადებოდნენ და მასთან ერთად ლოცულობდნენ. ერთხელ შვილთან შესულმა გილასმა ანგელოზები იხილა და დაბრმავდა. გილასმა აღთქმა დადო, რომ უარყოფდა კერპებს და წმიდა ვიტეს ლოცვით თვალები აეხილა, მაგრამ განკურნების შემდეგ სიძულვილით აღივსო შვილის მიმართ და მისი მოკვლა გადაწყიტა. წმიდანის გადასარჩენად ფარულმა ქრისტიანებმა, მისმა აღმზრდელმა წმიდა მოდესტოსმა და ძიძამ, წმიდა კრისკენტიამ წმიდა ვიტე მალულად გაიყვანეს მშობლების სახლიდან, უფლის ანგელოზისაგან დაცულნი, განმარტოვდნენ იტალიის ერთ_ერთ მხარეში, ლუკანიაში და დიდხანს ფარულად ცხოვრობდნენ. წმიდა ვიტე კვლავ კურნავდა სნეულებს, წარმართებს აქრისტიანებდა... მისი სასწაულების ამბავი მთელ ქვეყანაში გახმაურდა.

წმიდა ვიტე და მოდესტოსი იმპერატორის წინაშე დაასმინეს. წმიდა ვიტემ ამხილა კერპთაყვანისმცემლობის სიცოფე და განკურნა ბოროტი სულისაგან შეპყრობილი იმპერატორის ვაჟი. დიოკლეტიანე წმიდა ვიტეს სარწმუნოების უარყოფის ფასად სთავაზობდა პატივს, დიდებას, სიმდიდრს, მაგრამ წმიდანმა უარი განაცხადა. მაშინ წმიდა მოდესტოსთან ერთად იგი დილეგში ჩააგდეს. მხურვალე ლოცვის შემდეგ წმიდანები საკვრელთაგან გათავისუფლდნენ. დიოკლეტიანემ ეს სასწაული ჯადოქრობად ჩათვალა და ბრძანა, გახურებული კალით სავსე ქვაბში ჩაეგდოთ ვიტე. უფალმა თავისი რჩეული უვნებლად დაიცვა. შემდეგ წმიდა ვიტე ლომს მიუგდეს. მან პირჯვარი გადაისახა და მხეცი მორჩილად დაწვა მის ფეხებთან. წმიდა მოწამეები ბოძზე ჩამოკიდეს და რკინის კაუჭებით დასერეს. ამ საშინელების მხილველი წმიდა კრისკენტია გამოეყო ხალხს და იმპერატორი უღმერთოებასა და სისასტიკეში ამხილა. ამისათვის ისიც სასტიკად გვემეს. წმიდა ვიტემ ღმერთს შეჰღაღადა: `ღმერთო, გვიხსენ ჩვენ ძალითა შენითა და დაგვიფარენ ჩვენ~. მოულოდნელად მიწა იძრა და ბევრი წარმართი დაიღუპა შენობების ნანგრევებში. ანგელოზმა მოწამეები ბოძიდან გარდამოხსნა და ლუკანიაში გადაიყვანა. წმია ვიტე უფალს შეევედრა, მშვიდობით მიეღო მათი სულები. უფალმაც ისმინა მათი ვედრება. წმიდა მოწამენი ვიტე, მოდესტოსი და კრისკენტია აღესრულნენ დაახლოებით 303 წელს. მათი წმიდა ნაწილები გადაასვენეს პრაღაში. წმიდა კეთილმსახურმა მთავარმა ვიაჩესლავ ჩეხმა (ხს. 28 სექტემბერს) ააშენა წმიდა ვიტეს სახელობის ტაძარი, სადაც შემდგომ დაასვენეს მოწამეთა ნაწილები.

ღირსი თეოდორე განწმენდილი წარმოშობით ეგვიპტელი იყო და იზრდებოდა მდიდარი და ცნობილი ქრისტიანი მშობლების ოჯახში. მასში ადრევე გაიღვიძა ბერული ცხოვრებისადმი მიდრეკილებამ. თოთხმეტი წლისა სახლიდან გაიპარა და ერთ_ერთ მონასტერში დასახლდა. როცა ღირსმა მამამ პახუმი დიდის მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, დატოვა მონასტერი და მასთან წავიდა. ღირსმა პახუმიმ, რომელსაც უფლისაგან წინასწარ განეცხადა ყრმის მოსვლა, სიყვარულით მიიღო იგი. სავანეში დარჩენილი თეოდორე მალე შეეგუა მეუდაბნოეთა ცხოვრების წესს. წმიდანის დედამ გაიგო, რომ მისი ვაჟი ტაბენისის სავანეში იმყოფებოდა, ეპისკოპოსის წერილით მივიდა პახუმი დიდთან და შვილთან შეხვედრა სთხოვა. თეოდორემ უარი განაცხადა დედის ნახვაზე, რადგან ეშინოდა, რომ დაარღვევდა სოფლის უარყოფის აღთქმას.

ღირსი პახუმი ხედავდა წმიდა თეოდორეს საღმრთო გონიერებას და დაავალა, ძმებისთვის წმიდა წერილის სწავლება აეხსნა. მაშინ წმიდა თეოდორე მხოლოდ ოცი წლისა იყო. ის უსიტყვოდ დაემორჩილა მოძღვრის კურთხევას, მაგრამ ზოგიერთი ასაკოვანი ბერი შეურაცხყოფილი დარჩა ახალგაზრდა ბერის სწავლებით და განეშორა მას. ღირსმა პახუმიმ მათ უთხრა: `თქვენ ეშმაკს დაემორჩილეთ და თვითდაჯერებულობით ამაოდ აქციეთ თქვენი ღვაწლი. თქვენ თეოდორე კი არ უარყავით, არამედ სიტყვა ღვთისა და მოაკლდით სულიწმიდის მადლს~.

ღირსი პახუმის სიკვდილის შემდეგ ტაბენისის მონასტერს წმიდა თეოდორე განაგებდა, მოგვიანებით კი სათავეში ჩაუდგა თებაიდის ყველა სავანეს. ღირს მამას სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. წმიდა თეოდორე აღესრულა ღრმად მოხუცი, 368 წელს.

ნეტარი მუზა ქალწული


ნეტარი მუზა ქალწულის (V) შესახებ წმიდა გრიგოლ დიოლოღოსმა მთავარდიაკონ პეტრეს მოუთხრო ის, რაც წმიდანის ძმისგან, პროვასგან გაეგონა. ერთხელ ნეტარს ძილში გამოეცხადა ყრმებით გარშემორტყმული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და ჰკითხა:  გსურს ჩემტან წამოხვიდე და ამათ გვერდით იცხოვრო? მსურს,  უპასუხა გოგონამ.  ცუდი არაფერი ჩაიდინო, თავი აარიდე მხიარულებას და საბავშვო თამაშობებს. ოცდამეათე დღეს მოვალ და წაგიყვან. ამ გამოცხადების შემდეგ მუზა ძალიან დასერიოზულდა, მთელ დღეებს ლოცვასა და მარხვაში ატარებდა. ოცდამეხუთე დღეს მუზა დასნეულდა, ოცდამეათე დღეს კი კვლავ იხილა ღვთისმშობელი. `მოვდივარ, დედოფალო, _ თქვა გოგონამ და მიიცვალა.

წმიდა გიორგი მიტილენელი 820_829 წლებში, ხატმბრძოლობის ერესის მძვინვარების დროს განაგებდა მეტილენის საეპისკოპოსო კათედრას. წმიდანი მტკიცედ იცავდა ხატთაყვანისცემის წმიდა წესს და დაუღალავად იღვწოდა სამწყსოს სიწმინდისათვის. წმიდანი 842 წელს გარდაიცვალა მიტილენეში.

მოწამენი: აბდა, აბდიისუს ეპისკოპოსი და მათთან ერთად თექვსმეტი მღვდელი, ცხრა დიაკონი, ექვსი მონაზონი და შვიდი ქალწული სპარსელები იყვნენ. ისინი ქრისტეს აღსარებისათვის ეწამნენ 418 წელს, მეფე იეზდიგერდის ზეობისას.

მოწამე პეტრე, მართლმადიდებლობის მხნე აღმსარებელი, 761 წელს, იმპერატორ კონსტანტინე კოპრომინის დროს აწამეს ხატმბრძოლებმა. მას ხარის ძარღვების ცემით ამოხადეს სული.

წმიდა ნიკოლოზ მისტიკოსი კონსტანტინოპოლელი პატრიარქი იყო, ზედწოდება მისტიკოსი (საიდუმლო საბჭოს უმაღლესი მოხელე) მას სამეფო კარზე ამ საბჭოში მსახურებისათვის ეწოდა. საპატრიარქო ტახტზე იგი 895 წელს აღასაყდრა. 905 წელს მეოთხედ უკანონოდ დაქორწინებული იმპერატორის, ლეონ I_ის ეკლესიიდან განკვეთისთვის წმიდა ნიკოლოზს ხარისხი აჰყარეს და გადაასახლეს.911 წელს, უსჯულო თვითმპყრობელის მიცვალების შემდეგ, იგი კვლავ დაუბრუნდა კათედრას და აღსრულებამდე მშვიდობით განაგებდა ეკლესიას.


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო